სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე შეუნარჩუნა, თუმცა მოლოდინი პოზიტიურიდან სტაბილურამდე გააუარესა. იმავე სააგენტოს ცნობით, ინფლაცია დაბალი ტემპით, მაგრამ 2025 წლის ბოლომდე მაინც 4.1%-მდე გაიზრდება, ხოლო ქვეყნის მშპ მიმდინარე წელს 5.8%-თ, 2025-2026 წლებში კი 5%-5%-ით გაიზრდება.
ქვეყნის სუვერენული რეიტინგით სახელმწიფოთა საინვესტიციო გარემო ფასდება. მსგავსი რეიტინგი ინვესტორს ცალკეულ ქვეყანაში ინვესტირების რისკფაქტორების და ამ ქვეყნის სანდოობის შესახებ ინფორმაციას აწვდის, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე ახდენს გავლენას. თავის მხრივ, ინვესტიციები მშპ-ში, მშპ კი ცხოვრების დონეზე აისახება.
რეიტინგებს რამდენიმე საერთაშორისო სააგენტო ადგენს, მათგან ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევა სამი: Fitch, Moody’s და Standard & poor’s. ყოველი საკრედიტო სააგენტო საკუთარი მეთოდოლოგიის შესაბამისად მუშაობს, თუმცა ძირითადი მაჩვენებლები, რასაც ყურადღება ექცევა, საერთოა და როგორც ეკონომიკურ ინდიკატორებს, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გარემოს, მოიცავს. თითოეული მათგანი სახელმწიფოების რეიტინგს ორ ძირითად კატეგორიად ყოფს: საინვესტიციოდ და არასაინვესტიციოდ, რომლებიც შემდეგ კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად იყოფა.
საქართველომ Fitch-ისგან „BB-“ შეფასება ჯერ კიდევ 2007 წლის ივლისში დაიმსახურა, ომის შემდეგ სტატუსი (B+)-მდე შემცირდა. (BB-)-ს 2011 წელს დაუბრუნდა, BB-ს კი მხოლოდ 2019 წელს მიაღწია.
1.5 წლის წინ, 2023 წლის იანვარში Fitch-მა საქართველოს BB რეიტინგის მოლოდინი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა და შემდგომ ორ შეფასებაშიც იგივე დაადასტურა. BB პოზიტიური მოლოდინით, მაქსიმუმია, რაც კი ოდესმე საქართველოს Fitch-სგან მიუღია.
ცხრილი 1: Fitch-ის შეფასებები საქართველოსთვის
|
შეფასება |
პერსპექტივა |
შეფასება |
პერსპექტივა |
შეფასება |
პერსპექტივა |
2007 |
BB- |
სტაბ |
|
|
|
|
2008 |
BB- |
სტაბ |
B+ |
ნეგ |
|
|
2009 |
B+ |
ნეგ |
B+ |
სტაბ |
|
|
2010 |
B+ |
სტაბ |
|
|
|
|
2011 |
B+ |
პოზ |
BB- |
სტაბ |
|
|
2012 |
BB- |
სტაბ |
|
|
|
|
2013 |
BB- |
სტაბ |
|
|
|
|
2014 |
BB- |
სტაბ |
BB- |
პოზ |
|
|
2015 |
BB- |
სტაბ |
BB- |
სტაბ |
|
|
2016 |
BB- |
სტაბ |
BB- |
სტაბ |
|
|
2017 |
BB- |
სტაბ |
BB- |
სტაბ |
|
|
2018 |
BB- |
პოზ |
BB- |
პოზ |
|
|
2019 |
BB |
სტაბ |
BB |
სტაბ |
|
|
2020 |
BB |
სტაბ |
BB |
ნეგ |
BB |
ნეგ |
2021 |
BB |
ნეგ |
BB |
სტაბ |
|
|
2022 |
BB |
სტაბ |
BB |
სტაბ |
|
|
2023 |
BB |
პოზ |
BB |
პოზ |
BB |
პოზ |
2024 |
BB |
სტაბ |
|
|
|
|
წყარო: fitchratings.com
შეფასების ერთიან სკალაზე „BBB-“მდე რეიტინგი არასაინვესტიციო ზონად განიხილება. BB-დან (BBB-)-მდე ჯერ BB+ პოზიციაა მოსაპოვებელი.
BB არასაინვესტიციო დონის ზედა საფეხურად მიიჩნევა, (იმავე გრაფაშია BB- და BB+). ამ საფეხურზე მდგარ ქვეყნებში მდგომარეობა კატასტროფული არაა, დეფოლტის საფრთხე არ არსებობს, მეტიც, ფინანსური სისტემა მეტ-ნაკლებად მდგრადია, თუმცა ეკონომიკაში გარკვეული სპეკულაციური ნიშნები ნარჩუნდება.
ცხრილი 2: „Moody’s, „S&P”, და „Fitch”-ის შეფასებები და შეფასებების ინტერპრეტაცია
წყარო: bankersalmanac.com
რეიტინგის ფორმირებაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. მშპ-ის ზრდის ტემპი, მთავრობის ვალის ზომა, ბიუჯეტის დეფიციტი მისაღებ საზღვრებშია, რაც რეიტინგის BB დონეზე შენარჩუნების წინაპირობა გახდა, პერსპექტივის გაუარესება ძირითადად შიდაპოლიტიკურმა დაძაბულობამ განაპირობა.
„რუსულ კანონს“, აქციებსა და სავიზო შეზღუდვებს 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, მაკროეკონომიკური ფაქტორები არ გაუუარესებია. სანქციებიც ფიზიკურ პირებს შეეხო და არა ქვეყანას.
ეკონომიკური ზრდის ტემპისა და სხვა ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორების შენარჩუნების გათვალისწინებით, Fitch-მა ძირითადი რეიტინგი უცვლელად დატოვა და მხოლოდ პერსპექტივა გააუარესა, ისიც ერთი საფეხურით. რეიტინგის ან თუნდაც მოლოდინის გაუარესება ინვესტორისთვის ნეგატიური სიგნალია, მაგრამ არა იმდენად, ქვეყნიდან გასვლის მიზეზი რომ გახდეს. აქვე აღსანიშნავია, რომ საკრედიტო რეიტინგი ზოგადი სურათის შესახებ ქმნის შთაბეჭდილებას და ფაქტობრივად განხორციელებულ ინვესტიციებთან პირდაპირპროპორციულად დაკავშირებული არ არის. მაგალითისათვის, 2014-2017 წლებში, როდესაც საქართველოს რეიტინგი (BB-)-ით იყო შეფასებული, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თანხობრივადაც და მშპ-სთან ფარდობაშიც 2023 წლის მაჩვენებელს აჭარბებდა, იმ წლის მაჩვენებელს, რა დროსაც რეიტინგი BB ნიშნულზე იყო პოზიტიური პერსპექტივით. BB პოზიტიური კი თავის მხრივ საუკეთესო მაჩვენებელია, რაც კი საქართველოს ოდესმე ჰქონია.