ბოლო წლებში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მკვეთრად გაუარესდა. სახელმწიფო ინსტიტუტები საჯარო ინფორმაციას უმეტეს შემთხვევაში აღარ გასცემენ, რაც მათ ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას მნიშვნელოვნად ამცირებს. ამ სტატიაში გაგიზიარებთ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებულ ტენდენციას და „ფაქტ-მეტრის“ გამოცდილებას.
2023 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ „ფაქტ-მეტრის“ ყველა წერილი უპასუხოდ დატოვა.
ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასებისთვის, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის დანახარჯების დეტალური ანალიზი, თუმცა ამის შესაძლებლობა არასამთავრობო/კვლევით ორგანიზაციებსა და მედიას აღარ აქვს, ვინაიდან სამინისტრო ეროვნულ ანგარიშებს აღარ აქვეყნებს და ჯანდაცვის დანახარჯების შესახებ საჯარო ინფორმაციასაც აღარ გასცემს.
2023 წელს „ფაქტ-მეტრმა“ 2020-2022 წლებში ჯანდაცვის დანახარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია 2-ჯერ გამოითხოვა. უწყებამ საჯარო ინფორმაცია არ გასცა და ჩვენი წერილი რეაგირების გარეშე დატოვა.
ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე არ მოგვაწოდა საჯარო ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების შესახებ.
ჯანდაცვის სამინისტრომ „საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამის“ შესახებ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის წერილიც უპასუხოდ დატოვა.
საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ სხვა სამინისტროებიც. 2023 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის შეჩერების შესახებ საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა. შეგახსენებთ, რომ მიწისქვეშა გაზსაცავის აშენება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება იყო, რომელიც არ შესრულდა.
„ფაქტ-მეტრს“ საჯარო ინფორმაცია არც გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მიაწოდა. 2023 წელს, შოვის ტრაგედიის შემდეგ, „ფაქტ-მეტრმა“ წინასწარი შეტყობინების სისტემების რაოდენობისა და მათი განთავსების ადგილის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულად გამოითხოვა, სააგენტოსგან პასუხი არ მიგვიღია.
„ფაქტ-მეტრს“ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა რეგიონებშიც შეექმნა.
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ბათუმის ნავსადგურის მიმდებარედ არსებული იახტკლუბის შესახებ, საჯარო ინფორმაცია არ გასცა (დანართი 1; დანართი 2).
„ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამაც არ მიაწოდა საჯარო ინფორმაცია, ფიჭვნარის დასახლების საკანალიზაციო მაგისტრალთან დაკავშირებით.
არაერთი მცდელობის მიუხედავად, შუახევის მერია ეკომიგრანტების შესახებ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს.
მიმდინარე წლის თებერვალში „ფაქტ-მეტრმა“ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისგან ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. ქუთაისის მერიისგან მიღებული შუალედური პასუხის თანახმად, წერილი მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას გადაეგზავნა. აღნიშნულ კომპანიას „ფაქტ-მეტრის“ ანალიტიკოსი დაუკავშირდა, რომლის განმარტებითაც, პასუხი ქუთაისის მერიას გაეგზავნა. თუმცა მერიამ წერილის მიღება არ დაგვიდასტურა და შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია (დანართი 1; დანართი 2).
ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებზეც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საჯარო ინფორმაცია უწყებებისგან ოფიციალურად გამოვითხოვეთ, თუმცა არც ერთ მათგანზე პასუხი არ მიგვიღია.
ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI). მათი ანგარიშის თანახმად, 2022 წლიდან საქართველოში, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული მდგომარეობა, მკვეთრად გაუარესდა. 2022 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 58% იყო, რაც, 2010 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალია.
IDFI-ის ინფორმაციით, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის პოლიტიკა 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდა - საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაუარესდა. 2023 წლის 5 თვეში IDFI-მ სამინისტროებსა და მათ დაქვემდებარებულ უწყებებში გაგზავნილ 1,255 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე, პასუხი მხოლოდ 94 განცხადებაზე მიიღო, რაც 7%-ს შეადგენს. აღნიშნულის საპასუხოდ
IDFI-ის ინფორმაციით :
შტატგარეშე თანამშრომელთა სამუშაო პოზიციებისა და ხელფასების შესახებ ინფორმაცია 2023 წელს არც ერთმა სამინისტრომ არ მიაწოდა.
2023 წელს სამინისტროებმა ასევე არ გასცეს სამივლინებო დოკუმენტაცია.
სარესტორნო მომსახურების ფინანსური დოკუმენტაცია 2023 წელს არც ერთმა სამინისტრომ არ გასცა.
2016 წლიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია არ გაიცემა.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, განცხადების მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა (თუ მოთხოვნილი ინფორმაცია არის დიდი მოცულობის, საჭიროებს დამუშავებას და ა.შ.) გასცეს საჯარო ინფორმაცია.
ამრიგად, არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება კანონმდებლობის დარღვევით, ქვეყანაში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისწავდომობას მიზანმიმართულად ზღუდავს. აღნიშნული, თავის მხრივ, მიუთითებს სახელმწიფო უწყებების საქმიანობის გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების შემცირებაზე.