რეზიუმე: 2004-2012 წლებში სოფლის მეურნეობის დაფინანსების წილი მთლიან ბიუჯეტში საშუალოდ 1.59%-ს შეადგენდა.ამავე პერიოდში რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი უარყოფითი იყო და 1.6%-ს უტოლდებოდა.

რაც შეეხება 2013-2017 წლებს, სოფლის მეურნეობის დაფინანსების წილი ბიუჯეტში, საშუალოდ, 3.6%-ია (2.6-ჯერ მეტი, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს), სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა კი, საშუალოდ, 1.8%-ია. 2017 წელს კი უკვე უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა და სოფლის მეურნეობის გამოშვება 2.7%-ით შემცირდა.

შეიძლება ითქვას, რომ გაზრდილი დაფინანსების პარალელურად, სოფლის მეურნეობის სექტორში საერთო სურათი არსებითად არ გაუმჯობესებულა.

ანალიზი

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აგრარული სექტორი შეაფასა და აღნიშნა: „2004-2012 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტი მუდმივ ფასებში ყოველ წელს მცირდებოდა 1.2%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობა სულ იკლებდა. ჩვენს პერიოდში კი 2.1%-ით სულ იზრდებოდა. განსაკუთრებით რთული წელი გვქონდა 2017 წელი კლიმატური პირობების გამო, თუმცა საშუალო ზრდა იყო 2%-ზე მეტი“.

სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა (წარმოების ოდენობის ცვლილება წინა წელთან მიმართებაში) გვიჩვენებს თუ როგორ იცვლებოდა სექტორის გამოშვება ფასების ცვლილების ეფექტის გარეშე. შესაბამისად, აგრარულ სექტორში პროგრესის სანახავად, დარგში შექმნილი რეალური დამატებითი ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს უნდა შევადაროთ. ამ მეთოდით შედარება ფასების მატებით (ინფლაციით) გამოწვეულ ღირებულების ზრდას გამორიცხავს.

სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის მაჩვენებელი 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, უარყოფითია. გამოშვება 2.7%-ით შემცირდა, 2016 წელს ზრდა მხოლოდ 0.3% იყო.

რადგან ლევან დავითაშვილი წინა ხელისუფლების პერიოდში სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელს, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ანალოგიურ მაჩვენებელს ადარებს, ჩვენც 2004-2012 წლებში სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი, 2013-2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შევადარეთ.

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2004-2012 წლებში სოფლის მეურნეობის დაფინანსების წილი მთლიან ბიუჯეტში საშუალოდ 1.59%-ია.ამავე პერიოდში რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი უარყოფითია და 1.6%-ს უტოლდება.

რაც შეეხება 2013-2017 წლებს, სოფლის მეურნეობის დაფინანსების წილი ბიუჯეტში, საშუალოდ 3.6%-ია (2.6-ჯერ მეტი, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს), სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა კი, საშუალოდ, 1.8%-ია. თუმცა, ბოლო წლებში კლების ტენდენციაა გამოკვეთილიდა 2017 წელს უკვე უარყოფითი შედეგი მივიღეთ - სოფლის მეურნეობის გამოშვება 2.7%-ით შემცირდა. კლების ტენდენცია 2018 წლის III კვარტალშიც შენარჩუნებულია.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი