რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიების ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი წლებია გრძელდება. წლების განმავლობაში სულ უფრო მეტი მიწა ექცევა საოკუპაციო ხაზის მიღმა, საქართველოს მოქალაქეები კარგავენ სახნავ-სათეს მიწებს, ეზოებს, საკუთრებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამონაკლისი არც 2018 წელი ყოფილა. 2018 წელს ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლების უკანონო პროცესი, საოკუპაციო ხაზის თითქმის მთელს პერიმეტრზე განხორციელდა. აღნიშნულს ემატება საქართველოს მოქალაქეების მასიური გატაცებები. ადგილობრივებს ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებათ, საოკუპაციო რეჟიმი მათ მხოლოდ ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებს. განმეორებითი გატაცების შემთხვევაში კი, ორმაგი თანხის გადახდას ითხოვს.

2018 წელს, უკანასკნელ წლებთან შედარებით, ე.წ. საზღვრის პირას უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა. სუს-ის ინფორმაციით, გასულ წელს ცხინვალის ე.წ. საზღვართან, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 100 მოქალაქე დააკავეს. 2009 წლის შემდეგ, აღნიშნული რიცხვი ყველაზე მცირეა. რაც შეეხება აფხაზეთის მიმართულებას, 2018 წელს საქართველოს 28 მოქალაქე გაიტაცეს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულებს ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. აღნიშნული „დანაშაულისთვის“ ჯარიმა პირველ შემთხვევაში 2 000 რუბლია, ხოლო მოქალაქის განმეორებით დაკავების შემთხვევაში გამოსასყიდი თანხა ორმაგდება და შესაბამისად, 4 000 რუბლს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ 2018 წელს დაკავებულთა რაოდენობას, ცხინვალისა და აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტები, საქართველოს მოქალაქეების გატაცების ხარჯზე, მინიმუმ 256 000 რუბლით შეივსო, რაც მიმდინარე კურსით, დაახლოებით, 10 000 ლარია. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ჯარიმების გაზრდაზე კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის მიხედვით, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ჯარიმა 2 ათასიდან 20 ათას რუბლამდე გაიზარდა. აღნიშნული გამოსასყიდი თანამდებობის პირებისთვის 30 ათასიდან 50 ათას რუბლამდე, ხოლო იურიდიული პირებისთვის 400 ათასიდან 800 ათას რუბლამდე გაიზარდა. როგორც ვხედავთ, საქართველოს მოქალაქეების გატაცება საოკუპაციო ძალებმა სერიოზული შემოსავლის წყაროდ აქციეს.

2018 წელს კონფლიქტის ზონამ საზოგადოების ყურადღება სხვადასხვა გახმაურებული ფაქტებითაც მიიპყრო. მათ შორის ყველაზე მძიმე ახალგორიდან დევნილი არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტი და სოფელ ხურვალეთის მკვიდრის, მაია ოთინაშვილის გატაცების საქმეები იყო.

გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით მოქალაქეების გატაცება ბოლო 10 წლის განმავლობაში გრძელდება (2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ინტერვენციის შემდეგ). 2009 წლის 1-ლ იანვრამდე ამ ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. უკანონო დაკავებების ფაქტები შემდეგ წლებში სულ უფრო იზრდებოდა. სუს-ის ინფორმაციით, 2008 – 2018 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების 1 820 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით - 1 244. გარდა ამისა, ერთზე მეტჯერ უკანონოდ იქნა დაკავებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 60 ადამიანი, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 53 ადამიანი. აღნიშნული სტატისტიკის შესახებ ფაქტ-მეტრი გასულ წლებშიც წერდა.

გრაფიკი 1: ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულთა რიცხვი 2009-2018 წლებში

შენიშვნა: სუს-ის ინფორმაციით, უკანონო დაკავებულთა რაოდენობაში ცდომილება დაახლოებით 5-10%-ს შეადგენს.

როგორც გრაფიკიდან ჩანს, საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე (163) 2015 წელს დააკავეს, ამ მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებლით, 2009 წლის შემდეგ, 2018 წელი გამოირჩევა. 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დაკავებულთა რიცხვი აფხაზეთის მიმართულებით 23 მოქალაქით შემცირდა, ცხინვალის რეგიონში კი - 25 მოქალაქით.

საერთო ჯამში, 2009-2018 წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. ბიუჯეტებში საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულთა ხარჯზე დაახლოებით 6 128 000 რუსული რუბლი შევიდა, რაც თითქმის 240 000 ლარია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი