2018 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა 54%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული მაჩვენებელი (58 412 ერთეული), „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთგვარ „რეკორდს“ წარმოადგენს. ამ დრომდე, რეგისტრირებულ დანაშაულთა მაქსიმალური რაოდენობით 2013 წელი გამოირჩეოდა (43 028 ერთეული). აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, თავის დროზე მეთოდოლოგიის ცვლილებას დაბრალდა.

რამდენად საგანგაშოა რეგისტრირებულ დანაშაულთა ასეთი უპრეცედენტო ზრდა? გვაძლევს თუ არა სტატისტიკური მონაცემები საფუძველს ვიფიქროთ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა?

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე აღნიშნულ კითხვებზე სრულყოფილი პასუხის გაცემა შეუძლებელია, რაც შემდეგი ფაქტორებით არის განპირობებული:

1. ბოლო პერიოდში ეჭვქვეშ დადგა 2018 წლამდე არსებული სტატისტიკური მონაცემების სიზუსტე, რამაც შესაძლოა 2018 წლის მონაცემების წინა წლებთან შედარება და კრიმინოგენური მდგომარეობის გაუმჯობესება/გაუარესების შეფასება შეუძლებელი გახადოს.

2. დანაშაულის შესახებ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიცხვობრივი მონაცემები მოიპოვება, რაც კრიმინოგენური მდგომარეობის შესაფასებლად საკმარისი არ არის.

რა იწვევს გასულ წლებში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიმართ უნდობლობას

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან, კრიმინალის სტატისტიკის წარმოება და მისი გამოქვეყნებასთან დაკავშირებული პრობლემები ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად იქცა. წლების განმავლობაში რეგისტრირებულ დანაშაულთა შესახებ მონაცემების საზოგადოებისთვის გაცნობა ფაქტობრივად ამა თუ იმ მინისტრის კეთილ ნებასა და განწყობაზე იყო დამოკიდებული. სამწუხაროდ, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების გაუთავებელ კრიტიკაზე განაწყენებული შინაგან საქმეთა მინისტრიც კი გვახსოვს, რომელმაც დანაშაულის ყოველთვიური სტატისტიკის გამოქვეყნებაზე უარი საჯაროდ განაცხადა და აღნიშნული „პირობა“ მართლაც პირნათლად შეასრულა. კერძოდ, 2016 წლის იანვრის შემდეგ, გიორგი მღებრიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გაუსაჯაროებია. სტატისტიკის გამოქვეყნება მხოლოდ 2 წლის შემდეგ, გიორგი გახარიას ინიციატივით განახლდა.

დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლები დანაშაულთა რაოდენობის შემცირებითა და გახსნის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლით მუდამ თავს იწონებდნენ. ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მოსაზრებით კი, გახსნის ასეთი მაღალი მაჩვენებელი სტატისტიკის გაყალბების ერთ-ერთ თვალსაჩინო სიმპტომს წარმოადგენდა. მათ ეჭვებს სტატისტიკის არასტაბილურად, ზოგ შემთხვევაში კი ერთმანეთთან შეუსაბამო მონაცემების გამოქვეყნებაც ამძაფრებდა.

საყურადღებოა, რომ რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკა ერთი მხრივ დანაშაულის გამოვლენასა და მოსახლეობის მიმართვიანობაზე, ხოლო მეორე მხრივ, შესაბამისი ორგანოების მიერ მის სათანადო რეგისტრაციაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, რეგისტრირებულ დანაშაულთა დაბალი მაჩვენებელი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ საზოგადოების უნდობლობით, რაც თავის მხრივ ამცირებს მიმართვიანობას და დანაშაულთა დიდ რაოდენობას რეგისტრაციის მიღმა ტოვებს, ასევე, პოლიციის მიერ დანაშაულის დაურეგისტრირებლობით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში იჩენს თავს, სადაც პოლიციის ეფექტიანობის მთავარ საზომად რეგისტრირებულ დანაშაულთა შესახებ „მშრალი რიცხვები” და დანაშაულთა გახსნის მაღალი მაჩვენებელი არის მიჩნეული. ასეთ დროს პოლიციელი მაქსიმალურად ცდილობს თავიდან აირიდოს ისეთი დანაშაულის რეგისტრაცია, რომლის გახსნის ალბათობაც საკმაოდ დაბალია. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რადიკალურად შემცირდა რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა, ცალსახად შემთხვევათა რაოდენობის კლებას შეიძლება არც ნიშნავდეს. მით უფრო, როდესაც იმავე პერიოდში გახსნის მაჩვენებელი მართლაც საეჭვოდ მაღალი იყო.

ოპოზიციის ეჭვები, გარკვეულწილად, სამინისტროს სათავეში გიორგი გახარიას მოსვლის შემდეგ როგორც მისმა განცხადებებმა, ასევე, 2018 წლის განმავლობაში დაფიქსირებულმა სტატისტიკურმა მაჩვენებლებმაც დაადასტურა. კერძოდ, მოკლევადიან პერიოდში უპრეცედენტოდ გაიზარდა რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა, ხოლო ამის პარალელურად საგრძნობლად შემცირდა გახსნის მაჩვენებელი.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებს, მართალია გახარიას პირდაპირ არასდროს უთქვამს, რომ მისი წინამორბედების დროს არასრული/გაყალბებული სტატისტიკა ქვეყნდებოდა, თუმცა მისი განცხადებები ირიბად სწორედ ამაზე მიგვანიშნებს.

გახარიას განმარტებით, 2018 წლიდან სამინისტრომ უარი განაცხადა სტატისტიკის შელამაზებაზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე და მაქსიმალურად რეალური სურათის წარმოსაჩენად სხვადასხვა რეფორმები გაატარა. მათ შორის რიგი რეფორმები უშუალოდ სამართალდამცავი ორგანოების ნდობის ხარისხისა და მოქალაქეთა მიმართვიანობის გაზრდისკენ იყო მიმართული, რამაც თავისთავად რეგისტრირებულ დანაშაულთა მატება გამოიწვია. ასევე, მინისტრის განცხადებით, უმკაცრესი კონტროლი დაწესდა სამართალდამცავი პირების მიერ თითოეული შემთხვევის სათანადოდ აღწერასა და რეაგირებაზე, რამაც შესაძლოა გამორიცხოს მხოლოდ მარტივად გახსნადი დანაშაულების რეგისტრაცია.

ამჟამად გვაქვს მოცემულობა, როცა არ ვიცით თუ რეალურად სად არის პრობლემა. კერძოდ, დანაშაულის რაოდენობის მკვეთრი ზრდა მხოლოდ რეგისტრაციის გაუმჯობესებული პრაქტიკისა და გაზრდილი მიმართვიანობის ბრალია, თუ 2018 წლიდან მართლაც გაუარესდა კრიმინოგენური მდგომარეობა? ან იქნებ გარკვეული დოზით ორივე ამ ფაქტორმა იქონია გავლენა?

სამწუხაროდ, აღნიშნული გაუგებრობის სათავე თავად ხელისუფლება არის, რომელიც, წლებია, კონკრეტულ მიზეზებზე ღიად საუბარს თავს არიდებს. მეტიც, ჩნდება განცდა, რომ საზოგადოების გაურკვევლობაში ყოფნა, ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობისგან გაქცევის ერთგვარ სტრატეგიას წარმოადგენს.

მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრინციპულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სტატისტიკის გასაჯაროების პრაქტიკის აღდგენითა და მის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების აღიარებით. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ზუსტად იყოს საზოგადოება ინფორმირებული თუ რა პრობლემები გააჩნდა მანამდე არსებულ სისტემას და ირიბი მინიშნებების ნაცვლად ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.

რატომ არ არის რეგისტრირებულ დანაშაულთა შესახებ სტატისტიკა საკმარისი კრიმინოგენური მდგომარეობის დასადგენად

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის იანვრიდან, კეთილი ნების საფუძველზე კვლავ აღადგინა რეგისტრირებულ დანაშაულთა ყოველთვიური სტატისტიკის გამოქვეყნების პრაქტიკა. თუმცა, აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ მშრალ რიცხვებს შეიცავს, რაც კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ დასკვნების გასაკეთებლად, საკმარისი არ არის.

ამ ეტაპისთვის კვლავ გაურკვეველია სისხლის სამართლის სტატისტიკის შესახებ ყოველთვიური ანგარიშის ბედი, რომლის გამოქვეყნების ვალდებულებაც სახელმწიფომ 2010 წელს, ხუთ უწყებასთან გაფორმებული მემორანდუმით აიღო. სამწუხაროდ, ამ სახის ანალიტიკურ დოკუმენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები 2012 წლის იანვრის შემდეგ აღარ გვხვდება.

ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიციის მიერ რეგისტრირებულ დანაშაულთა შესახებ სტატისტიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას მისი არასრულყოფილება წარმოადგენს. იმ დანაშაულის გარდა, რომლის შესახებაც სამართალდამცავ უწყებებში ინფორმაცია შედის, ხშირია გაუცხადებელი დანაშაულიც. ქვეყანაში დანაშაულის დონის სწორად შესაფასებლად კი მნიშვნელოვანია სწორედ ე.წ. „დაფარული დანაშაულის” კვლევა.

განვითარებულ ქვეყნებში პოლიციისა და მართლმსაჯულების სისტემის მიერ წარმოებული დანაშაულის სტატისტიკის შემავსებლად ვიქტიმოლოგიური კვლევის მონაცემები გამოიყენება. მონაცემების შეგროვება მოქალაქეთა გამოკითხვის გზით წარმოებს, რა დროსაც გასული წლის განმავლობაში გამოკითხულთა კრიმინოგენური გამოცდილების დეტალური შესწავლა და მიღებული ინფორმაციის განზოგადებით ქვეყანაში არსებული რეალური სურათის დადგენა ხდება.

ამ ტიპის კვლევების უპირატესობა ისაა, რომ საშუალებას იძლევა შეფასდეს დანაშაული რამდენიმე პარამეტრის მიხედვით; გაანალიზდეს დაზარალებულის პოლიციასთან თანამშრომლობის გამოცდილება, მართლმსაჯულების ინსტიტუტების მომსახურების ხარისხი და მოხდეს მათი ზოგადი პროფესიონალიზმის შეფასება; აგრეთვე, განხორციელდეს ვიქტიმიზაციის დონის ცვლილების მონიტორინგი და რისკ-ფაქტორების განსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის გაზაფხულზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეროვნული მასშტაბის პირველი ვიქტიმოლოგიური კვლევა ჩატარდა. კვლევა შეეხებოდა დაფარულ დანაშაულს, მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, საზოგადოების დამოკიდებულებას მართლმსაჯულების სისტემისადმი. სამწუხაროდ, 2012 წლიდან ამ სახის კვლევების წარმოება შეწყდა და ამ დრომდე არ განახლებულა.

ასევე, ამ დრომდე შეუსრულებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წლების წინ დაპირებული ვებ-პორტალის შექმნის პირობა, რომლის საშუალებითაც რეალურ დროში ქვეყნის, რეგიონებისა და რაიონების მიხედვით კრიმინოგენური სიტუაციის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება გახდებოდა შესაძლებელი. სამინისტროს მიერ მითითებული ვებგვერდი static.pol.ge ჯერაც არ ფუნქციონირებს.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ცალსახად მისასალმებელია სამინისტროს მიერ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნება და მისი დახვეწის მიზნით ჩატარებული რეფორმები, თუმცა, თუკი სამინისტროს რეალური მიზანი კრიმინოგენური მდგომარეობის მაქსიმალურად შესწავლა და კრიმინალთან საბრძოლველად ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვაა, მაშინ ის არა სტატისტიკაზე, არამედ უფრო მეტ ანალიზზე უნდა ორიენტირდეს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი