ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ კახიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2018 წლის 10 თვის მონაცემებით (ოთარ კახიძის განცხადება სწორედ ამ პერიოდს ეხებოდა), წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულთა საერთო რაოდენობა 60.01%-ით არის გაზრდილი. ამასთან, საგრძნობლად გაიზარდა ისეთი სახის დანაშაულები, როგორიცაა საკუთრების (+79.55%), სიცოცხლის (+122.48%), ჯანმრთელობის (+108.13%) და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები (+264.74%). აღსანიშნავია, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან კონკრეტულად ქურდობათა რაოდენობამ 89.86%-ით იმატა.

ფაქტ-მეტრს არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა ცალსახად კრიმინალის ზრდას შეიძლება არ ნიშნავდეს (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). შესაძლოა ასეთი რადიკალური ზრდა გარკვეული მეთოდოლოგიური ცვლილებებით, რეგისტრაციის წესის გაუმჯობესებით ან გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებით უფრო მკაცრი პოლიტიკის წარმოებით იყოს გამოწვეული. თუმცა, ასევე, არსებობს ლოგიკური საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მკვეთრი ზრდა, გასულ წლებში (მიმდინარე წელთან შედარებით) არასრულყოფილი (დამალული) სტატისტიკის გამოქვეყნებით იყოს განპირობებული.

ანალიზი

პარლამენტის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით: „შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც ნამდვილად ქვეყნდება და მე ამას მივესალმები, დანაშაულის მაჩვენებელი 60%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით საგანგაშოა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 122%-იანი, ხოლო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების 79%-იანი, მათ შორის ქურდობის 90%-მდე ზრდა“.

რეგისტრირებულ დანაშაულთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 10 თვის სტატისტიკის თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულთა რაოდენობა 60.01%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, თუკი 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში 30 659 დანაშაული იყო რეგისტრირებული, 2018 წლის იმავე პერიოდში, აღნიშნული რიცხვი 18 398 ერთეულით გაიზარდა.

გრაფიკი 1: 2013-2018 წლებში ქვეყნის მასშტაბით 10 თვის (იანვარი-ოქტომბერი) განმავლობაში რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 10 თვეში რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 2017 წლის 12 თვეში (მთლიანი წელი) რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობასაც (37 944 ერთეული) კი აჭარბებს და მას 11 113 ერთეულით აღემატება.

2018 წლის 10 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემ ცვლილებად დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის კლება შეიძლება მივიჩნიოთ, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს, სწორედ, წელს მიაღწია.

გრაფიკი 2: 2013-2018 წლების 10 თვეში (იანვარი-ოქტომბერი) გახსნილი დანაშაულების პროცენტული მაჩვენებელი

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

როდესაც რეგისტრირებულ დანაშაულებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ თუ კონკრეტულად რა სახის დანაშაულებმა მოიმატა.

2013-2016 წლებში ზოგადად რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობის ყველაზე დიდი წილი, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე მოდის. მეორე ადგილზე კი, ნარკოტიკული დანაშაულები დგას.

ცხრილი 1: 2013-2018 წლებში რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობაში კონკრეტული სახის დანაშაულთა ხვედრითი წილი

2013-2016 წლების ჩათვლით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, სტაბილურად, მთლიანი დანაშაულების 37%-ს შეადგენდა და მეორე ადგილას ყოველთვის ნარკოტიკული დანაშაულები იდგა (2013წ. - 25%, 2014 წ. - 20%, 2015 წ. - 15%, 2016 წ. - 15%).

2017 წლიდან მდგომარეობა მცირედით იცვლება. კერძოდ, 2017 წლიდან იზრდება დანაშაულთა საერთო რაოდენობა, თუმცა ეს არ მომხდარა ნარკოტიკული დანაშაულების ზრდის (როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა), არამედ უფრო მეტად საკუთრების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ზრდის ხარჯზე.

2018 წლის 10 თვის მონაცემებით, კიდევ უფრო მძიმე სურათია, რადგან რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა ზრდის ტენდენციას კვლავ ისეთი დანაშაულის ხარჯზე ინარჩუნებს, როგორიცაა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, საკუთრების, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ხოლო, რაც შეეხება ნარკოტიკულ დანაშაულებს, დანაშაულთა საერთო რაოდენობაში მათი ხვედრითი წილი საგრძნობლად შემცირდა.

2018 წლის 10 თვის მონაცემების მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის ყველა სახის დანაშაული იმატებს. გამონაკლისია მხოლოდ დანაშაულის სამი სახეობა, რომელთაც აღნიშნულ პერიოდში კლება ახასიათებს. კერძოდ, 18.18%-ით იკლო კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულებმა, -2.36%-ით იკლო სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ დანაშაულებმა, ხოლო ნარკოტიკული დანაშაულთა რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში 8.74%-ით შემცირდა.

ფაქტ-მეტრს არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა ცალსახად კრიმინალის ზრდას შეიძლება არ ნიშნავდეს (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). კერძოდ, შესაძლოა ასეთი რადიკალური ზრდა გარკვეული მეთოდოლოგიური ცვლილებებით, რეგისტრაციის წესის გაუმჯობესებით, გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებით უფრო მკაცრი პოლიტიკის წარმოებით, ან თუნდაც მიმართვიანობის გაზრდით იყოს გამოწვეული. თუმცა, ასევე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მკვეთრი ზრდა წინა წლებში (მიმდინარე წელთან შედარებით) არასრულყოფილი (დამალული) სტატისტიკის გამოქვეყნებით იყოს განპირობებული.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი