გრიგოლ გეგელია: „ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილი ოფიციალურად აუქმებს ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გრიგოლ გეგელიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
vs
საგარეო საქმეთა სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროში უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, არ შეესაბამება სიმართლეს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის მეტწილად მცდარი.
ანალიზი
კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ 1 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილი ოფიციალურად აუქმებს ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს”. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან პოლიტიკური ნიშნით 250 თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სტრუქტურის თანახმად, ამჟამად უწყებაში ფუნქციონირებს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, რომელიც ორ დეპარტამენტს აერთიანებს - ევროინტეგრაციის დეპარტამენტს და ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტს. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ აქამდე საგარეო უწყებაში ევროინტეგრაციის პროცესზე პასუხისმგებელი იყო სხვა დეპარტამენტებთან შედარებით უფრო მაღალი სტატუსის მქონე სტრუქტურული ერთეული, რომლის ხელმძღვანელის, ანუ გენერალური დირექტორის პორტფელი მხოლოდ ევროინტეგრაციის მიმართულებით განისაზღვრებოდა.
ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი უწყებაში 2018 წელს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შერწყმის შემდეგ შეიქმნა. იმ დროს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ „ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის შექმნა პირდაპირ ეხმიანება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს" და რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველი საჯარო უწყებაა, სადაც „ევროპული ტიპის გენერალური დირექტორატის პორტფელი შეიქმნება". ამავე ინფორმაციით, გენერალური დირექტორატის დაქვემდებარებაში არსებული ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ამოცანაა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, ხოლო ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის - ევროკავშირის დახმარების კოორდინაცია, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგი/კოორდინაცია და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვა.
ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის სპეციფიკისა და დანიშნულების გარკვევის მიზნით, "ფაქტ-მეტრი" დამატებით მიხეილ ჯანელიძეს დაუკავშირდა, რომელიც რეორგანიზაციის დროს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მიხეილ ჯანელიძემ განმარტა, რომ „საგარეო საქმეთა სამინისტროში ასეთი დირექტორატის შექმნა იყო მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ჩანაწერის ეფექტურად შესასრულებლად სამინისტროს მხრიდან. ამ სახით, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულება კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება და ინსტიტუციურად გამყარდა საგარეო საქმეთა სამინისტროში“. მისივე განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ფუნქციის გადმოტანით, გაძლიერდა ევროინტეგრაციის საკითხებზე როგორც შიდა და საერთაშორისო კოორდინაცია, როგორც პოლიტიკური სტატუსიდან, ასევე ინსტიტუციური შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატისა და მასში შემავალი დეპარტამენტებისგან განყენებულად ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროში ფუნქციონირებს ევროპის დეპარტამენტი, რომელიც ევროკავშირის წევრ და არაწევრ ევროპულ სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი.
რა იცვლება საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად?
აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება თავად საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. უწყებამ ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს გააერთიანებს. ეს ნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის დეპარტამენტი კვლავაც იქნება, მაგრამ ევროინტეგრაციის დასახელებით დირექტორატი აღარ იარსებებს. მეტიც, ახალი პოლიტიკური დირექტორატის ხელმძღვანელი არა ექსკლუზიურად ევროინტეგრაციის მიმართულებაზე იქნება პასუხისმგებელი, როგორც ეს აქამდე იყო, არამედ მის პორტფელს ახალი საკითხები დაემატება, რაც თავისთავად აკნინებს ევროინტეგრაციის საკითხების პრიორიტეტულობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „ტაბულამ" გაავრცელა და რომლის ავთენტურობა საგარეო უწყებას არ უარუყვია, იკვეთება, რომ რეორგანიზაციის შედეგად ოთხი პოლიტიკური დირექტორატის შექმნა და მათში ათი დეპარტამენტის გაერთიანება იგეგმება. ახალი სტრუქტურის პროექტის დეტალური შესწავლის შემდეგ გამოვლინდა, რომ მაშინ, როდესაც სხვა პოლიტიკური დეპარტამენტების დასახელებაში მათში შემავალი დეპარტამენტების დასახელება ფიგურირებს, ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატის დასახელებაში „ევროინტეგრაცია" ასახული არ არის. მაგალითად, პროექტის მიხედვით, სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ევროატლანტიკური (ანუ ნატოში) ინტეგრაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტს და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტს გააერთიანებს, „უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკური დირექტორატი" დაერქმევა. საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი და საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი „საერთაშორისო სამართლებრივ, საკონსულო და დიასპორის საკითხების პოლიტიკურ დირექტორატში" გაერთიანდება. ამ კონტექსტში, „ევროინტეგრაციისა და ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატის” შექმნა სავსებით ლოგიკური იქნებოდა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ საკითხი სხვაგვარად გადაწყვიტა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილიდან ასევე იკვეთება, რომ სამინისტროს ცენტრალურ აპარატს შეერწყმება სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ). ამჟამად საგარეო უწყების დაქვემდებარებაში სსიპ-ის სტატუსით ფუნქციონირებს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომელიც უშუალოდ მინისტრის მოადგილეს ექვემდებარება. საინფორმაციო ცენტრის მიზანი, მისივე ვებგვერდის თანახმად, „ეფექტიანი და თანმიმდევრული სტრატეგიული კომუნიკაციის გზით, ნატოს, ევროკავშირის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პროცესების დინამიკის და აქტუალური საკითხების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგის და ცნობიერების ამაღლება”.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ცენტრი საგარეო უწყების ახალი სტრუქტურის პროექტში საერთოდ არ ფიგურირებს. ამავდროულად, პროექტში ვკითხულობთ, რომ ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ფარგლებში იქმნება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო, რომელიც, როგორც ჩანს, საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროში ამჟამად არსებული კიდევ ერთი სტრუქტურული ერთეულის - სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდება. ამგვარად, სსიპ საინფორმაციო ცენტრის სტატუსის შეცვლა და მისი ჩანაცვლება ერთ-ერთი რიგითი სამმართველოთი, რომელიც არათუ არ დაექვემდებარება მინისტრის მოადგილეს, არამედ მათ შორის არაერთი ბიუროკრატიული რგოლი წარმოიშობა, ცენტრის მიზანმიმართულ დაქვეითებაზე მიუთითებს.
ზემოხსენებული გადაწყვეტილებები, „ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი ნაბიჯების, ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელი საკანონმდებლო ინიციატივებისა და ანტიდასავლური რიტორიკის კვალდაკვალ, საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილების კიდევ ერთ გამოვლინებას წარმოადგენს.
ამასთან, ნიშანდობლივია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა გრიგოლ გეგელიას განცხადება, თითქოს რეორგანიზაციის შედეგად 250 თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგში არდაყენების თაობაზე განაცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მოქმედმა თანამშრომლებმა ეს გადაწყვეტილება ერთობლივი განცხადებით გააპროტესტეს და დაადასტურეს საკუთარი ერთგულება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი. ამჟამად განცხადებას 241 ხელმომწერი ჰყავს. დაგეგმილი საკადრო წმენდის მიზეზად გრიგოლ გეგელიამ სწორედ ეს პეტიცია დაასახელა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ მსგავსი შინაარსის განცხადება სხვა საჯარო უწყებების თანამშრომლებმაც გაავრცელეს.
განცხადებების გავრცელებიდან მალევე, 2024 წლის 13 დეკემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაჩქარებული წესით ცვლილებები მიიღო, რომელთა შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლება გამარტივდა, ასევე მნიშვნელოვნად შეიზღუდა რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული მოხელეების უფლებები, მათ შორის:
- კანონის ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები, ანუ შუა რგოლის მენეჯერები, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები არიან და საჯარო მოხელეებად აღარ მიიჩნევიან. ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს ერთ-ერთი მხარის, მათ შორის დამსაქმებლის ინიციატივით, 1 თვით ადრე გაფრთხილების პირობით. სხვა სიტყვებით, თუ ადრე ეს პირები „უვადოდ“ დანიშნული საჯარო მოხელეები იყვნენ და მათ უფლებებს კანონი იცავდა, ცვლილებების ამოქმედების შემდგომ ისინი შესაძლო პოლიტიკური დევნის წინაშე სრულიად დაუცველები დარჩნენ.
- რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ პირებზე მობილობის წესი აღარ ვრცელდება და გათავისუფლების შედეგად ისინი საჯარო სისტემიდან საერთოდ გაირიცხებიან. ცვლილებამდე საჯარო დაწესებულებას ჰქონდა ვალდებულება, რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული პირისთვის იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი კომპეტენციის შესაფერისი ან ნაკლები კომპეტენციის ვაკანსია შეეთავაზებინა.
- მეტიც, თუ ადრე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო მოხელე იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღედგინა, ან განეხორციელებინა შესაბამისი ღონისძიებები საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების მიზნით, ამჟამად ეს ვალდებულება რეორგანიზაციის შემთხვევებზე აღარ ვრცელდება. ასეთ დროს გათავისუფლებული პირისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
- რეორგანიზაციის საფუძვლით მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მას არ მიეცემა არანაირი სახის კომპენსაცია. კომპენსაცია გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას ერთი თვით ადრე არ ეცნობება მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე.
საგულისხმოა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები საჯარო სექტორში რეორგანიზაციის გამარტივებას ემსახურებოდა.
გარდა ამისა, 14 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით ცვლილებები შეიტანა დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონშიც. ცვლილებების თანახმად, 24-ე მუხლს – „დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევის საფუძვლები” – ემატება ჩანაწერი: „მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის ინტერესების ან/და იმიჯის შელახვა, ან ისეთი ქმედების ჩადენა რომელიც ეწინააღმდეგება საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა ან/და სამინისტროს ინტერესს”. აღნიშნული ჩანაწერი კი მნიშვნელოვნად ამარტივებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში დასაქმებული პირების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოცხადებული რეორგანიზაცია, ევროინტეგრაციის პროცესის სტრუქტურულ დაქვეითებასთან ერთად, იმ თანამშრომლების მოსალოდნელ გათავისუფლებაზეც მიუთითებს, რომლებმაც ერთობლივი განცხადების ხელმოწერით, საპროტესტო აქციაში მონაწილეობით თუ ნებისმიერი სხვა ჟესტით გამოხატეს საკუთარი პოზიცია „ქართული ოცნების“ ამჟამინდელ საგარეო-პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. მეტიც, „ფაქტ-მეტრის“ ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საბაბით, არაერთი თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება.
იმის გათვალისწინებით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოხელეების გათავისუფლების ფაქტი არ დამდგარა და ამ ეტაპზე მხოლოდ საფუძვლიანი ვარაუდის თუ მოლოდინის დონეზე რჩება, „ფაქტ-მეტრი“ გრიგოლ გეგელიას განცხადების ამ კონკრეტულ ნაწილს ვერდიქტით ვერ შეაფასებს და პროცესზე დაკვირვებას გააგრძელებს. რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმებას ეხება, აღნიშნულის გაანალიზება შესაძლებელია გავრცელებული ახალი სტრუქტურის პროექტის საფუძველზე. კერძოდ, თუ რეორგანიზაციის დასრულებამდე არსებული პროექტის გადახედვა არ მოხდება, ეს ნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის დასახელებით გენერალური თუ პოლიტიკური დეპარტამენტი უწყებაში აღარ იარსებებს, ხოლო მის ნაცვლად შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი და მის ხელმძღვანელს, ევროინტეგრაციის გარდა, სხვა მიმართულებაც დაეკისრება.
აქედან გამომდინარე, გრიგოლ გეგელიას განცხადებას ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმების გეგმასთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო კომენტარს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.