გზამკვლევი ფაქტ-მეტრის ანალიტიკოსებისთვის 

გზამკვლევი შედგება შემდეგი თავებისაგან:
  1. მასალის (სტატიის) აგებულება;
  2. მასალის (სტატიის) სტილი;
  3. სტატიაზე მუშაობის პროცესი/ვადები;
  4. მთავარი ვალედებულება ფაქტ-მეტრის გუნდის წევრებისთვის;
  5. დამატებითი ვალდებულებები ფაქტ-მეტრის გუნდის წევრებისთვის;
  6. დაზუსტებები: საკონტროლო კითხვები და პროცედურები.
მასალის (სტატიის) აგებულება (1) მასალა (სტატია) შედგება ხუთი ნაწილისგან:
  • სათაური/ქვესათაური - სტატიის სათაურში უნდა მოვიყვანოთ განმცხადებლის ციტატა. თუ ციტირება არ არის მოკლე და გასაგები, მაშინ პერიფრაზი მოგვყავს.
  • შესავალი - მოიცავს განცხადებასთან დაკავშირებული გარემოებების (ვინ, რა, როდის, სად განაცხადა) აღწერას;
  • ბექგრაუნდი - მოიცავს დამატებით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გარემოებები უძღოდა წინ აღნიშნულ განცხადებას, როგორი იყო ისტორიული და სხვა სახის (ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური) კონტექსტი, გადასამოწმებელ ფაქტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია (მედიით გასული განცხადებები, მანამდე დადასტურებული და/ან გადამოწმებული ფაქტები);
  • მთავარი ნაწილი (BODY), ფაქტის გადამოწმება - ეს არის შეჯერებული ინფორმაცია, რომელიც მოძიებულია სხვადასხვა წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, ოფიციალური ვებ-გვერდები, მედია, პირველწყაროდან მიღებული ინტერვიუები და სხვა), არის გაანალიზებული და ლაკონური;
  • დასკვნა - არის ანალიზის შედეგად დადგენილი გარემოება გადამოწმებული ფაქტის სიზუსტესთან დაკავშირებით, გრადაციის (სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი) მითითებით.
მასალის (სტატიის) სტილი (2)
  • გადასამოწმებელი ფაქტი მოგვყავს პირდაპირი ციტირების სახით;
  • სათაური შედგება არაუმეტეს 150 სიმბოლოსგან;
  • სათაური ვებ-გვერდზე თვალსაჩინოდ გამოიყოფა;
  • სათაურის შრიფტის ზომაა 12, სტატიის შრიფტის ზომაა 11, შრიფტის სახე - Sylfaen;
  • მასალაში (სტატიაში) BOLD-ით გამოიყოფა სათაური და "დასკვნა" (თავად ეს სიტყვა სტატიის ბოლოს);
  • მასალაში აუცილებლად მიეთითება განცხადების ამსახველი ვიდეოს ან წერილობითი წყაროს ლინქი (ვიდეოს შემთხვევაში, მისი ოპტიმალური ხანგრძლივობაა 2-3 წუთი);
  • სათაურში მიეთითება განმცხადებლის ვინაობა. არ მიეთითება მისი რეგალიები;
  • ორგანიზაციების სახელწოდებებს ვწერთ სრულად ან შესაბამისად განმარტებული აბრევიატურებით;
  • გრძელი წინანადებების ნაცვლად, სასურველია გამოიყენოთ მოკლე წინადადებები;
  • არაბული ციფრებით იწერება: ასაკი, მისამართი, სატელევიზიო არხების სახელწოდებები, სასამართლოს, პარლამენტის, მთავრობის გადაწყვეტილებები, ფულადი ერთეულები, გვერდები, პოლოტიკოსთა ან პარტიების საარჩევნო ნომრები, ტელეფონის ნომრები და ა.შ.
  • მასალის მესამე ნაწილი (ანალიზი) იწყება დაახლოებით ასე: "ფაქტ-მეტრი დაინტერესდა განცხადებაში მოყვანილი ფაქტის ან ფაქტების სიზუსტით" ან "ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა განცხადებაში მოყვანილი ინფორმაციის გადამოწმება". თუმცა, დასაშვებია/მისაღებია სხვაგვარი გადასვლაც;
  • სტატიაში ერთხელ მაინც უნდა მიეთითოს განმცხადებლის სტატუსი (მაგ. პარლამენტარი, კომიტეტის თავმჯდომარე, პარტიის დასახელება და სხვა). არ არის აუცილებელი რეგალიები მივუთითოთ პიროვნების ყოველი ხსენების დროს;
  • პარტიების და ორგანიზაციების სახელები იწერება სრულად: "კოალიცია - ქართული ოცნება", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საქართველოს პარლამენტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ა.შ.
  • პიროვნების სახელი და გვარი იწერება სრულად (მაგ. ირაკლი ღარიბაშვილი და არა ი. ღარიბაშვილი);
  • დასკვნაში ვიმეორებთ გადამოწმებულ განცხადებას, ვწერთ მოკლე ანალიტიკურ მიმოხილვას განცხადების გარშემო და მხოლოდ ამის შემდეგ, ვწერთ გრადაციას;
  • არ გამოყენება ბარბარიზმები, ჟარგონები, კალკები (გამონაკლისია ზუსტი ციტირების აუცილებლობა). ტექსტი იწერება აკადემიურად, ყველა სასვენი ნიშნით, აბზაცების გათვალისწიებით;
  • სტატიის ავტორის მინიშნება ან განმარტება თავსდება შესაბამის ფორმაში - [...]
  • შესაძლებელი უნდა იყოს მასალაში (სტატიაში) მოყვანილი ყველა ცხრილის, სტატისტიკის, უცხო ტერმინის განმარტების იოლად მოძიება (მაგ. მოკლე განმარტება ან ჰიპერლინკი);
  • ყველა სტატიის ბოლოს იწერება მასალის (სტატიის) ავტორის სახელი და გვარი, სტატიის კატეგორია, ინგლისური ლინქები თარჯიმნებისთვის;
  • რედაქტირებისას დაცულია ეთიკის ნორმები;
  • განმცხადებლის ციტირებისას შესაძლებელია კორექტურული, გრამატიკული შესწორებების შეტანა;
  • რიცხვებში ათასების გამოყოფისთვის მძიმე ან გამოტოვება გამოიყენეთ, ხოლო ათწილადების წერისას გამოიყენეთ წერტილი (მაგ. ოთხმოცი ათასი მთელი შვიდი დავწეროთ ასე: 80 000.7 ან 80,000.7 /4.5%);
  • ერიდეთ გრძელი რიცხვების გამოყენებას. თუ რაღაცას მილიონებში წერთ, დაამრგვალეთ, მთელის გამოყოფა საჭირო არაა. მაგალითად, 1 000 000.6 ლარის ნაცვლად ვწერთ 1 000 001 ლარს. 567.3 მილიონის ნაცვლად 567 მილიონი, თუ რამოდენიმე მილიონი არ არის. მაგალითად, არ დაამრგვალოთ 1.2 მილიონი 1 მილიონამდე;
  • ეცადეთ, ტექსტში რიცხვები მოიტანოთ იმ ერთეულში, რომელშიც ციტატის ავტორი ამბობს. მაგალითად, თუ საუბრობს მილიონებში, გადამოწმებისას ტექსტში არ დაწეროთ 62 000 ათასი, პირდაპირ დაწერეთ 62 მილიონი.
სტატიაზე მუშაობის პროცესი/ვადები (3)
  1. ფაქტ-მეტრის გუნდის წევრი ერთი თვის მანძილზე (შესაბამისი თემების არსებობის შემთხვევაში) ამზადებს არანაკლებ 3 სტატიას;
  2. სტატიის დასრულების სავალდებულო ვადა განსაზღვრულია თემის მიღების მეორე დღიდან არაუმეტეს 3 დღისა (იმ შემთხვევაში თუ ფაქტის გადამოწმება ონლაინ რესურსებით არის შესაძლებელი. ორი ან სამი სტატიის შემთხვევაში დრო იზრდება, შესაბამისად, 6 და 9 დღემდე);
  3. იმ შემთხვევაში, თუ სტატიის დასრულებას სჭირდება ინტერვიუ განცხადების ავტორთან ან სფეროს ექსპერტთან, მისი დასრულების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 5 დღისა (შენიშვნა: სტატიაზე მუშაობისას, ინტერვიუები და საინფორმაციო შეხვედრები ექსპერტებთან სავალდებულოა თითქმის ყველა შემთხვევაში);
  4. იმ შემთხვევაში, თუ სტატიის დასრულებისთვის საჭიროა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, ავტორი შესაბამის წერილს აგზავნის თემის მიღებიდან მაქსიმალურად მოკლე დროში (ორი დღე). სტატიის ავტორი პერიოდულად უკავშირდება იმ საჯარო უწყებას, სადაც წერილი გააგზავნა და მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდების სავარაუდო თარიღს აზუსტებს. საჯარო ინფორმაციის წერილის მიღებიდან, სტატიის დასრულების მაქსიმალური ვადაა 2 დღე;
  5. გადასამოწმებელი განცხადების მიღების შემდეგ, სამუშაო ფოლდერში არსებულ სპეციალურ დოკუმენტში სტატიის ავტორმა ყოველდღიურად უნდა მიუთითოს, თუ რა ეტაპზეა მისი სტატია (მაგ: "დღეს გავაანალიზე ესა და ეს სტატისტიკური მონაცემი", "გავეცანი ამა და ამ მასალას", "ველოდები წერილს საჯარო უწყებიდან", "ველოდები ინტერვიუს ექსპერტთან", "ვიყავი ამა და ამ შეხვედრაზე", "სტატია დასრულებულია, დევს შესაბამის ფოლდერში" და ა.შ.);
  6. იმ შემთხვევაში, თუ სტატიის ავტორი ვერ ახერხებს სტატიაზე მუშაობის დროულად დასრულებას და ამისთვის არ გააჩნია არანაირი ობიექტური მიზეზი, მას დაეკისრება შესაბამისი სანქციები;
  7. სტატიაზე მუშაობის დასაწყისში ავტორი ვალდებულია ციტატის ავტორს (პოლიტიკოსს) შეატყობინოს (სატელეფონო კომუნიკაციით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით), რომ იგი მის განცხადებას ამოწმებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სთხოვოს ფაქტის დაზუსტება;
  8. იმ შემთხვევაში, თუ მრავალი მცდელობის შემდეგ სტატია მაინც ვერ სრულდება და მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გაურკვეველი რჩება, ავტორი ვალდებულია დაეკონტაქტოს სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკოსებს, პრესსამსახურის წარმომადგენლებს, გააცნოს მათ აღნიშნული კვლევის შედეგები და ინფორმაციის მოძიებაში დახმარება სთხოვოს.
მთავარი ვალედებულება ფაქტ-მეტრის გუნდის წევრებისთვის (4)
  1. ფაქტ-მეტრის გუნდის წევრები ვალდებულნი არიან, თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციები დატოვონ სახლში და შეინარჩუნონ სრული მოუკერძოებლობა კვლევის პროცესში.
დამატებითი ვალდებულებები ფაქტ-მეტრის გუნდის წევრებისთვის (5)
  1. გუნდის წევრები ვალდებულნი არიან, სამუშაო დღეებში, სამსახურში გამოცხადდნენ 10:30 სთ-ზე და დაესწრონ დილის სავალდებულო შეკრებას;
  2. ავტორებს, თავიანთი კომპეტენციიდან გამომდინარე, ევალებათ დაესწრონ შესაბამის სტრუქტურებში (პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, მინისტრების, სხვა პოლიტიკოსების) და არასამთავრობო ორგანიზაციებში გამართულ პრესკონფერენციებს და დასვან წინასწარ მომზადებული შეკითხვები;
  3. ავტორებს ევალებათ მათთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობ თემას თვალი მიადევნონ სტატიაზე მუშაობის დასრულების შემდეგაც. ასევე, მათთვის ცნობილ (მოსალოდნელ აქტუალურ) თემებზე საჯარო ინფორმაცია გამოითხოვონ წინასწარ.
დაზუსტებები: საკონტროლო კითხვები და პროცედურები (6) 
  1. ავტორი სტატიას ათავსებს შესაბამის ფოლდერში. შემდეგ, სტატიას კითხულობს რედაქტორი და კომენტარებითვე უბრუნებს ავტორს. საბოლოოდ გასწორებულ ვარიანტს რედაქტორი ათავსებს ფოლდერში სახელწოდებით for site;
  2. რედაქტირებულ სტატიებს ვებგვერდზე ატვირთავს ვებ-ადმინისტრატორი, არაუგვიანეს ერთი დღის ვადაში;
  3. ორგანიზაციიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ხდება ოფიციალური წერილის საშუალებით, რომელსაც ამოწმებს პროექტის კოორდინატორი. წერილს ხელს აწერს ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირი;
  4. სტატიის წერის პროცესში, ავტორი საჯარო უწყებიდან წერილს ელოდება მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში (ამ პერიოდში საჯარო უწყებებში ხორციელდება ზარები წერილის თაობაზე). ამის შემდეგ, სტატია სრულდება წერილის გარეშე და სტატიაში აღინიშნება, რომ წერილზე პასუხი არ არის.
იხილეთ ყველა სტატია

პროპაგანდა

იხილეთ ვრცლად
5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი