2025 წლის 5 თებერვალს პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისია შექმნა. „ქართული ოცნების“ პოზიციით, კომისიის მიზანი 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა [„ნაციონალური მოძრაობის“] და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლაა. კომისია 10 წევრისაგან შედგება. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ კომისიაში 5 წევრი - თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური და პაატა სალია წარადგინა. საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით კი წარმოდგენილნი არიან „ქართული ოცნების“ სიიდან „ხალხის ძალის“ წევრები - სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი და ასევე „ქართული ოცნების“, სიიდან, თუმცა ამჟამად „ევროპელი სოციალისტების“ წევრი - ილია ინჯია. აღნიშნული 8 წევრის გარდა კომისიაში კიდევ ორი ადგილია დარჩენილი და განკუთვნილია „საქართველოსთვის“, წევრებისთვის.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებს შეეხება. მისი პირველი პუნქტის თანახმად, რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ინიციატივით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება. მისი მეორე პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. დროებით კომისიაში საპარლამენტო ფრაქციები თითო წევრით მაინც უნდა იყვნენ წარმოდგენილნი. დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
საქართველოს კონსტიტუცია ოპოზიციონერ დეპუტატთა რაოდენობას არანაკლებ ნახევრისა სწორედ იმიტომ აწესებს, რომ უმრავლესობაში მყოფი პარტიის წარმომადგენლებს არ მიეცეთ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების საშუალება. აღსანიშნავია, რომ „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირებად ჰქონდა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება. მაგალითად, პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ 2024 წლის 31 აგვისტოს განაცხადა: „პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მოღალატეობრივი ქმედებების გამო, სხვაგვარად შეუძლებელია... ამიტომაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ისევე როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს“. მეტიც, ამავე საკითხზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავდა, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ გასასამართლებლად. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის 10 წევრიდან 8 „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრი იყო, პარტიის, რომლის წინასაარჩევნოდ განცხადებული მიზანიც ენმ-ს „აკრძალვა“ იყო.
საგამოძიებო კომისიის ფორმირების შესახებ საქართველოს კონსტიტუცია ამბობს იმას, რომ მასში ნახევარზე ნაკლები ადგილი არ შეიძლება ოპოზიციას ეკუთვნოდეს. ამ შემთხვევაში - „ქართულ ოცნებას“ გამოეყო დეპუტატთა გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ოპოზიცია „ჩამოაყალიბეს“ და შემდგომში საგამოძიებო კომისიაში „ოპოზიციის კვოტით“ შევიდნენ. ფორმალურად, თითქოს საგამოძიებო კომისიის ფორმირების წესი არ ირღვევა, კომისიის წევრთაგან „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ 5 წარმოადგენს, ხოლო 3 წევრი „საპარლამენტო ოპოზიციად“ პოზიციონირებს, დარჩენილი ადგილები კი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიისთვისაა გამოყოფილი. მიუხედავად ამისა, კონსტიტუციის ამგვარი ინტერპრეტირება შინაარსს აცლის კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლში გაწერილ გარანტიას, რომ საგამოძიებო კომისიაში ოპოზიცია უმცირესობაში არ რჩებოდეს. კონსტიტუციის ამგვარი წაკითხვით, მმართველ პარტიას ყოველთვის ექნება საშუალება, გამოყოს თავისი რიგებიდან ადამიანები, ვინც პარტიას დატოვებს და შემდგომ საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის სახელით შევა. მუხლის ამგვარი ინტერპრეტირება ფაქტობრივად მთლიანად აუქმებს საგამოძიებო კომისიას, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხებზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების საშუალებას.