რეზიუმე: „ფეისბუკ“ გვერდ „ანტილიბერალური კლუბის“ გამოქვეყნებული ვიდეო წარწერით - „უფლებრივი თანასწორობა ლიბერალურად: მუსლიმს, რომელიც აგრესიული ტონით ქადაგებს ისლამს, პოლიცია ხელს არ ჰკიდებს, სამაგიეროდ აპატიმრებენ ქრისტიანს, რომელიც მშვიდად ქადაგებს ქრისტიანობას“ - რეალობას სრულყოფილად არ ასახავს და ფაქტებით მანიპულირებას წარმოადგენს. პირველი ვიდეოში აღბეჭდილი მამაკაცი, რომელიც ბრიტანეთში, ქ. ბირმინგჰემის ცენტრში ისლამს ქადაგებდა, აგრესიული შეძახილებისა და სამოქალაქო წესრიგის დარღვევისათვის პოლიციამ დააკავა, რის შემდეგაც ქ. ბირმინგჰემის სასამართლოს წინაშე წარსდგა და ჯარიმის გადახდა დაეკისრა. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოში აღბეჭდილ მეორე კადრს, ამ შემთხვევაში, მოქალაქე ბიბლიით ხელში ქრისტიანობას ქადაგებდა, როდესაც პოლიციაში მის წინააღმდეგ საჩივარი შევიდა. იმისათვის, რომ სამოქალაქო წესრიგის დარღვევა თავიდან აეცილებინათ, პოლიციის ოფიცრებმა მოქალაქე ადგილს გაარიდეს და 3 კილომეტრის მოშორებით, ავტობუსის გაჩერებასთან მიიყვანეს. პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, აღნიშნული პიროვნება ოფიციალურად არ დაუკავებიათ და არც რაიმე სახის ჯარიმის გადახდა დაკისრებია.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ მუსლიმი მქადაგებლის შემთხვევაში პოლიციელი გაცილებით უფრო ლოიალურად იქცეოდა, ვიდრე ეს ქრისტიანი მქადაგებლის შემთხვევაში მოხდა (მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ოფიციალურად არ დაუკავებიათ, მისი ადგილიდან გარიდების დროს ხელბორკილი მაინც გამოიყენეს). თუმცა, ეს ერთგვარი უხეშობა მხოლოდ ინდივიდუალური პოლიციელის ქმედებაა და სულაც არ მიუთითებს მსგავს სახელმწიფო პოლიტიკაზე. მეტიც, ამის გამო, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებაც კი დაიწყო.

ანალიზი

„ფეისბუკ“ გვერდმა „ანტილიბერალური კლუბი“ გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით: „უფლებრივი თანასწორობა ლიბერალურად: მუსლიმს, რომელიც აგრესიული ტონით ქადაგებს ისლამს, პოლიცია ხელს არ ჰკიდებს, სამაგიეროდ აპატიმრებენ ქრისტიანს, რომელიც მშვიდად ქადაგებს ქრისტიანობას“. „ანტილიბერალური კლუბის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია კადრებთან დაკავშირებით სიმართლეს ბოლომდე არ ასახავს და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

სინამდვილეში, პირველი შემთხვევა ქალაქ ბირმინგჰემის ცენტრში მოხდა. ვიდეოში აღბეჭდილია მამაკაცი, რომელიც ქუჩაში ისლამს ქადაგებდა და გამვლელების მიმართ აგრესიული შეძახილებით გამოირჩეოდა. ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქეებმა პოლიცია გამოიძახეს. თავდაპირველად პოლიციის ოფიცერი მამაკაცთან გასაუბრებას და წესრიგის აღდგენას ცდილობდა. შეკრებილ მოქალაქეებს კი განუცხადა, რომ ქადაგების უფლება ყველას აქვს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პიროვნება გამვლელებს შეურაცხყოფას მიაყენებდა, მის წინააღმდეგ ზომებს მიიღებდნენ. სწორედ ამის შემდეგ განაცხადა ერთ-ერთმა ქალბატონმა მომხდარი ვერბალური დაპირისპირების შესახებ, რის შედეგადაც, მამაკაცი პოლიციამ დააკავა. ის ქ. ბირმინგჰემის სასამართლოს წინაშე წარსდგა და არასათანადო ყოფაქცევისათვის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

რაც შეეხება მეორე ვიდეოს, ამ შემთხვევაში მოქალაქე ქ. ლონდონში ერთ-ერთ მეტროსადგურთან ბიბლიით ხელში ქადაგებდა, რა დროსაც პოლიციაში მის წინააღმდეგ საჩივარი შევიდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, პოტენციური სიძულვილით მოტივირებული ქმედების შესახებ შეტყობინება შესვლისას, ისინი ვალდებულები არიან, რომ ადგილზე გამოცხადდნენ და საქმე გამოიძიონ. სწორედ ეს არის პოლიციის მოვალეობა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა კონკრეტული პიროვნება საბოლოოდ მართალი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში, ქრისტიანობის მქადაგებლის დისლოკაციის ადგილიდან გარიდება იმ მიზეზით მოხდა, რომ სამოქალაქო წესრიგის დარღვევა თავიდან აერიდებინათ (ვინაიდან პოლიციაში საჩივარი უკვე შესული იყო, არსებობდა რისკი იმისა, რომ რომელიმე მოქალაქე მქადაგებელთან (მის გზავნილებთან და ქადაგების მანერასთან დაკავშირებით) პრეტენზიებით მივიდოდა, რასაც მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოჰყვებოდა). პოლიციის ოფიცრებმა ის დაახლოებით 3 კილომეტრის მოშორებით, ავტობუსის გაჩერებასთან დატოვეს. პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, აღნიშნული პიროვნება არ დაუკავებიათ და შესაბამისად, მისთვის არც ჯარიმის გადახდა დაუკისრებიათ. იმასთან დაკავშირებით, დაფიქსირდა თუ არა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება ამ პიროვნების ადგილიდან გარიდების დროს, გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი