ნიკა გვარამია: ნეგატიური დინამიკაა დემოგრაფიულ მონაცემებში
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნიკა გვარამიას განცხადება არის სიმართლე.
უკვე მეხუთე წელია, რაც საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება ფიქსირდება, ანუ უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება.
2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 3 632 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. 2020-2023 წლებში გარდაცვლილთა რიცხოვნობამ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას ჯამში 27,318 -ით გადააჭარბა.
ასევე, ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლები. მიგრაციის ისედაც უარყოფითი მონაცემები, 2021-2023 წლებში კიდევ უფრო გაუარესდა. 2021-2023 წლებში 344,633 საქართველოს მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქე იმიგრანტების რიცხვი 185,827 იყო. შესაბამისად, ბოლო 3 წელში მიგრაციულმა სალდომ (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის), საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, -158,806 ათასი შეადგინა.
„ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნიკა გვარამია ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე სწორად მიუთითებს და სტატისტიკურ მონაცემებსაც თითქმის ზუსტად ასახელებს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ნიკა გვარამიას განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.
ანალიზი
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით: „ ბოლო 7 თვის განმავლობაში 3 632 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. 2020-2023 წლებში საქართველოში 26 450 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ანუ, მძიმედ ნეგატიური დინამიკაა დემოგრაფიულ მონაცემებში. ამას გარდა, ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოდან 157 ათასი ადამიანი გავიდა და არ დაბრუნებულა“.
„ფაქტ-მეტრმა“ ნიკა გვარამიას განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში 18 633 ბავშვი დაიბადა. ამავე პერიოდში 22 265 ადამიანი გარდაიცვალა.
2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) უარყოფითი იყო, ამ პერიოდში 3 632 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.
2020-2023 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ასევე უარყოფითი იყო, გარდაცვლილთა რიცხოვნობამ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას ჯამში 27,318 -ით გადააჭარბა (იხილეთ გრაფიკი 1).
გრაფიკი 1: ბუნებრივი მატების მაჩვენებლები, 2014-2023 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ბოლო წლებში ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. საქსტატის მონაცემებით, 2008-2019 წლებში ქვეყანაში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი დადებითი იყო, ანუ დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რიცხოვნობას აჭარბებდა. თუმცა 2015 წლიდან ბუნებრივი მატების დადებითი კოეფიციენტი ყოველწლიურად მცირდებოდა, რაც თავის მხრივ შობადობის შემცირებით იყო გამოწვეული. 2020-2024 წლებში კი ბუნებრივი მატების მაჩვენებლები უარყოფითია, ანუ შობადობას სიკვდილიანობამ გადააჭარბა. 2020-2021 წლებში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი განპირობებული იყო, როგორც შობადობის შემცირებით, ასევე სიკვდილიანობის ზრდით, ეს უკანასკნელი COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევებით იყო გამოწვეული. 2022-2024 წლებში ქვეყანაში სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებელი შობადობის მაჩვენებელს კვლავ აღემატება, რაც ცალსახად შობადობის შემცირებით აიხსნება.
რაც შეეხება შობადობის შემცირების მიზეზებს, ეს უკანასკნელი მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყანაში რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის შემცირებაა, რაც დიდწილად აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლით არის განპირობებული.
ყოველწლიურად საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს, ვიდრე ბრუნდება. მიგრაციის ისედაც უარყოფითი მაჩვენებლები 2021-2023 წლებში კიდევ უფრო გაუარესდა. საქსტატის მონაცემებით, 2021-2023 წლებში, 344,633 საქართველოს მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქე იმიგრანტების რიცხოვნობამ 185,827 შეადგინა. ანუ, ბოლო 3 წელში მიგრაციულმა სალდომ (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის), საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, -158,806 ათასი შეადგინა.
მხოლოდ 2023 წელს 163,480 საქართველოს მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქე იმიგრანტების რაოდენობამ 91,896 შეადგინა. ანუ მხოლოდ 2023 წელს 71,584 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა.
გრაფიკი 2: 2012-2023 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე ემიგრანტების და იმიგრანტების რაოდენობა, მიგრაციული სალდო
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ემიგრაციის მაღალ მაჩვენებელი და შობადობის შემცირება განსაკუთრებით მძიმე პრობლემაა ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 41.8 ათასით (1.1%-ით) შემცირდა და 3 694.6 ათასი შეადგინა.
ამრიგად, ნიკა გვარამია ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებზე სწორად მიუთითებს - საქართველოში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია. რაც შეეხება მის მიერ დასახელებულ მონაცემებს, ის სტატისტიკურ მაჩვენებლებს თითქმის სწორად ასახელებს, რიგ შემთხვევაში, არსებული მონაცემები პოლიტიკოსის მიერ დასახელებულ მონაცემებს მცირედით აღემატება კიდეც.