მტკიცება, რომ რეზოლუცია 1633-ით 2008 წლის ომის დაწყება საქართველომ აღიარა, მცდარია

სოციალურ ქსელში ტელეკომპანია POSTV-ის FACEBOOK გვერდი - „POSTV - ანალიტიკა“ მცდარ მტკიცებას ავრცელებს, თითქოს 2008 წლის ომის დაწყება „ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-ზე ხელისმოწერით აღიარეს“:

 

სინამდვილეში, ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-ის მე-5 პუნქტი, რომელზეც POSTV მიუთითებს, საუბრობს არა ომის დაწყებაზე, არამედ ესკალაციის ახალ, სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებებზე გადასვლის ეტაპზე. ამ პუნქტის თანახმად, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. 

რეზოლუცია ომის დაწყებაში არცერთ მხარეს არ ადანაშაულებს. ომის დაწყების შესახებ, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ომის დაწყების თაობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან (მე-8 პუნქტი) და ეს ფაქტები უნდა დადგინდეს ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ: „ასამბლეას სწამს, რომ სიმართლის დადფენა შერიგების წინაპირობაა. იმის გამო, რომ ომის დაწყების გარშემო არსებულ ფაქტებს სადავოდ მიიჩევს როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მხარე, ისინი უნდა იქნეს დადგენილი ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ. საქართველოს ხელისუფლებამ მიუთითა, რომ ის მიესალმებოდა ამგვარი საერთაშორისო გამოძიების დაწყებას. ასევე, რუსეთის პარლამენტის წევრებმაც მიუთითეს, რომ ისინი არ წავიდოდნენ ამგვარი წინადადების წინააღმდეგ. აღნიშნული გამოძიება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ომის დაწყებით, არამედ გაამახვილოს ყურადღება წინარე წლებზეც, რომლებიც წინ უზღვოდა კონფლიქტს.“

გარდა ამისა, რეზოლუცია ომის დაწყების აღმნიშვნელ ტერმინად იყენებს სიტყვებს „outbreak of war”,  ხოლო „POSTV ანალიტიკას“ მიერ გავრცელებული Facebook პოსტი, მიანიშნებს რეზოლუციის მეხუთე მუხლზე, რომელშიც ესკალაციის ახალ დონეზეა საუბარი და არა - ომის დაწყებაზე.

ასევე, რეზოლუცია საუბრობს იმაზეც, რომ 2008 წლის 7 აგვისტომდე ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს და რეგიონში მდომარეობა თანდათან უარესდებოდა (მე-4 პუნქტი). ასევე აღნიშნულია ისიც, რომ ბოლო პერიოდში სამშვიდობო ფორმატი ვეღარ ასრულებდა მის ფუნქციას და სამშვიდობო ძალების პირადმა შემადგებლობამ ვერ უზრუნველყო მისიის აღსრულება, რაც გულისხმობდა კონფლიქტის ზონაში მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და საკუთრების დაცვას. ასევე ხაზს უსვამს იმასაც, რომ სამხრეთ ოსეთმა და რუსეთმა არ გაიზიარეს მოწოდება სამშვიდობო ფორმატის ცვლილებისა და კონფლიქტის გადაწყვეტის შესახებ.

რეზოლუციაში საუბარია ქართულ სოფლებში ჩადენილ ეთნიკურ წმენდაში რუსეთის პასუხისმგებლობაზე (პუნქტი 13), გამოყენებულია ტერმინი ოკუპაცია (პუნქტი 6), საუბარია ამ ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღების აუცილებლობაზე (პუნქტი 9).

ამდენად, ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633 არ აკისრებს საქართველოსა და მის იმდროინდელ ხელისუფლებას ომის დაწყების პასუხისმგებლობას, აცხადებს, რომ ეს საკითხი უნდა იყოს გამოძიებული. მეტიც ის პასუხისმგებლობას აკისრებს სამშვიდობო მისიას (რუსულ ჯარს) იმაში, რომ ვერ შეძლო ადამიანის უფლებების დაცვა (პუნქტი 4). ამასთან ერთად გამოკვეთს რუსეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ როლს კონფლიქტის გადაწყვეტაზე უარის თქმის საკითხში. (ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-თან დაკავშირებით დამატებით შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები: ბმული 1; ბმული 2; ბმული 3.) ცნობისთვის, რუსეთის დელეგაციამ აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

ამრიგად, POSTV-ის მტკიცება რეალობას არ შეესაბამება.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.