უმნიშვნელოვანესი პროგრამაა სახნავ-სათესების უსასყიდლოდ დახვნა, რამაც უზრუნველყო, რომ, რაც შეიძლება, მეტი პროდუქცია მოვიმკათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

მარინე გვიანიძე: უმნიშვნელოვანესი პროგრამაა სახნავ-სათესების უსასყიდლოდ დახვნა, რამაც უზრუნველყო, რომ, რაც შეიძლება, მეტი პროდუქცია მოვიმკათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მარინე გვიანიძის განცხადება არის მცდარი.

აჭარის ა/რ მიწის (უფასო) ხვნის პროგრამა 2020 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა. როგორც აჭარის მთავრობის მიერ სხვადასხვა დროს გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, 2025 წლის ჩათვლით, პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად, 2 000 ჰა-ზე მეტი მიწა მუშავდება. ეს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ნაწილისთვის ნამდვილად შეღავათია. თუმცა აღნიშნული პროგრამის ამოქმედებამდე, 2019 წელს, რეგიონში ერთწლიანი კულტურების ნათესი მიწის ფართობი 3.4 ათას ჰექტარს შეადგენდა. ზრდა მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა და 3.8 ათას ჰექტარს მიაღწია, მომდევნო წლებში კი მოიკლო და 2024 წელს 2.3 ათას ჰექტარზე ჩამოვიდა. ასევე წინა წლების იდენტურია ან ნაკლებია მოსავლიანობის მაჩვენებელი. საუბარია სიმინდის, ლობიოს, კარტოფილის, კიტრისა და პომიდვრის მოსავალზე.
ამდენად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მარინა გვიანიძის განცხადება არის მცდარი.


ანალიზი:

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა აჭარაში მარინე გვიანიძემ განაცხადა: უმნიშვნელოვანესი პროგრამაა სახნავ-სათესების უსასყიდლოდ დახვნა, რამაც უზრუნველყო, რომ, რაც შეიძლება, მეტი პროდუქცია მოვიმკათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

„ფაქტ-მეტრმა“ პოლიტიკოსის განცხადება გადაამოწმა.

აჭარის მთავრობამ ხვნის (უფასო) პროგრამა პანდემიის დროს აამოქმედა და დღემდე გრძელდება. ამ საკითხთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრმა“ პირველად სტატია 2020 წლის ივლისში გამოაქვეყნა. იმ დროს, პროგრამის ფარგლებში, დამუშავებული იყო მოსახლეობის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული 1 400 ჰა-მდე მიწის ფართობი. ამის შემდეგ, უსასყიდლოდ დამუშავებული ნაკვეთების ფართობი გაიზარდა. კერძოდ, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშების თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ექვსივე მუნიციპალიტეტში, ჯამურად, 2021 წელს დამუშავდა 2 164 ჰა მიწის ნაკვეთი, 2022 წელსაც, ასევე, 2 164 ჰა, 2023 წელს - 2 136 ჰა, 2024 წელს - 2 280 ჰა-ზე მეტი, 2025 წლის ივნისის მდგომარეობით კი, პროგრამის ფარგლებში დამუშავებული ნაკვეთების ფართობი 2 438 ჰა-ს შეადგენს.

საინტერესოა მონაცემები, რომლებიც აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების დამუშავებისა და მიღებული მოსავლის დინამიკას ასახავს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც 2014 წლის აღწერას ეფუძნება, აჭარაში არსებული მეურნეობების სარგებლობაში სულ 21 944 ჰა მიწაა. აქედან 19 731 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, ხოლო 2 212 ჰა - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების.

ცხრილი 1. მეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი მიწათსარგებლობის ფორმების მიხედვით (ჰა)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სასოფლო-სამეურნეო მიწის მთლიანი ფართობიდან, 6 054 ჰა არის სახნავი, 9 011 ჰა დაკავებულია მრავალწლიანი ნარგავებით, 12 ჰა უჭირავს სათბურებს, ხოლო 4 653 ჰა მიწა ბუნებრივი სათიბები და საძოვრებია.

იმავე საქსტატის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაცია მოიცავს მონაცემებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დამუშავებული და ნათესი ფართობების შესახებ. საქსტატმა დათვალა, რომ აჭარაში, 2024 წლის მიხედვით, ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები შემცირებულია. საანგარიშო პერიოდად აღებულია 2019-2024 წლები (2019 წელი არის პროგრამის ამოქმედებამდე პერიოდი).

ცხრილი 2. ერთწლიანი ნათესი ფართობები აჭარაში, 2019-2024 წლების მიხედვით, ათასი ჰა


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

შენიშვნა: საშუალო მოსავლიანობა გაიანგარიშება მხოლოდ წმინდა ნათესებიდან მიღებული მოსავლის მიხედვით.

როგორც ცხრილი 4 აჩვენებს, იმის თქმა, რომ პროგრამის ამოქმედების შემდეგ, აჭარაში მეტი პროდუქციის მიღება გახდა შესაძლებელი, სულ მცირე, გადაჭარბებულია. საქსტატის მონაცემებით, შარშან აჭარაში სიმინდის, ლობიოსა და კარტოფილის წარმოება უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2019 წელს.

ფაქტობრივად, უცვლელია აჭარაში ბოსტნეულის ნათესი ფართობების მიხედვით არსებული მდგომარეობაც.

ცხრილი 5. ბოსტნეულის ნათესი და აღებული ფართობი აჭარაში, 2019-2024 წლები, ათასი ჰა


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება ბოსტნეულის წარმოებას, მონაცემები ასე გამოიყურება:

ცხრილი 6. ბოსტნეულის წარმოება (ათასი ტონა) და საშუალო მოსავლიანობა (ტ/ჰა) აჭარაში, 2019-2024 წლები


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ვხედავთ, 2019 წელთან მიმართებით, შემცირებულია ბოსტნეულის წარმოება, თუმცა  2024 წელს საშუალო მოსავლიანობა მცირედით  აღემატება საანგარიშო პერიოდის პირველ მონაცემს, თუმცა 2020 წლიდან მოყოლებული შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

რაც შეეხება კონკრეტულად კიტრს, პომიდორს, წიწაკასა და მწვანე ლობიოს, ასეთი მონაცემები გვაქვს:

ცხრილი 7. კიტრის, პომიდვრის, წიწაკისა და მწვანე ლობიოს წარმოება აჭარაში, 2021-2024 წლები, ათასი ტონა

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ინფორმაციისთვის, საანგარიშო პერიოდში აჭარაში შემცირებულია ხილის, სუბტროპიკული ხილის, ყურძნის, ციტრუსის წარმოებაც.

ცხრილი 8. ხილის, სუბტროპიკული ხილის, ყურძნისა და ციტრუსის წარმოება აჭარაში, 2021-2024 წლები, ათასი ტონა


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

უნდა აღინიშნოს, რომ, საანგარიშო პერიოდში, აჭარაში ციტრუსის წარმოების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო 2023 წელს, თუმცა 2024 წელს საგრძნობლად შემცირდა.

ბუნებრივია, „ფაქტ-მეტრი“ ამ სტატიაში არ მსჯელობს პროდუქციის წარმოების შემცირების მიზეზებზე. ჩვენი მიზანი იყო, გადაგვემოწმებინა, გაიზარდა, თუ - არა აჭარაში, ხვნის (უფასო) პროგრამის ამოქმედების შემდეგ, პროდუქციის წარმოება. სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ არ გაზრდილა. ერთადერთი, სადაც 2019 წელთან შედარებით, მცირედი ზრდა შეინიშნება, არის ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობა (ტ/ჰა) 2024 წელს, თუმცა აქაც, საანგარიშო პერიოდის დანარჩენ წლებთან შედარებით, კლება ფიქსირდება. ამდენად, მარინე გვიანიძის განცხადება არის მცდარი.