ბოლო 12 წელიწადში პენსიის რეალური მსყიდველუნარიანობა შემცირდა

გიორგი ვაშაძე: ბოლო 12 წელიწადში პენსიის რეალური მსყიდველუნარიანობა შემცირდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის ტყუილი.

2012 წელს ასაკობრივი პენსია 110-125 ლარს შეადგენდა, 2024 წელს 315-415 ლარს. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთათვის 378-498 ლარს. 2013-2023 წლებში სამომხმარებლო ფასები ჯამში 64%-ით გაიზარდა, რამაც პენსიის რეალური ზრდის ტემპი ნომინალურთან შედარებით მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა მინუსში არ გაუყვანია.

ასაკობრივი კატეგორიებისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით, ინფლაციის გათვალისწინებით, პენსია 54%-143%-ით გაიზარდა. ძირითად შემთხვევაში, ზრდის ტემპი 74%-102%-ს შეადგენდა. ინფლაციას პენსიის ნომინალური ზრდის ტემპი რომ გადაეფარა, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი, მთელი პერიოდის განმავლობაში 2021-2022 წლების მსგავსი ან უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო. რეალურად, 2013-2023 წლებში. საშუალო წლიურმა ინფლაციამარა 10%-11%, არამედ 4.6% შეადგინა.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, პენსიის რეალურმა ზრდის ტემპმა რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპსაც გაუსწრო. თუ 2024 წლის პროგნოზსაც გავითვალისწინებთ (5.2%-იანი ზრდა), 2013-2024 წლებში, რეალური ეკონომიკა 79%-ით იქნება გაზრდილი, საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხები კი 110%-ით. მშპ-სთან მიმართებით პენსიებზე გამოყოფილი თანხაც წილობრივად 3.8%-დან 4.6%-მდე გაიზარდა, რასაც პენსიონერთა რაოდენობის მატებამაც შეუწყო ხელი.

2012 წლის შემდეგ, რეალური პენსია მინიმუმ 54%-ითაა გაზრდილი, უმეტეს შემთხვევაში - 74%-102%-ით, 70 წელს გადაცილებულთათვის და მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთათვის - კიდევ უფრო მეტად. გიორგი ვაშაძის მტკიცება, რომ პენსიების რეალური მსყიდველუნარიანობა შემცირდა, სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრმა“ გიორგი ვაშაძის განცხადება შეაფასა როგორც ტყუილი.

ანალიზი: 1-ელ მარტს „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „დღის ამბებში“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა (5:12-დან): „რეალურ ციფრებში რომ შევადაროთ, პენსიის ზრდა კი არა, პენსიის კლება მოხდა ამ 12 წლის განმავლობაში, მსყიდველუნარიანობას ვგულისხმობ. მსყიდველობითი უნარიანობით, პენსიამ დაიკლო“.

გიორგი ვაშაძემ შედარება ტრადიციულად ხელისუფლების ცვლილების მომენტთან, ანუ 2012 წელთან გააკეთა. 2012 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ასაკობრივი პენსია 67 წლამდე პირებისთვის 110 ლარს შეადგენდა, 67 და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის - 125 ლარს. პენსია 2024 წლის მდგომარეობითაც ასაკობრივად დიფერენცირებულია. 70 წლამდე პირთათვის ის 315 ლარია, 70 წლიდან ზევით - 415 ლარი. მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებლები ორივე ასაკობრივ კატეგორიისთვის 20%-იან დანამატს იღებენ.

ნომინალური პენსია 2012 წლის შემდეგ, 2.9-ჯერ და 3.3-ჯერ გაიზარდა, მაღალმთიან რეგიონებში თითქმის 4-ჯერ. ინფლაციამ რეალური ზრდის ტემპი შეანელა, მაგრამ მინუსში არ გაუყვანია.

2021-2022 წლები საქართველოში საკმაოდ მაღალი 9.6%-იან და 11.9%-იანი ინფლაციით გამოირჩეოდა. ინფლაციამ ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელს 2017, 2019 და 2020 წლებშიც გადააჭარბა, მაგრამ 2013 წელს დეფლაცია დაფიქსირდა, 2023 წელს კი სამომხმარებლო ფასები მხოლოდ 2.5%-ით გაიზარდა.

გრაფიკი 1: სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა (ინფლაცია)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2013-2023 წლებში, საერთო ჯამში, სამომხმარებლო ფასები 64%-ით გაიზარდა. 2012 წლის 110- ლარიანი პენსია მსყიდველუნარიანობით დღევანდელ 180 ლარს უთანაბრდება, 125-ლარიანი კი - 205 ლარს. უკუგადაანგარიშებით, დღევანდელი 315 ლარით იმდენივე პროდუქციისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი, რისთვისაც 2012 წელს 192 ლარი საკმარისი იქნებოდა, 415 ლარი კი 12 წლის წინანდელი 252 ლარის ეკვივალენტია.

60-დან 67 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის რეალური პენსია 74%-ით გაიზარდა, 67-69 წლის[1] ასაკის პირებისთვის - 54%-ით, 70 და უფროსი ასკის პირთათვის - 102%-ით. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთათვის კი შესაბამისად, 110%-ით, 84%-ითა და 143%-ით.

მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთათვის დანამატი 2016 წლის სექტემბრიდან გაიცემა. 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, დანამატის მიმღებ პირთა რაოდენობა 82 ათასს შეადგენდა, პენსიონერთა საერთო რაოდენობის 9.8%-ს.

გრაფიკი 2: ნომინალური და რეალური პენსიის ოდენობა

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო და სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2013-2023 წლებში ინფლაციის საშუალო წლიურმა განაკვეთმა 4.6% შეადგინა. ინფლაციას პენსიის ნომინალური ზრდა რომ გადაეფარა, წლიურად სამომხმარებლო ფასები მინიმუმ 10%-11%-ით უნდა გაზრდილიყო, მსგავსი ფაქტი კი მხოლოდ 2021-2022 წლებში დაფიქსირდა.

ასაკობრივ პენსიაზე გამოყოფილი ხარჯები მშპ-სთან მიმართებითაც გაზრდილია. 2012 წელს საპენსიო უზრუნველყოფაზე 1.1 მლრდ-მდე (1.068 მლრდ) ლარი დაიხარჯა, ქვეყნის მშპ-ის 3.83%. 2024 წელს კი 3.9 მლრდ-ზე მეტია (3.930 მლრდ ლარი) გათვალისწინებული, რაც უკვე საპროგნოზო მშპ-ის 4.57%-ს უთანაბრდება.

2013-2023 წლებში ქვეყნის რეალური ეკონომიკა 70%-ით გაიზარდა, თუ საპროგნოზო მაჩვენებელი გამართლდა (5.2% 2024 წლისთვის), 2013-2024 წლებში რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 79%-ს მიაღწევს, ეს მაშინ, როცა იმავე პერიოდში საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა რეალურად 110%-ით გაიზარდა. გარდა იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში, 67-69 წლის ასაკობრივ კატეგორიის გარდა, პენსიის ზრდის ტემპმა ეკონომიკის ზრდის ტემპს გაუსწრო, 23%-ით - 160 ათასით, თავად პენსიონერთა რაოდენობაც გაიზარდა. თუ 2012 წლის ოქტომბერში ასაკობრივ პენსიას 682 ათასი პირი იღებდა, 2023 წლის დეკემბერში პენსიონერთა რიცხვი 838 ათასს გაუტოლდა.

2013-2023 წლებში, ჯამურად 64%-იანი ინფლაციის მიუხედავად, რეალური პენსია სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით 54%-143%-ით გაიზარდა. ძირითად შემთხვევაში, ზრდის ტემპი 74%-102%-ს შეადგენდა. უმეტეს შემთხვევაში, პენსიის რეალურმა ზრდის ტემპმა რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპს გაუსწრო, საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა მშპ-სთან მიმართებითაც გაიზარდა. გიორგი ვაშაძის მტკიცება, რომ პენსიების რეალური მსყიდველუნარიანობა შემცირდა, სიმართლეს არ შეესაბამება და ტყუილია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმაც“ გიორგი ვაშაძის განცხადება შეაფასა როგორც ტყუილი.



[1] 67-69 წლის ასაკობრივი კატაგორიის ცალკე გამოყოფა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ასაკობრივი დიფერენცია 2012 წელს 67 წლიდან იწყებოდა, 2024 წელს 70 წლიდან. საქსტატის ცნობით, 2023 წლის მდგომარეობით, ამ ასაკობრივ კატეგორიას 118 ათასი ადამიანი მიეკუთვნებოდა, პენსიონერთა საერთო რაოდენობის 14%.