რეზიუმე: 2014-2018 წლებში კახეთის რეგიონში, 6 საბავშვო ბაღი აშენდა. რაც შეეხება რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღებს, ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში არა 46, არამედ 38 სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაცია განხორციელდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბაღების მშენებლობაზე 2 167 648 მილიონი ლარი, რეაბილიტაციაზე კი 6 610 224 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც ჯამში 10 798 307 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული უწყებიდან ჩვენ საჯარო ინფორმაცია 2013 წელს რეაბილიტირებული/აშენებული საბავშვო ბაღებთან დაკავშირებითაც გამოვითხოვეთ, თუმცა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ამ წელს მსგავსი სამუშაოები არ განხორციელებულა. სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემებით, 2013-2018 წლებში კახეთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოთხ კულტურის ობიექტს.

ანალიზი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, თელავში, კახეთის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარადგინა. მინისტრმა კახეთის რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და ყურადღება კულტურული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზეც გაამახვილა. მისი თქმით: „ბოლო წლებში, კახეთში აშენდა 8 ახალი საბავშვო ბაღი, სადაც 600 ბავშვს ემსახურებიან და დამატებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 46 საბავშვო ბაღს, ასევე - 18 კულტურის ობიექტს“.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, 2014-2018 წლებში (როგორც რეგიონული განვითარების ფონდის, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით) 38 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება რეაბილიტირდა, 6 კი აშენდა.

სამინისტროს ცნობით, საბავშვო ბაღები აშენდა: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ყვარელში (ბოგირის ტერიტორიაზე), სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, ბოდბისხევსა და ქვემო ბოდბეში „თოღლაანის“ უბანში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბაღების მშენებლობაზე 2 167 648 მილიონი ლარი, რეაბილიტაციაზე კი 6 610 224 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც ჯამში 10 798 307 მილიონ ლარს შეადგენს.

ცხრილი 1: რეაბილიტირებული საბავშვო ბაღების სტატისტიკა, 2014-2018 წლები

წელი

საბავშვო ბაღების რაოდენობა

თანხა

2013

0

0

2014

1

69 890

2015

15

2 214 900

2016

7

1 157 977

2017

9

1 737 595

2018

6

1 429 862

რაც შეეხება რეაბილიტირებულ კულტურულ ობიექტებს, სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში 4 კულტურული დაწესებულების რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზეც 1 199 428 მილიონი ლარი დაიხარჯა. 2013 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქ ახმეტის კულტურის სახლს, 2014 წელს ახმეტაში რეაბილიტირდა დამწვარი კულტურის სახლიც. 2017 წელს განხორციელდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის კულტურის სახლის, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში კულტურის სახლის ფასადისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი