რეზიუმე: 2012-2016 წლებში მე-8 მოწვევის პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 14 მოთხოვნა განიხილა. მათგან 13 მოთხოვნა პარლამენტმა არ დააკმაყოფილა. ერთადერთი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა, რომელიც მე-8 მოწვევის პარლამენტმა დააკმაყოფილა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო. მისი წარმდგენი იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. რაც შეეხება მე-9 მოწვევის პარლამენტს, 2016-2019 წლებში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა პარლამენტში 10-ჯერ შევიდა. აღნიშნული 10 მოთხოვნიდან, დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი, კერძოდ, „ევროპული საქართველოს“ მიერ - 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა.

რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების უმცირესობების ფრაქციის სხდომებზე დასწრების საკითხს, 2013-2019 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს მთავრობის წევრების პარლამენტში დაბარების 39 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 34 შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენლებმა პარლამენტში მისვლაზე უარი განაცხადეს. ერთ შემთხვევაში მოწვევა თავად ფრაქციამ გააუქმა, ხოლო ორ შემთხვევაში მიწვეული მინისტრი დეპუტატებთან შეხვედრას დათანხმდა. ერთ შემთხვევაში კი, მოწვეული სამი მინისტრიდან (კახი კალაძე, დავით სერგეენკო, შალვა ფიფია) პარლამენტში მხოლოდ ერთი მათგანი – შალვა ფიფია გამოცხადდა. ერთ შემთხვევაში ფრაქცია მოლოდინის რეჟიმშია (პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეა დაბარებული ინტერპელაციის წესით, „ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების მკვეთრ ზრდასთან“ დაკავშირებით).

2016-2019 წლებში „ევროპული საქართველოს“ მიერ, ჯამში, 26-ჯერ იქნა დაბარებული აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი პარლამენტში, აქედან 24 შემთხვევაში მინისტრებმა ან უარი განაცხადეს პარლამენტში მისვლაზე, ან საერთოდ არ გასცეს პასუხი ფრაქციას და შესაბამისად, არ მისულან სხდომაზე. ერთ შემთხვევაში, 2018 წლის თებერვალში, იმ დროისათვის ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის მაგივრად, სხდომაზე მისი მოადგილე მივიდა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში, უკვე ახალი რეგლამენტის ფარგლებში, განათლების კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის შეკითხვებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა უპასუხა.

ანალიზი

პარლამენტის სხდომაზე, პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რომან გოცირიძემ, განაცხადა: „პარლამენტში არასდროს იყო გათვალისწინებული ის აუცილებელი მოთხოვნები, რასაც ითვალისწინებდა კანონი ანუ რეგლამენტი. 20-ზე მეტი შემთხვევა იყო, როდესაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა ოპოზიციამ და ერთადერთხელ დაკმაყოფილდა, ისიც გარემოებათა გამო და ვიცით რა გარემოებები უძღოდა მას წინ. ამ 6 წლის განმავლობაში, არასდროს არ ყოფილა შემთხვევა, რომ ოპოზიციის მიერ ფრაქციაში დაბარებული მინისტრი გამოცხადებულიყო“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

1992 წლის შემდეგ, პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნის პრაქტიკაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. წინა კვლევის მიხედვით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიები, განსაკუთრებით ოპოზიციის მოთხოვნით, ძალიან იშვიათად იქმნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა ყოველთვის განსაკუთრებით ბუნდოვან და რეზონანსულ საქმეებს შეეხებოდა, არც ერთი ხელისუფლება თითქმის არასდროს ყოფილა მზად, მიეღო ოპოზიციის მოთხოვნა და ამ საქმეების ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხი გაეცა (დამატებით იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

2012-2016 წლებში მე-8 მოწვევის პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 14 მოთხოვნა განიხილა. მათგან 13 მოთხოვნა პარლამენტმა არ დააკმაყოფილა.ესენია:

  • „ჯიჰადის“ სახელით გავრცელებული ვიდეომასალის წარმომავლობისა და დამამზადებლის გამოვლენის ფაქტების შესწავლა;
  • თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საჯარო განცხადება, სასამართლოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის საჯარო განცხადება 2013 წლის 14 დეკემბერს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით;
  • საქართველოს პარლამენტის წევრზე, ნუგზარ წიკლაურზე, 2014 წლის 31 მარტს მომხდარი თავდასხმის ფაქტის შესწავლა;
  • ბარბარე რაფალიანცის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი;
  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამის თანამდებობის პირთა მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების (მათ შორის, საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნისა და კომპანია RMG-ის მიერ საბადოს ტერიტორიაზე სამუშაოების ჩატარების საკითხის) შესწავლა (სამჯერ);
  • იური ვაზაგაშვილის, ბარბარე რაფალიანცის, შალვა თათუხაშვილის, ეროსი კინწმარიშვილისა და არჩილ მაისურაძის გახმაურებული მკვლელობების ფაქტების შესწავლა;
  • შალვა თათუხაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი;
  • პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული კადრები, სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საზოგადოების სხვა წევრების ტოტალური მოსმენების ფაქტების შესწავლა;
  • ქვეყანაში არსებული სისტემური კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია;
  • ბარბარე რაფალიანცის, ეროსი კინწმარიშვილისა და შალვა თავთუხაშვილის მკვლელობების ფაქტების შესწავლა.

ერთადერთი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა, რომელიც მე-8 მოწვევის პარლამენტმა დააკმაყოფილა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო. მისი წარმდგენი იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი.

სხვა შემთხვევებში, წინა მოწვევის პარლამენტში, საგამოძიებო კომისიების შექმნის ინიციატორები იყვნენ შემდეგი ფრაქციები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები“; „ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები“ და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“.

რაც შეეხება მე-9 მოწვევის პარლამენტს, 2016-2019 წლებში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა პარლამენტში 10-ჯერ შევიდა.ესენია:

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის და მათი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების დანაშაულებრივი ხელშეწყობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია;
  • „გაზპრომ-ექსპორტთან“ დადებული ხელშეკრულების შემსწავლელი კომისია;
  • აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე აფგან მუხთარლიზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია;
  • 2017 წლის 12 მაისს საქართველოს მთავარ აუდიტორზე თავდასხმისა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია;
  • საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის;
  • 2017 წლის 21-22 ნოემბრის თბილისში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის გარემოებების შესწავლა;
  • RMG-ის მიერ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტის შემსწავლელი;
  • საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია;
  • 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია;
  • 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

აღნიშნული 10 მოთხოვნიდან, დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი, კერძოდ, „ევროპული საქართველოს“ მიერ - 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა.

რაც შეეხება რომან გოცირიძის მიერ განცხადებაში ნახსენებ კომისიის შექმნის გარემოებებს, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირება ორი არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის, მკვლელობით დასრულდა. 2 და 4 დეკემბერს დაკავებულ იქნა მკვლელობაში ბრალდებული ორი ახალგაზრდა გ.ბ. და გ.ჯ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, სასამართლომ ბრალდებული გ.ბ. დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. სასამართლოს განაჩენის შედეგად, დაუდგენელი დარჩა (დღემდე დაუდგენელია) ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები.

დავით სარალიძის მკვლელობის გამოუძიებლობა, საქმის ირგვლივ წარმართული საგამოძიებო მოქმედებების ბუნდოვანება და მასში პროკურატურის მაღალჩინოსნების შესაძლო ტენდენციური ჩარევა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საგამოძიებო უწყებების მიმართ სერიოზული უნდობლობის მიზეზი გახდა, რასაც შედეგად, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, 2018 წლის 6 ივნისს შექმნა „2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“. კომისია დაკომპლექტდა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე საპარლამენტო უმცირესობისა და უფრაქციო წარმომადგენლებისგან. აღნიშნულ კომისიას სრული ნდობა გამოუცხადა, როგორც ხელისუფლებამ, ისე საზოგადოებამ და დაზარალებულებმა, რისი აშკარა დადასტურება იყო ისიც, რომ კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე, შეწყდა აქციები და საზოგადოება კომისიის შესაბამის დასკვნას დაელოდა. 2018 წლის 5 სექტემბერს კომისიამ დასკვნა და რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

რაც შეეხება პარლამენტში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების უმცირესობების ფრაქციის სხდომებზე დასწრების საკითხს, 2018 წლის 6 დეკემბერს, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პარლამენტის ძველი რეგლამენტი და ახალი რეგლამენტი შევიდა ძალაში. ძველი რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფრაქციას უფლება ჰქონდა, შეკითხვით მიემართა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსათვის, საქართველოს მთავრობისათვის, საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრებისათვის და ისინი ვალდებული იყვნენ ეპასუხათ შეკითხვისათვის. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის წევრი ვალდებული იყო დასწრებოდა ფრაქციის სხდომებს და პასუხი გაეცა დასმული შეკითხვებისთვის. ძველ რეგლამენტში ვკითხულობთ: „საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს ფრაქციის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს ფრაქციამ“.

საქართველოს პარლამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013-2016 წლებში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს მთავრობის წევრების პარლამენტში დაბარების 30 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 26 შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენლებმა პარლამენტში მისვლაზე უარი განაცხადეს. ერთ შემთხვევაში მოწვევა (იმ დროისათვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის, მოწვევა) თავად ფრაქციამ გააუქმა, ხოლო ორ შემთხვევაში მიწვეული მინისტრი დეპუტატებთან შეხვედრას დათანხმდა. საპარლამენტო ოპოზიციასა და მინისტრებს შორის (საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე, ენერგეტიკის მინისტრი – კახა კალაძე) შეხვედრები 2013 წლის თებერვალ-მარტში შედგა. ერთ შემთხვევაში კი, მოწვეული სამი მინისტრიდან (კახი კალაძე, დავით სერგეენკო, შალვა ფიფია) პარლამენტში მხოლოდ ერთი მათგანი – შალვა ფიფია გამოცხადდა. 2017-2019 წლებში ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში ჯამში 9-ჯერ დაიბარააღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, აქედან 8 შემთხვევაში მინისტრები არ გამოცხადებულან, ხოლო ერთ შემთხვევაში ფრაქცია მოლოდინის რეჟიმშია (პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეა დაბარებული ინტერპელაციის[1] წესით, „ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების მკვეთრ ზრდასთან“ დაკავშირებით).

პარლამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016-2019 წლებში, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მიერ, ჯამში, 26-ჯერ იქნა დაბარებული აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი პარლამენტში, აქედან 24 შემთხვევაში მინისტრებმა ან უარი განაცხადეს პარლამენტში მისვლაზე, ან საერთოდ არ გასცეს პასუხი ფრაქციას და შესაბამისად, არ მისულან ფრაქციის სხდომაზე. ერთ შემთხვევაში, 2018 წლის თებერვალში, იმ დროისათვის ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის მაგივრად, სხდომაზე მისი მოადგილე მივიდა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში, უკვე ახალი რეგლამენტის ფარგლებში, განათლების კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის შეკითხვებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა უპასუხა.



[1] მთავრობისადმი ან ცალკეული მინისტრისადმი განკუთვნილი პარლამენტის დეპუტატის შეკითხვის სპეციალური სახეობა, რომელზეც პასუხი შესაძლებელია განხილულ იქნეს პარლამენტში

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი