რეზიუმე: 2018 წლის ზაფხულში გაუქმდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. შესაბამისად, დევნილთა მხარდაჭერისთვის თანხები ორი სამინისტროს ბიუჯეტში (ინფრასტრუქტურის და ჯანმრთელობის დაცვის) გადანაწილდა, რამაც ჯამში მართლაც 107.8 მილიონი ლარი შეადგინა.

თუმცა, დაფინანსების ეს რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, გაორმაგებული ნამდვილად არ არის, პირიქით, 2018 წელს დევნილების მხარდაჭერისთვის გამოყოფილი თანხა მიმდინარე წელთან შედარებით, 19.8 მილიონი ლარით მეტი იყო (127.6 მილიონი ლარი). ასევე, დევნილთა ხელშეწყობისთვის 2019 წელზე მეტი დაფინანსება იყო გამოყოფილი 2013 წელსაც (124.4 მილიონი ლარი).

ანალიზი

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, პარლამენტის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილები) დაფინანსებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ „დევნილთა მხარდაჭერისთვის გათვალისწინებულია 50 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებში იგეგმება მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროში არის კიდევ ერთი მაგდენი გათვალისწინებული. ჯამში, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 108 მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი“. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ მიმდინარე წელს იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის დაფინანსება თითქმის ორმაგდება და უპრეცედენტოა.

2018 წლის ზაფხულში, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი მცირე მთავრობის კონცეფციის საფუძველზე, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდა. მათ შორის, გაუქმდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. სამინისტროს ფუნქციები სამ უწყებაზე გადანაწილდა: დევნილთა განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდა, მიგრაცია - შსს-ს, ხოლო სოციალური პოლიტიკა - შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს.

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერისთვის სახსრები რეგიონული ინფრასტრუქტურისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროების ბიუჯეტებშია გაწერილი.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამ მიზნით 50 მილიონი ლარია (კოდი 25.06-იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა) გათვალისწინებული, რაც იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ხანგრძლივი საცხოვრებელი პირობების შექმნას ითვალისწინებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში (კოდი 27.06) იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობისთვის 57.85 მლნ ლარია გამოყოფილი. აღნიშნული პროგრამა იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ღონისძიებების განხორციელებას, მათთვის სოციალური და საცხოვრებელი პირობების შექმნას, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების შესწავლას და რეაბილიტაციას, ქართველი მენაშენეებისგან ბინების შესყიდვას და ა.შ. გულისხმობს.

შესაბამისად, 2019 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში, ჯამში, 107 850 000 ლარია გათვალისწინებული.

2010-2016 წლებში დევნილთა ხელშეწყობისთვის თანხები ორი სამინისტროს ბიუჯეტში (დევნილთა და ინფრასტრუქტურის) იყო გათვალისწინებული. 2017-2018 წლებში მხოლოდ დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტში, ასევე 2004-2009 წლებში დევნილთა ხელშეწყობის დაფინანსება მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს ბიუჯეტიდან ხდებოდა (რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2009 წლის 1-ელ თებერვალს შეიქმნა).

ცხრილი 1: 2004-2019 წლებში ბიუჯეტში დევნილთა ხელშეწყობისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა (მილიონ ლარებში)

წელი

დევნილთა ხელშეწყობის დაფინანსება

სახელმწიფო ბიუჯეტში წილი

2004

23

1.19%

2005

22

1.13%

2006

18.4

0.60%

2007

23.2

0.62%

2008

86.5

1.58%

2009

23.1

0.42%

2010

59.9

1.12%

2011

94.9

1.24%

2012

71.5

0.88%

2013

124.4

1.48%

2014

91.2

1.00%

2015

89.9

0.92%

2016

96.5

0.94%

2017

99.7

0.85%

2018

127.6

1.02%

2019

107.8

0.82%

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2018 წელს დევნილთა ხელშეწყობისთვის ბიუჯეტში 127.6 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, მიმდინარე წელთან შედარებით, 19.8 მილიონი ლარით მეტი. ასევე, მთლიან ბიუჯეტთან მიმართებითაც, 2018 წლის დაფინანსების წილი 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია, 2019 წელთან შედარებით.

რა შეეხება წინა წლებს, დევნილთა ხელშეწყობისთვის, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, მიმდინარე წელზე მეტი დაფინანსება 2013 და 2018 წლებში იყო. ხოლო, მთლიან ბიუჯეტთან მიმართებით, წილის მიხედვით, 2019 წელზე მეტი დაფინანსება 2013 წლიდან ყოველ წელს იყო. აქედან გამომდინარე, მიმდინარე დაფინანსება უპრეცედენტო ნამდვილად არ არის.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი