კახა კალაძის პირობებში ავარიული სახლების გამაგრების ხარჯები წლიდან წლამდე იკლებს

ანა გოგოლაძე: კახა კალაძის პირობებში ავარიული სახლების გამაგრების ხარჯები წლიდან წლამდე იკლებს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა გოგოლაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

კახა კალაძის მერად პირველი ვადით არჩევის დროს, 2017 წელს, ავარიული სახლების გამაგრების ბიუჯეტის გეგმა 17 მლნ ლარი იყო ( ფაქტობრივი შესრულება 15 მლნ ლარი). ყოველ მომდევნო წელს, გარდა 2019 და 2022 წლებისა, ბიუჯეტის როგორც გეგმა, ასევე ფაქტობრივი შესრულებაც მცირდებოდა. შესაბამისად, ანა გოგოლაძის განცხადება სიმართლეა. რაც შეეხება უშუალოდ ანა გოგოლაძის მიერ დასახელებულ წლების მონაცემებს, 2020 წელს ავარიული შენობების გამაგრების ბიუჯეტის გეგმა მართლაც 13 მლნ იყო და ოთხ წელიწადში, შესაბამისად 2024 წელს, მართლაც 7 მლნ ლარამდე შემცირდა. აქედან გამომდინარე, განცხადების ეს ნაწილიც სიმართლეს შეესაბამება.
ჩვენ ქვემოთ თბილისის მერიის მიერ 2022 წელს ამოქმედებულ პროგრამაზეც ვისაუბრეთ, რომლის ფარგლებშიც ავარიული, საბჭოთა პერიოდში აშენებული კორპუსების ჩანაცვლება ხორციელდება, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა გაუვიდათ. ოღონდ ამ პროგრამის ფარგლებში კორპუსის მთლიანი ჩანაცვლება ხდება და არა გამაგრება/რეაბილიტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი პროგრამის მიზანი - მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა, იდენტურია, როგორც აღვნიშნეთ, ერთ შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია/გამაგრება ხორციელდება, ხოლო მეორე შემთხვევაში, საცხოვრებელი კორპუსების მთლიანი ჩანაცვლება.
ანა გოგოლაძე ავარიული სახლების გამაგრებაზე საუბრობს და ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამას არ მოიაზრებს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა გოგოლაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

საკრებულოს წევრმა ანა გოგოლაძემ, რომელიც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, ძველ თბილისში ერთ-ერთი სახლის ჩამონგრევისას, ავარიული სახლების შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „კახა კალაძის პირობებში ავარიული სახლების გამაგრების ხარჯები წლიდან წლამდე იკლებს. მაგალითად, თუ ოთხი წლის წინ 13 მლნ ლარი იყო, ახლა 7 მლნ-ია“.

დედაქალაქში არსებული ავარიული შენობების გამაგრება თბილის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული და შესაბამისი პროგრამის - „ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება“ (კოდი 02.02), ფარგლებში ფინანსდება. პროგრამა საბინაო- საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში, თბილისში გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ავარიული შენობების აღდგენა-რეაბილიტაცია ყოველწლიურად იგეგმება. პროგრამის საბოლოო მიზანიც ავარიული საცხოვრებელი სახლების შემცირება, შენობის ჩამოშლის საშიშროების თავიდან აცილება და ამის შედეგად მობინადრეთა უსაფრთხოების დაცვაა.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში წლების განმავლობაში რა რაოდენობით თანხა იხარჯებოდა.

თბილისის მერიის ბიუჯეტის მიხედვით, მიმდინარე წელს ავარიული სახლების გასამაგრებლად 10 148 100 ლარია (გეგმა) გათვალისწინებული, გასულ წელს ამავე მიზნით, 7 409 300 ლარი (გეგმა) იყო გამოყოფილი, 2023 წელს კი პროგრამის ფაქტობრივმა შესრულებამ 8 106 000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება საკვლევი პროგრამის წინა წლის ხარჯებს, შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 1: ავარიული შენობები გამაგრება, ბიუჯეტი


წყარო: თბილისის ბიუჯეტი

როგორც თბილისის ბიუჯეტი ცხადყოფს, კახა კალაძის მერობის პირველი ვადიდან მოყოლებული (2017 წლიდან), ავარიული შენობების გამაგრების ბიუჯეტი კლებადია, გამონაკლისია ორი წელი - 2019 და 2022, როცა წინა წელთან შედარებით, ბიუჯეტის გეგმაც და ფაქტობრივი შესრულებაც მართალია გაზრდილია, თუმცა 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით მაინც შემცირებული თანხაა. რაც შეეხება უშუალოდ ანა გოგოლაძის მიერ დასახელებულ წლების მონაცემებს, 2020 წელს ავარიული შენობების გამაგრების ბიუჯეტის გეგმა მართლაც 13 მლნ იყო და ოთხ წელიწადში, შესაბამისად 2024 წელს, მართლაც 7 მლნ ლარამდე შემცირდა.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის მერიამ 2022 წლიდან ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა აამოქმედა. პროგრამის ფარგლებში იმ კორპუსების ჩანაცვლება ხდება, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა ეწურებათ, ავარიულია და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოსთვის საჭირო პირობებს ვერ აკმაყოფილებს. ამასთანავე, აღნიშნულ შენობებს უამრავი პრობლემა გააჩნიათ, როგორიცაა გაუმართავი ლიფტები, მოუწესრიგებელი ეზოები, სადარბაზოები და სხვა.

დასახელებული პროგრამა საბჭოთადროინდელი შენობების ახალი, თანამედროვე კორპუსებით ეტაპობრივ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი კორპუსებიდან მოსახლეობა დროებით იქნება გაყვანილი და ახალი კორპუსების დასრულების შემდეგ მათ შესაბამისი ფართი გარემონტებულ მდგომარეობაში იმავე ადგილას გადაეცემათ. შესაბამისად, ამ პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების არა გამაგრება/ რეაბილიტაცია, არამედ კორპუსების მთლიანი ჩანაცვლება ხორციელდება.

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ბიუჯეტი (ფაქტი) 2022 წელს 276 000 ლარი იყო, 2023 წელს - 4 178 900 ლარი, 2024 წლის გეგმამ 14 800 000 ლარი შეადგინა, აღნიშნული პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტის გეგმა 24 550 499 ლარით განისაზღვრა.

განხილული ორი პროგრამის საბოლოო მიზანი მაცხოვრებლების უსაფრთხო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაა. ერთ შემთხვევაში, ავარიული სახლების გამაგრება/რეაბილიტაცია, მეორე შემთხვევაში კი ავარიული, საბჭოთადროინდელი კორპუსების მთლიანად ჩანაცვლება ხორციელდება. თვითონა ანა გოგოლაძე განცხადებაში ავარიული სახლების გამაგრებაზე საუბრობს, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამას არ განიხილავს

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა გოგოლაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები
ანა გოგოლაძე

ყველა სიახლე