რეზიუმე: 2018 წლის განმავლობაში საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, სარკინიგზო, სამოქალაქო ავიაცია) მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 41.1 მლნ ტონა შეადგინა, რაც 0.4 მლნ ტონით ჩამოუვარდება გასული წლის ანალოგიურ მონაცემს. 2014 წელთან მიმართებაში კლება 5.3 მლნ ტონას შეადგენს. ტენდენცია კლებადია 2014-2018 წლების მთელ პერიოდზე. აღსანიშნავია, რომ ჯამური მოცულობა საკუთარ თავში მოიცავს როგორც საავტომობილო და საავიაციო, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდულ ტვირთებს. მთლიანი ტვირთბრუნვის შემცირების განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ რკინიგზის ტვირთბრუნვის შემცირება გახდა. სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 2014-2018 წლებში 1.67-ჯერ, 16.7 მლნ ტონიდან 10 მლნ ტონამდე შემცირდა. უშუალოდ საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობა კი მთელ პერიოდზე იზრდება, თუმცა უმნიშვნელოდ.

აღსანიშნავია, რომ გადაზიდული ტვირთის მოცულობასთან ერთად მნიშვნელოვანია რა მანძილზე ხდება მისი ტრანსპორტირება. შესაბამისად, მეტად ინფორმაციული მაჩვენებელია ტვირთბრუნვა გაზომილი ტონა-კმ-ში და არა გადაზიდული ტვირთის მხოლოდ ტონაჟი. მოცემულ შემთხვევაშიც, მთლიანი ტვირთბრუნვა კლებადია, ტენდენციის განმაპირობებელი კი სარკინიგზო გადაზიდვების მაჩვენებლების არსებითი გაუარესებაა. თავის მხრივ, გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება საავტომობილო და საავიაციო ტრანსპორტის მონაცემები.

შესაბამისად, დეპუტატის მიერ მოყვანილი რიცხვები ოფიციალურ სტატისტიკას შეესაბამება, თუმცა აღნიშნული მხოლოდ საავტომობილო დარგის მაჩვენებელი არ არის და რკინიგზის მონაცემებსაც შეიცავს. უშუალოდ საავტომობილო გადაზიდვები არ შემცირებულა და მზარდია. რკინიგზის ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით კი რომან გოცირიძის პათოსი სწორია, თუმცა შემცირების დასახელებული მასშტაბი გარკვეულწილად გადაჭარბებულია.

ანალიზი

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კონტექსტში, საქართველოს პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რომან გოცირიძემ, განაცხადა: „2014 წელს გადაზიდული იყო 46.4 მლნ ტონა ტვირთი, დღეს გადაზიდულია 41.1 მლნ ტონა. საავტომობილოს ეხება ეს, 5.3 მლნ ტონა ტვირთი დავკარგეთ. აქ საუბარი არ არის რკინიგზაზე, სადაც ტვირთბრუნვა განახევრდა და კატასტროფული მდგომარეობაა“.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობის შესახებ მონაცემებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქვეყნებს. 2018 წლის განმავლობაში სატრანსპორტო დარგების მიერ ჯამში გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 41.1 მლნ ტონა შეადგინა რაც 0.4 მლნ ტონით ჩამოუვარდება გასული წლის ანალოგიურ მონაცემს. 2014 წელთან მიმართებაში კლება 5.3 მლნ ტონას შეადგენს. ტენდენცია კლებადია 2014-2018 წლების მთელ პერიოდზე. აღნიშნული მოცულობა საკუთარ თავში მოიცავს როგორც საავტომობილო და საავიაციო ასევე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდულ ტვირთებს. შესაბამის მონაცემებს გრაფიკი 1 ასახავს.

გრაფიკი 1: სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთის მოცულობა

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2014-2018 წლების მონაკვეთზე უმნიშვნელოდ, თუმცა ზრდადია საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობა. კერძოდ, 2018 წელს გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 31.1 მლნ ტონა შეადგინა, რაც 1.3 მლნ ტონით აღემატება 2014 წლის მონაცემს. 2014 წელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა ბოლო ორი წელია კლების ტენდენციით ხასიათდება სამოქალაქო ავიაციის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა. შედეგად, მთლიანი ტვირთბრუნვის შემცირების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი რკინიგზის შემცირებული ტვირთბრუნვაა, რომელიც 2014-2018 წლებში 16.7 მლნ ტონიდან 10 მლნ ტონამდე, 1.67-ჯერ, არის შემცირებული. საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვის ცვლილების ტენდენციაზე იხ. ფაქტ-მეტრის კვლევები (ბმული1; ბმული2; ბმული3).

აღსანიშნავია, რომ უშუალოდ გადაზიდული ტვირთის მოცულობასთან ერთად მნიშვნელოვანია რა მანძილზე ხდება მისი ტრანსპორტირება. გადაზიდული ტვირთის მოცულობის ზრდის მიზანი გაზრდილი შემოსავლების მიღებაა, შესაბამისად, რაც უფრო დიდ მანძილზე გადაიზიდება ტვირთი მით მეტია შემოსავალი. ანუ, მეტად ინფორმატიული მაჩვენებელია ტვირთბრუნვა გაზომილი ტონა-კმ-ში და არა გადაზიდული ტვირთის მხოლოდ ტონაჟი.

გრაფიკი 2: ტვირთბრუნვის ცვლილების ტენდენცია, მლნ ტონა - კმ

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც გრაფიკიდან ჩანს, მოცემულ შემთხვევაში, მთლიანი ტვირთბრუნვის ტენდენციის განმაპირობებელი სარკინიგზო გადაზიდვებია და ჯამური მაჩვენებლის კლების მიზეზიც რკინიგზის მაჩვენებლების გაუარესებაა. თავის მხრივ, გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება საავტომობილო და საავიაციო ტრანსპორტის მონაცემები.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე საუბრისას, გარდა ტვირთბრუნვის მაჩვენებლებისა საინტერესოა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის დარგის განვითარების ზოგადი ტენდენცია. ამ მიზნით, მსოფლიო ბანკის ლოჯისტიკის ეფექტიანობის ინდექსი (Logistics Performance Index - LPI) გამოიყენება, რომელიც 2 წლიანი შუალედით გამოითვლება. ინდექსი მოიცავს 6 კრიტერიუმს (Customs - საბაჟო და სასაზღვრო გაფორმების ეფექტიანობა; Infrastructure - სავაჭრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი; International Shipments - კონკურენტუნარიან ფასებში საერთაშორისო გადაზიდვების წარმოების სიმარტივე; Logistics Competence and Quality - ლოჯისტიკური მომსახურების კომპეტენტურობა და ხარისხი; Tracking & Tracing - გზავნილებზე თვალყურის დევნებისა და კვალდაკვალ მიყოლის შესაძლებლობა; Timeliness - მიწოდების დაგეგმილ ან მოსალოდნელ ვადებში მიმღებამდე გზავნილების მიტანის სიხშირე). თითოეულ შემთხვევაში შეფასება 5 ბალიანი სისტემით (1 - ძალიან რთული; 5 - ძალიან მარტივი) ხდება, სადაც უფრო მაღალი შეფასება უკეთეს შედეგს ნიშნავს. საქართველოს მონაცემებს 2010-2018 წლებისათვის ცხრილი 1 ასახავს.

ცხრილი 1: ლოჯისტიკის ეფექტიანობის ინდექსი (LPI)

წელი

LPI რეიტინგი

LPI ქულა

საბაჟო პროცედურა

ინფრასტრუქტურა

საერთაშორისო გადაზიდვები

ლოგისტიკური კომპეტენცია

თრექინგი

დროში მიწოდება

2018

119

2.44

2.42

2.38

2.38

2.26

2.26

2.95

2016

130

2.35

2.26

2.17

2.35

2.08

2.44

2.8

2014

116

2.51

2.21

2.42

2.32

2.44

2.59

3.09

2012

77

2.77

2.9

2.85

2.68

2.78

2.59

2.86

2010

93

2.61

2.37

2.17

2.73

2.57

2.67

3.08

წყარო: მსოფლიო ბანკი

როგორც ცხრილიდან ჩანს, რეიტინგითა (77) და აბსოლუტური ქულით (2.77) საქართველოს საუკეთესო პოზიცია 2012 წელს ეკავა. 2014-2016 წლებში უარესდებოდა როგორც აბსოლუტური ქულა, ასევე ადგილი რეიტინგში. 2018 წელს ტენდენცია შეიცვალა, ქვეყანამ 2016 წელთან შედარებით პოზიცია 11 ადგილით, აბსოლუტური ქულა კი 0.09 პუნქტით გაიუმჯობესა. დღეის მდგომარეობით, საქართველო 2.44 ქულით 119-ე ადგილზე იმყოფება.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი