2019 წელს საქართველოში PPP დათვლით ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის საშუალოს 34%-ს შეადგენდა, დღეს 44%-მდეა გაზრდილი

ლევან დავითაშვილი: 2019 წელს საქართველოში PPP დათვლით ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის საშუალოს 34%-ს შეადგენდა, დღეს 44%-მდეა გაზრდილი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის სიმართლე.

მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში ნომინალურმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე 16.8 ათასი დოლარი შეადგინა, ევროკავშირში - 48.8 ათასი, 2024 წელს, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში - 27.4 ათასი და ევროკავშირში - 62.7 ათასი დოლარი. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ფარდობა ევროკავშირთან შედარებით 34.4%-დან 43.7%-მდე გაიზარდა.

მუდმივ ფასებში დათვლილი 2024 წლის მონაცემები ხელმისაწვდომი არაა, წინა პერიოდში კი მსგავსი ტენდენცია აღინიშნებოდა. 2021 წლის მუდმივ ფასებში დათვლით, 2019-2023 წლებში ფარდობა 35.3%-დან 42%-მდე გაიზარდა.

ვერდიქტზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა აღსანიშნავია, რომ 1995 წლიდან მოყოლებული, ცალკეული გამონაკლისების გარდა, საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ევროკავშირის და პროცესი 2019 წლის მერე არ დაწყებულა. 1995 წელს საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის 10.7%-ს შეადგენდა, 2003 წელს - 16.6% და 2012 წელს უკვე - 28.8%-ს. პროცესზე გარკვეულწილად ევროკავშირის აღმოსავლეთ მიმართულებით გაფართოებამაც იმოქმედა, მაგრამ ეს გავლენა არსებითი არ ყოფილა, ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის საშუალოზე დაბალია, მაგრამ უსწრებს ზოგიერთ ძველ წევრ ქვეყანას.

ფაქტობრივი სიზუსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.

ანალიზი:

ლევან დავითაშვილმა 7 აპრილს რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა „ღამის კურიერში“ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას განაცხადა: „2019 წელს პანდემიამდე, მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაფუძნებული მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ანუ რეალურად რა ღირებულების დოვლათსაც ვქმნით გამოხატული საერთაშორისო შესადარ ფასებში, იყო დაახლოებით 34% ევროპის საშუალოსთან მიმართებაში ევროკავშირის ქვეყნებთან, 44%-მდე გაიზარდა ეს უკვე გასულ წელს“.

სამომხმარებლო ფასები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა, რის გამოც ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის შესადარებლად ხშირად მსყიდველუნარიანობის პარიტეტის (PPP) მეთოდს იყენებენ, რომელიც ფასებს საერთაშორისო დოლარში ითვლის. საერთაშორისო დოლარი, იგივე Geary–Khamis დოლარი, ჰიპოთეზური ვალუტაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლების შედარებისთვის გამოიყენება. საერთაშორისო დოლარის კურსი აშშ დოლარის იდენტურია.

სავალუტო ფონდის ინფორმაციის თანახმად, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (PPP), 2019 წელს საქართველოში ნომინალურმა მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 16.7 ათასი დოლარი შეადგინა, ევროკავშირში - 48.9 ათასი დოლარი. წინასწარი ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 27.4 ათასამდე და ევროკავშირში 62.7 ათას დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში პროცენტული თანაფარდობა 34%-დან 44%-მდე გაიზარდა.

გრაფიკი 1: მშპ ერთ სულ მოსახლეზე PPP


წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

მუდმივ ფასებში დათვლით, ბოლო ხელმისაწვდომი ინფორმაცია 2023 წლით თარიღდება, სადაც თანაფარდობაში რიცხვები მცირედით განსხვავდება, თუმცა ტენდენცია მსგავსია, უფრო კონკრეტულად, 2021 წლის მუდმივ ფასებში დათვლით, 2019 წელს საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ევროკავშირის 35.3%-ს შეადგენდა და 2023 წელს - 42%-ს.

მიზეზი, რის გამოც ჩამორჩენა შემცირდა, ეკონომიკური ზრდის ტემპებს შორის სხვაობაა. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირისაზე მეტად შემცირდა, თუმცა შემდეგ ოთხ წელიწადში ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო.

უფრო სწრაფად ზრდის მიუხედავად, 2024 წლის მდგომარეობითაც, საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის ყველაზე ღარიბ სახელმწიფო ბულგარეთში.

ზოგადად, ღარიბ ქვეყანას ზრდის მეტი პოტენციალი გააჩნია. 1995-2003 წლებშიც, 2004-2012 წლებშიც და 2013-2024 წლებშიც, ცალკეული გამონაკლისების გარდა, თითოეულ წელს საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირის ეკონომიკაზე სწრაფად იზრდებოდა. 1995-2024 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა 64%-ით გაიზარდა და საქართველოსი - 438%-ით. 29-დან 25 შემთხვევაში საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ევროკავშირში.

1995 წელს საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მხოლოდ მეათედს შეადგენდა, 2003 წელს 17%-მდე იყო გაზრდილი, 2012 წელს- 29%-მდე. თუ 1995 წელს ევროკავშირის მაცხოვრებელი საშუალოდ 9.3-ჯერ მდიდარი იყო საქართველოს მოქალაქეზე, 2003 წელს ეს ფარდობა 5.6-მდე და 2012 წელს 3.5-მდე იყო შემცირებული.

გრაფიკი 2: მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2021 წლის მუდმივ ფასებში (PPP)


წყარო: მსოფლიო ბანკი

პროცენტული თანაფარდობის ცვლილებაში გარკვეული გავლენა ევროკავშირის აღმოსავლეთ მიმართულებით გაფართოებამაც იქონია, როდესაც მის რიგებს, შედარებით დაბალშემოსავლიანი ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნები შეუერთდნენ, თუმცა ეს გავლენა არსებითი არ ყოფილა. დღეს ჩეხეთში მშპ ერთ სულ მოსახლეზე უფრო მაღალია, ვიდრე ესპანეთში, პოლონეთში უფრო მაღალი, ვიდრე პორტუგალიაში, ბალტიის სამივე რესპუბლიკაში, აგრეთვე, რუმინეთში, ხორვატიასა და ბულგარეთში უფრო მაღალი, ვიდრე საბერძნეთში. 2020 წლიდან ევროკავშირი ბრიტანეთმაც დატოვა, მაგრამ რადგან ბრიტანეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 62.6 ათასი დოლარია, ანუ იგივე, რაც საშუალოდ ევროკავშირში, ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს მშპ-ს ევროკავშირის მშპ-სთან თანაფარდობაზე არსებითი გავლენა არც ამ ფაქტს მოუხდენია.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მსყიდველუნარიანობის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მხრივ (როგორც მიმდინარე, ასევე მუდმივ ფასებში დათვლით) კვლავ ჩამორჩება ევროკავშირს, თუმცა წლებთან ერთად სხვაობა მცირდება, მათ შორის ბოლო 5 წელიწადში თანაფარდობა თითქმის 10 პროცენტული პუნქტით შეიცვალა. ფაქტობრივი სიზუსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.