რეზიუმე: საპენსიო სააგენტოს პროგნოზით, 40 წლის პირი, რომელიც 20 წლის შემდგომ გავა პენსიაზე და მისი მიმდინარე დარიცხული ხელფასი 500 ლარია, დაგროვებითი სქემიდან პენსიის სახით თვეში 104 ლარს მიიღებს. ინფლაციის (სამომხმარებლო ფასების ზრდა) დონის გათვალისწინებით, 2039 წელს მისაღები 104 ლარით პირი იგივე მოცულობის საქონლის შეძენას შეძლებს, რასაც 2019 წელს 46-73 ლარი სჭირდება. აღნიშნული მაჩვენებლები თანხვედრაშია ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ მოყვანილ რიცხვებთან[1]. თუმცა, დეპუტატი ყურადღების მიღმა ტოვებს ფაქტს, რომ პირის მიერ მისაღები პენსიის ჯამური მოცულობა გარდა დაგროვებითი სქემიდან მისაღები ნაწილისა, სოციალურ პენსიასაც მოიცავს.

არსებული ინფორმაციით, სოციალური პენსიის მნიშვნელობა დღეს არსებული ნიშნულიდან (200 ლარი) აითვლება და მისი ზრდა ინფლაციის შესაბამისად მოხდება (ინდექსირება). სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სოციალური პენსიის მსყიდველუნარიანობა დღევანდელი 200 ლარის ნიშნულზე შენარჩუნდება. შესაბამისად, ზემოთხსენებული პირი 2039 წელს, მოვლენათა განვითარების მოსალოდნელი სცენარიდან გამომდინარე, ნომინალური პენსიის სახით 390-დან 560 ლარამდე აიღებს, ამ თანხით კი იგივე ოდენობის საქონლის შეძენას შეძლებს, რასაც დღეს 246-273 ლარით შეიძენდა. ინდექსირების არ არსებობის პირობებში კი, 20 წლის შემდგომ მისაღები ჯამური პენსიის მიმდინარე მსყიდველუნარიანობა 134-დან 213 ლარამდე იქნება.

ანალიზი

დაგროვებითი პენსიის შესახებ საუბრისას, საქართველოს პარლამენტის წევრმა ევროპული საქართველოდან ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ 60 წლის ასაკში პენსიაზე გასვლისას 500 ლარის ოდენობით დარიცხული ხელფასის მქონე, 40 წლის ქალის მიერ მისაღები პენსიის მიმდინარე მსყიდველუნარიანობა 85 ლარი იქნება.

დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 18 ივლისს მიიღო და 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. კანონის თანახმად, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრანება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ვინც შემოსავალს ხელფასის სახით იღებს და 2019 წლის პირველ იანვრამდე არ შესრულებია 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი). დანარჩენი დასაქმებულებისათვის (მათ შორის თვითდასაქმებულებისათვის) კი მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ამავდროულად, თუ დასაქმებულს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი და არ სურს იყოს მონაწილე, იგი უფლებამოსილია მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გაწევრიანებიდან 5 თვის შემდეგ.

რაც შეეხება საპენსიო შენატანს, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადაირიცხება დასაბეგრი ხელფასის 2% დასაქმებულის შემოსავლის ხარჯზე, დამტებით 2%-ს ანგარიშზე რიცხავს დამსაქმებელი საკუთარი სახსრებიდან. დაქირავებით დასაქმებულისაგან განსხვავებით, თვითდასაქმებული საპენსიო შენატანს რიცხავს თავისი წლიური შემოსავლის 4%-ის ოდენობით (დასაქმებულის და დამსაქმებლის წილი). თუ საპენსიო სქემაში მონაწილის (დაქირავებით და თვითდასაქმებული) წლიური დასაბეგრი შემოსავალი 24000 ლარზე ნაკლებია, სახელმწიფო მონაწილის საპენსიო ანგარიშზე რიცხავს დამატებით 2%-ს, 24000-დან 60000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში 1%-ს, ხოლო 60000 ლარზე მაღალი წლიური შემოსავლის მქონე პირების საპენსიო დანაზოგის დაგროვებაში სახელმწიფო არ მონაწილეობს. გარდა დაგროვებითი სქემით აკუმულირებული სახსრების სახით გასაცემი პენსიისა შენარჩუნდება სოციალური პენსიის კომპონენტიც, რომელიც დღეის მდგომარეობით 200 ლარს შეადგენს.

საპენსიო სააგენტოს მიერ შემოთავაზებული პროგნოზის შესაბამისად ნავარაუდევია, რომ დასაქმებულის ხელფასი გაიზრდება წლიურად 4%-ით. ამავდროულად, ანგარიშზე დაგროვილი სახსრების ინვესტირებიდან ამონაგები წლიური 7% იქნება. აღნიშნული დაშვებების გათვალისწინებით, 500 ლარის ოდენობით დარიცხული (დასაბეგრი) ხელფასის მქონე 40 წლის ქალის შემთხვევაში, დაშვებით რომ 60 წლის ასაკის მიღწევისას (2039 წელს) იგი შეწყვეტს დაგროვებას და გავა პენსიაზე, მის ანგარიშზე დაგროვდება 21273 ლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ქალთა მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 77 წელს აღემატება, საშუალო სტატისტიკური ქალის პენსიაზე ყოფნის ხანგრძლივობა საქართველოში უხეში გათვლით 17 წელია. შესაბამისად, 2039 წელს ნომინალური ყოველთვიური პენსიის ოდენობა 104.3 ლარი იქნება (სოციალური კომპონენტის გარეშე). ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ ფასების დონე ზრდის ტენდენციით ხასიათდება, შესაბამისად, 2039 წელს მიღებული 104 ლარის მსყიდველუნარიანობა ნაკლებია ამავე თანხის მიმდინარე მსყიდველუნარიანობაზე. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, 104 ლარით 20 წლის შემდეგ ნაკლები პროდუქტის შეძენა იქნება შესაძლებელი, ვიდრე დღეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენის შესაქმნელად თუ რა მოცულობის შემოსავალზეა საუბარი, აუცილებელია ნომინალური შემოსავალი ინფლაციის დონის გათვალისწინებით დაკორექტირდეს.

მოცემული გაანგარიშების მიზნებისათვის აუცილებელია ვიცოდეთ თუ რა ნიშნულზე იქნება ინფლაცია მომდევნო წლების განმავლობაში, რისი ზუსტად შეფასებაც შეუძლებელია, შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, გამოთვლები დაშვებაზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს. უახლოესი პერიოდისათვის საქართველოში ინფლაციის მოსალოდნელი დონე საბაზისო სცენარით მოვლენათა განვითარების შემთხვევაში 3%-ის, პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარების შემთხვევაში კი, შესაბამისად, 1.8% და 4.2%-ის ნიშნულზეა პროგნოზირებული. ცხრილი 1 ასახავს 2039 წლის ყოველთვიური ნომინალური პენსიის დღევანდელ მსყიდველუნარიანობას ფასების დონის სავარაუდო ზრდის ალტერნატიული სცენარების შემთხვევაში.

ცხრილი 1: 2039 წლის საპროგნოზო ნომინალური პენსიის მიმდინარე მსყიდველუნარიანობა (ლარი)

პესიმისტური სცენარი (ინფლაცია = 1.8%)

საბაზისო სცენარი (ინფლაცია = 3%)

ოპტიმისტური სცენარი (ინფლაცია = 4.2%)

რეალური

ნომინალური

რეალური

ნომინალური

რეალური

ნომინალური

სოციალური პენსიის გარეშე

73

104

58

104

46

104

სოციალური პენსიის ჩათვლით[2]

213

304

168

304

134

304

ინდექსირებული სოციალური პენსიის ჩათვლით[3]

273

390

258

466

246

560

წყარო: საპენსიო სააგენტო, ფინანსთა სამინისტრო, ავტორის გაანგარიშებები

როგორც ცხრილიდან ჩანს, ნომინალური პენსიის ოდენობა 2039 წელს თუ 104 ლარია (მხოლოდ დაგროვებითი ნაწილი, სოციალური პენსიის გარეშე), ამ თანხით საბაზისო სცენარის შემთხვევაში (ინფლაცია 3%) იგივე პროდუქციის შეძენა იქნება შესაძლებელი რაც დღეს 58 ლარით შეგვიძლია შევიძინოთ. ეს მოცულობა ფასების ზრდის ალტერნატიული პროგნოზებიდან გამომდინარე 46-დან 73 ლარამდე მერყეობს. პენსიის სწორედ აღნიშნულ ნაწილზე (დაგროვებითი) საუბრობს განცხადებაში დეპუტატი და სოციალური პენსიის მოცულობას ყურადღების მიღმა ტოვებს. სოციალური პენსიის შენარჩუნება თეორიულად შესაძლებელია მოხდეს უცვლელად არსებულ ნიშნულზე (200 ლარი), ან მოხდეს მისი ინდექსირება, რაც მეტად მოსალოდნელი ალტერნატივაა (პენსიის ინდექსირებასთან დაკავშირებით იხ. ფაქტ-მეტრის კვლევა). რაც შეეხება ჯამურ პენსიას (დაგროვებითი სქემიდან მისაღებისა და სოციალური პენსიის ჯამი), სოციალური პენსიის ინფლაციის მიხედვით ინდექსირების შემთხვევაში ნომინალური პენსია 2039 წელს 390-დან 560 ლარის შუალედში მოექცევა, მისი მიმდინარე მსყიდველუნარიანობა კი 246-დან 273 ლარამდე იქნება. სხვა სიტყვებით, რომ ითქვას დაგროვებითი და სოციალური პენსიის სახით ჯამში მიღებული შემოსავლით 20 წლის შემდგომ პენსიონერი იგივე პროდუქციის შეძენას შეძლებს, რასაც დღეს 246-273 ლარით შეძლებდა.

აქვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მოყვანილი გაანგარიშებები ეყრდნობა დაშვებას, რომ სახელფასო შემოსავალი ყოველწლიურად 4%-ით გაიზრდება, საპენსიო სააგენტო კი შეძლებს წლიურად 7%-ის ტოლი ამონაგების მიღების უზრუნველყოფასა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე დაგროვილი სახსრების მფლობელისთვის დაბრუნების უზრუნველყოფას, საპენსიო ასაკის მიღწევისას.



[1] გარკვეული განსხვავებები რიცხვებში შესაძლებელია გამოწვეული იყოს მოსალოდნელი ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლის ან/და პირის პენსიაზე ყოფნის ხანგრძლივობის განსხვავებული სიდიდის შერჩევით, რაც არ ცვლის ზოგად სურათს.

[2] დაგროვებითი სქემიდან მისაღები პენსიისა და სოციალური პენსიის ჯამი, დაშვებით, რომ დღეს არსებული სოციალური პენსია (200 ლარი) უცვლელად ნარჩუნდება.

[3] დაგროვებითი სქემიდან მისაღები პენსიისა და სოციალური პენსიის ჯამი, დაშვებით რომ სოციალური პენსია იზრდება წლიური ინფლაციის შესაბამისად.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი