ყარსის ხელშეკრულება

მას შემდეგ, რაც 1921 წლის 25 თებერვალს მე-11 არმიამ თბილისი დაიკავა, დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრება და მთავრობა ბათუმში გადავიდა. პარალელურად, საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები რაც 1921 წლის 16 მარტს მეგობრობის ხელშეკრულების დადებით დასრულდა (ცნობილია მოსკოვის ხელშეკრულების სახელით). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაცია მოსკოვის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელიც 1921 წლის 17 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, 1921 წლის 16 მარტს, რუსეთმა, მოსკოვის ხელშეკრულებით, საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილი ოსმალეთის ტერიტორიად აღიარა. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლი აჭარის ფართო ავტონომიას ეხებოდა. მოსკოვის ხელშეკრულების რატიფიცირება საბჭოთა რუსეთმა 1921 წლის 20 ივლისს მოახდინა, ხოლო ოსმალეთმა 1921 წლის 31 ივლისს.

1921 წლის 23 სექტემბერს ოსმალეთში, ქალაქ ყარსში, მოლაპარაკებები დაიწყო ოსმალეთს, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ამ ხელშეკრულებას იგივე პრინციპი დაედო საფუძვლად, რაც რუსეთ-ოსმალეთს შორის მოსკოვის ხელშეკრულებას. კერძოდ, უცვლელი დარჩა ოსმალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარი, რომელიც გაივლო სოფელ სარფზე.

ყარსის ხელშეკრულება სპეციფიკურია, მისი მუხლების უმეტესობა .. მკვდარ მუხლებს წარმოადგენს, რადგან ხელმომწერი მხარეები არიან, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახით, რომლებიც ამ ფორმითა და სტატუსით არ არსებობენ.

ხელშეკრულების პირველი მუხლიმიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადდა ყველა ხელშეკრულება, რომელიც ამიერკავკასიას ეხებოდა. თუმცა, ეს არ ეხებოდა რუსეთ-თურქეთს შორის 1921 წლის 16 მარტს დადებულ ხელშეკრულებას. ყარსის ხელშეკრულების მე-6 მუხლი, რომელიც ეხებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს. თურქეთი დათანხმდა საქართველოსთვის ბათუმის დათმობას იმ პირობით, რომ აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ისარგებლებდა ფართო ადგილობრივი ავტონომიის სტატუსით და უზრუნველყოფილი იქნებოდა თითოეული თემის კულტურული და რელიგიური უფლებები. ასევე, თურქეთს მიენიჭა ბათუმის პორტის გამოყენების უფლება სპეციალური გადასახადის აკრეფის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებას არ ჰქონია საიდუმლო მუხლები და ის ხუთ ენაზე - ქართულ, რუსულ, თურქულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე გაფორმდა.

მითები და რეალობა

ყარსის ხელშეკრულება სხვადასხვა პერიოდში აქტუალობას იძენდა და მისი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია ხდებოდა. პირველად ხელშეკრულების გარკვეულ მუხლებში ცვლილების შეტანაზე საუბარი 1925-1928 წლებში დაიწყო, ართვინის ოლქში არსებული სპილენძის საბადოების დაბრუნების მიზნით, რომელიც ყარსის ხელშეკრულებით გადაეცა თურქეთს.

მეორედ, 1945 წელს ქართულ პრესაში ერთგვარი კამპანია დაიწყო თურქეთის მიერ მიტაცებული ძირძველი ქართული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ამ კამპანიის მთავარი მიზანი ყარსის ხელშეკრულების გაუქმება იყო. 1992 წელს, როდესაც დამოუკიდებელი საქართველო ცდილობდა მეზობელ თურქეთთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მოგვარებას კვლავ გააქტიურდა ყარსის ხელშეკრულების გაუქმების საკითხი, იმ არგუმენტით, რომ ეს ხელშეკრულება რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებას ქართველი ხალხის თანხმობის გარეშე ჰქონდა გაფორმებული. ასევე, ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში დაისვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის გაუქმების საკითხიც. გამსახურდიას აზრით ავტონომიის თემა, თავისი სენსიტიურობიდან გამომდინარე, საჭიროებდა აჭარის მოსახლეობაში რეფერენდუმის ჩატარებას, რასაც აჭარაში მოსახლეობის გამოსვლები მოყვა ავტონომიის შენარჩუნების მოთხოვნით, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ასლან აბაშიძის მიერ იყო ორგანიზებული.

1992 წლის 30 ივნისს, საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმდა ორმხრივი ჩარჩო ხელშეკრულება - „საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ“. ამ ჩარჩო ხელშეკრულებაში ნახსენებია ყარსის ხელშეკრულებაც, მხოლოდ ორი ქვეყნის საზღვრის აღიარების კონტექსტში, სადაცმხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებითდამხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის“.

დღესდღეობით, ანტითურქული პროპაგანდის გაღვივებაში განსაკუთრებულ როლს საქართველოში არსებული პრორუსული ძალები ასრულებენ. ამ მხრივ გამოირჩევაპატრიოტთა ალიანსი“, რომელიც თურქეთს საქართველოს ისტორიული ტერიტორიების ოკუპაციაში ადანაშაულებს. ამ კონტექსტში ხშირად მოიხსენიებენ ყარსის ხელშეკრულებას, რომელსაც 1921 წელს ხელმოწერიდან 100 წელი უსრულდება და რომლის გარშემოც მრავალი მითი შეიქმნა. ხშირად ისმის კითხვები ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით:აქვს თუ არა თურქეთს ბერკეტი ხელშეკრულებისვადის გასვლისშემდეგ პრეტენზია გამოთქვას აჭარაზე; არსებობს კითხვები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის გაუქმების თაობაზე; ასევე, თითქოს ყარსის ხელშეკრულება მუსლიმებისთვის რეფერენდუმის ჩატარების უფლებას ითვალისწინებს. ეს საკითხიპატრიოტთა ალიანსისწინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. პატრიოტთა ალიანსი რეფერენდუმის საკითხს, ასევე, უკავშირებს თურქების რაოდენობის ზრდას აჭარაში. თითქოს აჭარაში მათმა რაოდენობამ 40 ათასს მიაღწია და მალე მოითხოვენ რეფერენდუმის ჩატარებას აჭარის გამოყოფის მოთხოვნით, რომლის შემდეგაც აჭარა გადავა თურქეთის ხელში.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ყარსის ხელშეკრულებაში არ არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც აჭარაში რეფერენდუმის ჩატარება იქნება შესაძლებელი. ერთადერთი მუხლი, სადაც აჭარის სტატუსზეა საუბარი არის მე-6 მუხლი, რომლის მიხედვითაც თურქეთმა დათმო ბათუმი და მისი პორტი, აგრეთვე მთელი აჭარა, ფართო ადგილობრივი ავტონომიის სტატუსის გარანტიით. მე-10 მუხლში კი ნათქვამია, რომ მხარეები ერთმანეთთან თანხმდებიან, რომ არ დაუშვან საკუთარ ტერიტორიებზე ისეთი ორგანიზაციების ან ჯგუფების არსებობა, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ მეორე სახელმწიფოს ხელისუფლებაზე ან ტერიტორიის ნაწილზე. ასევე, არ მოიძებნება მუხლი, სადაც რომელიმე აღმსარებლობის მიერ რეფერენდუმის ჩატარებაზეა საუბარი.

ქვეყანაში არსებული პრორუსული პარტიები ხშირად ახსენებენ, რომ ხელშეკრულების მოწერიდან 100 წლის თავზე „ვადა გასდის“ ყარსის ხელშეკრულებას. თუმცა გაურკვეველია, 2021 წელი რატომ სახელდება ხელშეკრულებისგაუქმებისთარიღად, რადგან თავად ხელშეკრულებაში ვადებთან დაკავშირებით დათქმა არ არსებობს. აქვე უნდა ითქვას, რომ ცალმხრივად მისი გაუქმება შეუძლებელია, რადგან საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთი მხარის სტატუსით სარგებლობენ და გაუქმების შემთხვევაში სამივე ქვეყნის თანხმობა იქნება საჭირო. აღსანიშნავია, რომ სომხეთი ყარსის დებულებას საზღვრების ნაწილთან მიმართებით არ აღიარებს. 1992 წელს თურქეთთან ყარსის ხელშეკრულების რატიფიცირებაზე უარი განაცხადა. თუმცა, აზერბაიჯანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნახჭევანის კუთვნილების გამო. ასევე, არ არსებობს რაიმე დათქმა რომლის დარღვევის შემთხვევაში თურქეთს უფლება აქვს, აჭარა მიიერთოს. პირიქით, ყარსის ხელშეკრულებით, თურქეთმა საქართველოს სუვერენიტეტი აღიარა აჭარაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აღიარა საქართველოს სრული იურისდიქცია ბათუმსა და მის ოლქზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ სამართლებრივ სტატუსს საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს (მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი).

რაც შეეხება საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის მქონე თურქების რაოდენობას, იუსტიციის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2004 წლის 1-ლიიანვრიდან, 2018 წლის 1-ელაგვისტომდე, გამონაკლისის წესით მოქალაქეობა მიენიჭა თურქეთის 3 778 მოქალაქეს, რაც დასახელებულ 40 ათასზე ბევრად ნაკლებია. ამიტომ, ვერც ვადის გასვლა და ვერც ამჟამად აჭარაში არსებული თურქების რაოდენობა ვერ გახდება რეფერენდუმის ჩატარების საფუძველი. რაც მთავარია, ამ საკითხზე რეფერენდუმს აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუცია. ეს უკანასკნელი განსზღვრავს რეფერენდუმის ჩატარების წესს და მის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულ ხასიათს, რომელზე დაყრდნობითაც საზოგადოებაში არსებული შიშები არალეგიტიმური და უსაფუძვლოა.

ერთ-ერთი პრორუსული მედიასაშუალებისსაქინფორმისრედაქტორის არნო ხიდირბეგაშვილის მიერ გავრცელდა ინფორმაცია: „ბათუმში ნატოს ბაზის განთავსების შემთხვევაში, 2021 წლიდან რუსეთი აღარ იქნება ყარსის ხელშეკრულების პირობების დაცვის გარანტორი და ბათუმი თურქეთის ხელში გადავა“.

რუსეთი არ არის ყარსის ხელშეკრულების გარანტორი, რადგან იგი არ არის ხელმომწერი მხარე. რაც შეეხება ნატო- ბაზების განთავსებას, ეს უკანასკნელი მხოლოდ ორგანიზაციის წევრობის შემთხვევაშია შესაძლებელი. თუმცა, ბაზების განთავსება გაწევრიანების შემდეგ ავტომატურად არ ხდება, ეს გადაწყვეტილება თავად წევრი ქვეყნის სურვილზეა დამოკიდებული.

ზემოთხსენებული მითების გარდა, პრორუსულ მედიასივრცეში ხშირად ვხვდებით თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის განცხადებას, სადაც ის თითქოს ბათუმის თურქეთის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს. ერდოღანის ეს განცხადება რეგიონში არსებულ კულტურულ და ისტორიულ კავშირებს ეხებოდა. თურქეთის პრეზიდენტმა ამავე გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მეზობელი ქვეყნების გეოგრაფიულ საზღვრებს პატივს სცემს, მაგრამ ფიზიკური საზღვრები განსხვავდება გულის საზღვრისგან.

სამართლებრივი საფუძვლები

საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანესი და საყოველთაოდ აღიარებული ქცევის წესები, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის ქვაკუთხედად ითვლება, გამოხატავს სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო ნებასა და ინტერესებს. მისი [საერთაშორისო სამართლის] ძირითადი პრინციპი არის იურიდიული ნორმა, რომლის სავალდებულოობა ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ ზოგად საერთაშორისო ხელშეკრულებას, ან საერთაშორისო ჩვეულებას, რომლის მთავარი პრინციპებია - სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობა, ძალით დამუქრებისა და ძალის გამოყენების აკრძალვა, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა, საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტა, ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლება, ადამიანის უფლებათა პატივისცემა, სახელმწიფოს მოვალეობა - ითანამშრომლონ ერთმანეთთან გაეროს წესდების შესაბამისად, საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ ვალდებულებათა კეთილსინდისიერი შესრულება და ნების გამოვლენის თავისუფლება.

დღესდღეობით ყარსის ხელშეკრულება არის უფრო ისტორიული, ვიდრე პოტენციურად სამართლებრივი შედეგების მომცემი ცოცხალი დოკუმენტი, რადგან ზემოთ ხსენებული საერთაშორისო სამართლებრივი თითქმის ყველა პრინციპი დარღვეულია, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად ხელმომწერ მხარეებზე, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახით, რომელიც ამ სტატუსით აღარ არსებობს და დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, და ხელშეკრულების მუხლების უმეტესობაზე. ასევე, საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის საზღვრების ცნობის საფუძველი არის 1992 წელს გაფორმებული ორმხრივი ჩარჩო ხელშეკრულება, „ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ“. რამაც რადიკალურად განსხვავებული მიმართულება შესძინა ყარსის ხელშეკრულების მიზნებსა და ამოცანებს და განსხვავებულად მოაწესრიგა მისი იურიდიული შედეგების შესასრულებლად არსებული სავალდებულო ხასიათი.

მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი ერთადერთი მეზობელი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს საზღვარი 1992 წელს აქვს დელიმიტირებული და დემარკირებული, რაც გულისხმობს სახელმწიფო საზღვრის ხაზის ადგილმდებარეობის განსაზღვრას მომიჯნავე სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით (დელიმიტაცია) და სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენას ადგილზე სპეციალური სასაზღვრო ნიშნების საშუალებით (დემარკაცია).

რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის პირობებში, კრემლის გზავნილი NATO- წევრ თურქეთზე, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოზე აპელირება, ერთგვარად ახალისებს რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებებისლეგიტიმურობას“. ზემოთ ნახსენები მითების გავრცელება არის მუდმივი შიშის შექმნის მცდელობა იმის დემონსტრირებისთვის, რომ თუკი რუსეთი არ დაიცავს საქართველოს მას თურქეთის მხრიდან ელოდება საფრთხე, რაც ტიპური რუსული პროპაგანდის ნაწილია. გარდა ამისა, საქართველოსა და თურქეთს შორის ჩამოყალიბებულია მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროში, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პოლიტიკური მოკავშირე, მოსაზღვრე NATO- წევრი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას და მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი