2019 წლის დასაწყისში ამერიკულმა კორპორაცია Trammo-მ და Wondernet Exspress-მა ხელი მოაწერეს ბათუმის ნავსადგურში ახალი ტერმინალის მშენებლობის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress ბათუმში მოაწყობს მულტიმოდალურ (კომბინირებული) ტრანზიტულ ტერმინალს. ტერმინალი განკუთვნილი იქნება მინერალური სასუქების ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მსოფლიო ბაზარზე გადასაზიდად. ოფიციალური ინფორმაციით, საუბარია გრანულირებულ კარბამიდზე. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი სასაწყობე ობიექტების შექმნასაც ითვალისწინებს, რომლებშიც 60 ათასი ტონა მინერალური სასუქი დასაწყობდება.

საზოგადოების ნაწილმა პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქტივობები დაიწყო, რადგან ჩათვალა, რომ ახალი ტერმინალი, კარბამიდის გარდა, სხვა ქიმიურ ნივთიერებებსაც მოემსახურება. ეკოლოგმა კახა გუჩმანიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, საუბარია გრანულირებულ და არაგრანულირებულ გოგირდსა და სხვა მეტ-ნაკლებად საფრთხის შემცველ ნივთიერებებზე. თუმცა, სხვა ნივთიერებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა უარყოფს.

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ პროექტი არავითარ საფრთხეს არ შეიცავს, რადგან პროცესი საერთაშორისო სტანდარტებისა და ეკოლოგიური მოთხოვნების შესაბამისი იქნება. ეს განცხადება საზოგადოებისთვის დამაჯერებელი ვერ აღმოჩნდა. ეჭვი ვერც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლადო მგალობლიშვილის "თავგანწირულმა" ნაბიჯმა გაფანტა, რომელმაც კარბამიდი (მისივე თქმით) პირდაპირ ეთერში შეჭამა. ლადო მგალობლიშვილმა აქცენტი გააკეთა პროტესტის ორგანიზატორების რუსულ მხარესთან კავშირზე და ამით ხელისუფლების მიერ საზოგადოებისთვის გაგზავნილი მესიჯი გაიმეორა.

ტერმინალის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 20 იანვარს პორტის ადმინისტრაციის შენობის წინ გაიმართა. ორგანიზატორებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ეს სამოქალაქო პროტესტია და არა - პოლიტიკური. რუსულ მხარესთან რაიმე კავშირი კი, კატეგორიულად უარყვეს.

ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გოჩა გოგუაძემ, საერთაშორისო ასოციაცია Tip-ის თავმჯდომარემ, ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების ექსპერტმა, ფაქტ-მეტრთან კომენტარი გააკეთა: „ერთ ნივთიერებაზე არ არის საუბარი, თუმცა მე ყველაზე „უმანკოზე“ - კარბამიდზე ვისაუბრებ. 2006 წლიდან ევროკავშირმა კატეგორიულად აკრძალა საერთოდ კარბამიდის გამოყენება საკვებ მრეწველობაში და ჩათვალეს, რომ ის არის მხოლოდ მძიმე მრეწველობაში გამოსაყენებელი ქიმიურ ელემენტი. კარბამიდი შეიცავს ციანიდს. აქ საუბარია ქიმიურ ნაგავზე. ეს ბათუმს, როგორც ტურისტულ ქალაქს საერთოდ დაღუპავს. მგონია, რომ ის კომპანია, რომელიც ოპერირებს ჩვენს პორტში, ასრულებს იმ დავალებას, რომ ბათუმი როგორც ტურისტული დანიშნულების ქალაქი, მოკვდეს... პორტში ვისაც ინტერესები აქვს, იმათ უკან დგას მამუკა ბახტაძე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. 20 ათასი ბათუმელის ხელმოწერა პირადად მივიტანე ეკონომიკის მინისტრთან, პარლამენტის კანცელარიაში, პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში... ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში“.

გოჩა გოგუაძემ მოგვაწოდა მის ხელთ არსებული კორესპონდენცია, რომლითაც დასტურდება, რომ ბათუმის პორტში ეკოლოგიური სახის დარღვევებზე შესაბამის უწყებებს ნამდვილად მიმართა. აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ 2018 წლის ივლისში გამოგზავნილი პასუხით ირკვევა, რომ ბათუმის ნავსადგურში არაგეგმიური შემოწმებით გამოვლინდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშითა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები. აღსანიშნავია, რომ ბათუმის ნავსადგურში არსებულ დარღვევებზე ყურადღება თვითმმართველობის, Wondernet Exspress-ისა და მოქალაქეების შეხვედრაზეც გამახვილდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი, დახურული ტიპის ტერმინალის მშენებლობა არსებულ ეკოლოგიურ საფრთხეებს შეამცირებს და ნაყარი ტვირთების ტექნოლოგიური პროცესი ღია სივრცეში აღარ განხორციელდება.

რა ვიცით კარბამიდის შესახებ?

მინესოტას უნივერსიტეტის ინფორმაციით, როგორც სასუქი, კარბამიდი (ურეა) ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, დაბალი ფასის და აზოტის შემცველობის გამო. მისი წარმოებისას გარემო მინიმალურად ბინძურდება. მკაცრად განსაზღვრულია დოზირებისა და გამოყენების წესები. აუცილებელ მოთხოვნებს შორისაა, რომ ნივთიერება არ უნდა შეეხოს თესლს, ასევე, უნდა ინახებოდეს გრილ და მშრალ ადგილას (წინააღმდეგ შემთხვევაში იწყებს დაშლას და უშვებს მავნე გაზებს).

კარბამიდის გამოყენება ევროკავშირში აკრძალული არ არის, თუმცა მის გამოყენებაზე დაწესებულია გარკვეული რეგულაციები. კომპანიები, რომლებიც იყენებენ ან აწარმოებენ ამ ნივთიერებას, რეგულარულად არიან ევროპის ქიმიკატების სააგენტოს მხრიდან მკაცრი შემოწმების ობიექტები.

ევროპის ქიმიკატების სააგენტო (The European Chemicals Agency) არის წამყვანი მარეგულირებელ ორგანოებს შორის, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს, ასევე ინოვაციისა და კონკურენციის სასარგებლოდ, ევროკავშირის ქიმიური კანონმდებლობების იმპლემენტაციაში. ევროკავშირმა, მრავალი კვლევის შედეგად, კარბამიდის მავნებლობა კონკრეტულად ვერ დამტკიცდა, თუმცა, საბოლოოდ არ გამოირიცხა და აღინიშნა პიქტოგრამებით, რომელთა გამოყენებაც სავალდებულოა.

H351 - ერთ-ერთი კვლევის შედეგად, კარბამიდი ამ კოდით მონიშნეს (ასე აღნიშნავენ იმ ნივთიერებებს, რომლებზეც აქვთ ეჭვი, რომ შეიძლება იყოს კიბოს გამომწვევი). იქვე დაზუსტდა, რომ კვლევებით კიბოს გამოწვევა არ დადასტურდა, თუმცა არც გამოირიცხა. ამიტომ კარბამიდი მონიშნეს კატეგორიით Carc. 2, ეს ნიშნავს, რომ ნივთიერებაზე ეჭვი აქვთ, მაგრამ კვლევები არ დასრულებულა, რომლის შემდეგაც ნივთიერება უნდა მიაკუთვნონ კატეგორია 1A-ს ან კატეგორია 1B-ს. პირველ კატეგორიაში შეტანილია ნივთიერებები, რომელთა კარცენოგენულობაც დაზუსტებულია, B2-ში - კვლევები ჩატარებულია და არსებობს მეცნიერული ვარაუდი, რომ მავნეა, თუმცა იმდენად არა, რომ 1 A -ში განთავსდეს. კატეგორია 2-ში კი შეაქვთ ნივთიერებები, რომლებზეც არსებობს ეჭვი, მაგრამ საკმარისი კვლევები არ არის ჩატარებული, რომ ნივთიერება ცალსახად პირველ ან მეორე კატეგორიას მიაკუთვნონ.

პროტესტის სხვა მიზეზები

საზოგადოების ნაწილს თავად აქციის ორგანიზატორების მიმართაც აქვს უნდობლობა. ისინი არაოფიციალურად გვიმხელენ, რომ ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს შორის აჭარის ყოფილ თავმჯდომარესთან, ასლან აბაშიძესა და მის ოჯახთან დაახლოებულ პირებს ხედავენ. აქციაზე ნამდვილად იყო გოჩა გუგუნავა, რომელიც გიორგი აბაშიძის (ასლან აბაშიძის ვაჟის) მეგობარია. ჩვენთან საუბარში მან აქციის ორგანიზატორობა უარყო, თუმცა ალეკო თევზაძის (აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი) და გოჩა გოგუაძის გვერდით რამდენჯერმე დავაფიქსირეთ.

აქციის შესახებ სხვა ინფორმაციაც ვრცელდება - როგორც ცნობილია, ბათუმის რივიერად წოდებულ ტერიტორიაზე, პორტთან ახლოს, „სილქ როუდ ჯგუფი“, ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანია („სილქ როუდ ჯგუფის“ პარტნიორია „თანაინვესტირების ფონდი“, რომლის დაარსებაშიც წვლილი ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის), ექვსი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. პროექტის მიხედვით, რომელსაც ასევე საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რეკრეაციული ზონა და იახტკლუბი უნდა მოეწყოს. ქიმიური სასუქების გადამზიდავი ტერმინალის მშენებლობა ამ პროექტის განვითარებას რომ ხელს შეუშლის, ამის შესახებ თვითონ „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება მოქალაქეების პოლიტიკურად ნეიტრალურ ნაწილს, ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებას ვერ ენდობიან, რადგან მათი დაპირება, რომ რაღაც უსაფრთხო და უვნებელია, არასდროს ამართლებს. შესაძლოა, ამ ეტაპზე მართლაც მხოლოდ კარბამიდზეა საუბარი, მაგრამ დარწმუნებული არ ვართ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება, არც იმის გვჯერა, რომ ხელისუფლება პროცესების გაკონტროლებას შეძლებს და პროექტის მართვა უსაფრთხოდ განხორციელდება - ასე ფიქრობენ მოქალაქეები. თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ ტერმინალი მხოლოდ კარბამიდის გადაზიდვას მოემსახურება და პროცესი უსაფრთხოდ განხორციელდება.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი