რეზიუმე: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებიდან დღემდე, მოძრაობა 185 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. აქედან, 2007-2012 წლებში მოძრაობა ავტომაგისტრალის 68 კილომეტრზე გაიხსნა, 2013 წლიდან დღემდე კი 117 კილომეტრზე. 2007-2018 წლებში მოძრაობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 3 404 250 მ2 ფართობის გზაზე გაიხსნა. აქედან, 2007-2012 წლებში მოძრაობა 1 564 000 მ2, 2013-2018 წლებში კი, 1 840 250 მ2 ფართობის გზაზე გაიხსნა. შესაბამისად, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში წელიწადში საშუალოდ 11.3 კმ სიგრძის და 260 667 მ2 ფართობის გზა იხსნებოდა, „ქართული ოცნების“ დროს კი, 19.5 კმ სიგრძის და 306 708 მ2 ფართობის გზა.

უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დასრულებული მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა (42.3 კმ) 2012 წლის ოქტომბრამდე დაიწყო, რამაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას შეუწყო ხელი.

ასევე, ბოლო წლების განმავლობაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზოგიერთი მონაკვეთის მშენებლობის სახელშეკრულებო ვადები შეიცვალა და გარკვეული დროით გადაიწია. შეიცვალა და რამდენიმე წლით გადაიწია ავტომაგისტრალის მთლიანად დასრულების ვადაც.


ანალიზი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა: „ქართული ოცნების“ დროს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 126 კილომეტრი ახალი გზა აშენდა, მაშინ, როდესაც „ნაციონალების“ დროს - 69 კილომეტრი“.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო და ის E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. მისი საერთო სიგრძე 390 კილომეტრია. 2007 წლიდან დღემდე (2006 წელი გათვალისწინებული არ არის, რადგან ამ წელს მაგისტრალის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. კერძოდ, თანხების მოძიება, კერძო ნაკვეთების მოსახლეობისგან გამოსყიდვის პროცესი), მოძრაობა ავტობანის 185 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. აქედან, 2007-2012 წლებში მოძრაობა ავტომაგისტრალის 68.15კილომეტრზე, 2013 წლიდან დღემდე კი, 117 კილომეტრ გზაზე გაიხსნა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2007-2012 წლებში, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე წელიწადში, საშუალოდ, 11.3 კმ სიგრძის გზა იხსნებოდა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, წელიწადში, საშუალოდ, 19.5 კმ სიგრძის გზა იხსნება.


ცხრილი 1: 2006-2012 წლებში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გახსნილი გზის სიგრძე (კმ)

წელი

გახსნა (კმ)

2006

0

2007

13.7

2008

20

2009

15.2

2010

6

2011

11.8

2012

1.45

სულ

68.15

წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ცხრილი 2: 2013-2018 წლებში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გახსნილი გზის სიგრძე (კმ)

წელი

გახსნა (კმ)

2013

15.4

2014

41.1

2015

16.5

2016

8

2017

18

2018

18

სულ

117

წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი


რაც შეეხება ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დასრულებულ გზის ფართობს, 2007-2018 წლებში მოძრაობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 3 404 250 მ2 ფართობის გზაზე გაიხსნა, აქედან, 2007-2012 წლებში მოძრაობა 1 564 000მ2, 2013-2018 წლებში კი, 1 840 250 მ2 ფართობის გზაზე გაიხსნა.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 49 კილომეტრით მეტ სიგრძის და 276 250მ2-ით მეტ ფართობის გზაზე გაიხსნა მოძრაობა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში წელიწადში საშუალოდ 11.3 კმ სიგრძის და 260 667 მ2 ფართობის გზა იხსნებოდა, „ქართული ოცნების“ დროს კი, 19.5 კმ სიგრძის და 306 708 მ2 ფართობის გზა.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2013-2018 წლებში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დასრულებული მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა 2012 წლის ოქტომბრამდე დაიწყო, რამაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას შეუწყო ხელი. კერძოდ, 2012 წლამდე დაწყებული იყო სვენეთი-რუისის გზის (ლოტი II, III - 9.8 კმ), ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ქუთაისის შემოვლითი გზის (17.5 კმ), ქობულეთის შემოვლითი გზის (12 კმ) მშენებლობა და ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე უკვე არსებული ორზოლიანი გზის 4-ზოლიანამდე გაფართოება (3 კმ). ამდენად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 42.3 კმ გზაზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზოგიერთი მონაკვეთის მშენებლობის სახელშეკრულებო ვადები შეიცვალა და გარკვეული დროით გადაიწია. შეიცვალა ავტომაგისტრალის მთლიანად დასრულების ვადაც. თუ როგორი იყო „ნაციონალური მოძრაობისდროს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთების მშენებლობის გეგმასთან შესაბამისობა, სამწუხაროდ, ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. ინფორმაციისთვის, 2006-2012 წლებში ავტობანის ბიუჯეტის საშუალო ათვისება 87.6% იყო. ყველაზე დიდი თანხა გაუხარჯავი (ბიუჯეტის 41.3%) 2007 წელს დარჩა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პერიოდს, ავტობანის ბიუჯეტის შესრულება საშუალოდ 87.2% იყო.

„ქართული ოცნების“ ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა 2020 წლამდე უნდა დასრულებულიყო. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017-2020 წლებში განსახორციელებელი პროექტების სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წელს ვერ დასრულდება. კერძოდ, 2021-2022 წლებში დასრულდება ჩუმათელეთი - ხევი, ხევი - უბისა, უბისა - შორაპანის და შორაპანი - არგვეთას მონაკვეთების მშენებლობა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).

საყურადღებოა ისიც, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დადებით კონტექსტში საუბრობს, მაშინ, როდესაც ავტომაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთის მშენებლობა ხარვეზებით მიმდინარეობს და ბიუჯეტის მხოლოდ 37.6% არის ათვისებული. მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ ხარვეზების გამო მოძრაობა ვერ იხსნება სამტრედია-გრიგოლეთის მეორე და მეოთხე მონაკვეთზე, სადაც ჯდენები (დეფორმაცია,ნიადაგის დაწევა)წარმოიშვა. სამუშაოები შეჩერებულია სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, რომელსაც კომპანია „ალტკომი“ ახორციელებდა. კომპანიამ სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ ეტაპზე „ალტკომისგან“ საავანსო თანხის (18 338 910 ევრო) ამოღების სამართლებლივ პროცედურებს ახორციელებს. სამუშაოები არ მიმდინარეობს სამტრედია -გრიგოლეთის მესამე მონაკვეთზე, სადაც მშენებლობა იტალიურ კომპანიას „ტოდინს“ უნდა ეწარმოებინა. დეპარტამენტი ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტას განიხილავს. ჩამორჩენა არის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის ორივე მონაკვეთზე, რომელსაც კომპანია „სონოჰიდრო“ და იტალიური კომპანია „ასტალდი“ახორციელებენ.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი