სალომე სამადაშვილი: 2014 წელს ევროკავშირში ექსპორტის წილი 27% იყო, დღეს 15%-მდეა შემცირებული
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სალომე სამადაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე: 2014 წელს ექსპორტის წილი ევროკავშირში 22%-ს შეადგენდა, 2022 წელს ის 15%-მდე შემცირდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში თანხობრივად ექსპორტი 38%-ით - 624 მლნ-დან 863 მლნ დოლარამდე, გაიზარდა.
2023 წლის პირველ 8 თვეში ევროკავშირის წილი ექსპორტში 12%-მდე შემცირდა, ამჯერად კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თანხობრივადაც ფიქსირდება. 2022 წლის პირველ 8 თვეში ექსპორტზე ევროკავშირში 568 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, 2023 წლის პირველ 8 თვეში - 506 მლნ.
თუ არ ჩავთვლით მიმდინარე წელს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, წინა პერიოდში თანხობრივად ექსპორტი ევროკავშირშიც იზრდებოდა, ოღონდ სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო დაბალი ტემპით.
2013 წლიდან რუსული ბაზარი გაიხსნა, 2018 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა ჩინეთთან. არც რუსეთს და არც ჩინეთს პროდუქციის საკუთარ ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებით ისეთი მკაცრი მოთხოვნები არ გააჩნიათ როგორც ევროკავშირს, რამაც ამ ბაზრებზე დაინტერესება გაზარდა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიზარდა ექსპორტი დსთ-ს სივრცეში, რამაც ევროკავშირის წილობრივი შემცირება გამოიწვია, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ექსპორტი ძირითადად რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა. თავად რეექსპორტი ევროპული და ამერიკული ავტომობილების გადაყიდვის გამოა გაზრდილი.
ანალიზი:
4 ოქტომბერს, პარლამენტში დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილისადმი დასმულ კითხვაში აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში საგარეო ვაჭრობაში ევროკავშირის წილი შემცირდა. კერძოდ მან განაცხადა: (1:29-დან) „2014 წელს ევროკავშირში ჩვენი ექსპორტის წილი იყო 27%, დღეს შემცირებულია 15%-მდე“.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება 2014 წლის 27 ივნისს გააფორმა, რის შემდეგაც ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდა.
16 ტრლნ დოლარის ეკონომიკის მქონე, მოსახლეობით 500 მლნ-იან ბაზარზე (ბრიტანეთის ჩათვლით) თავისუფალ დაშვებას - ერთი შეხედვით, ექსპორტის მკვეთრი ზრდა უნდა გამოეწვია, მაგრამ ასე არ მოხდა. ექსპორტი თანხობრივად გაიზარდა, ოღონდ დაბალი ტემპით.
გრაფიკი 1: ექსპორტი ევროკავშირში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2004 წლის მდგომარეობით, ევროკავშირი 25 წევრ სახელმწიფოს აერთიანებდა, 2007 წლიდან მათ ბულგარეთი და რუმინეთი დაემატა, 2013 წლიდან ხორვატია, 2021-ში ჩამონათვალს ბრიტანეთი გამოაკლდა. 2021 წელს ბრიტანეთში ექსპორტზე სულ 24 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, 2022 წელს 15 მლნ-ის, მიმდინარე წლის 8 თვეში 7 მლნ-ის, რის გამოც ბრექსიტს ევროკავშირში ექსპორტზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია.
როგორც გრაფიკიდან ჩანს, თანხობრივად ევროკავშირში ექსპორტს ზრდის დინამიკა გააჩნია, პროცენტულად კი დროის გრძელვადიან მონაკვეთში დიდად არ იცვლება.
2013 წელს რუსეთში ექსპორტი 4-ჯერ, 47 მლნ-დან 191 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ზრდა 2015-ის გამოკლებით შემდგომ წლებშიც გაგრძელდა. 2015 წელს სხვადასხვა მიზეზის გამო (რუსეთში ეკონომიკური ვარდნა, აზერბაიჯანის მიერ 2006 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა, სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება) რუსეთში და დსთ-ს წევრ სხვა სახელმწიფოებში ექსპორტის ვარდნამ, ევროკავშირში ექსპორტის წილი მკვეთრი ზრდა გამოიწვია, მაშინ როცა, თანხობრივად ზრდა უმნიშვნელო იყო.
2022 წელს, 2019 წელთან შედარებით თანხობრივად ევროკავშირში ექსპორტი 7%-ით გაიზარდა, დსთ-ში - 31%-ით, ჩინეთში - 255%-ით, რის გამოც ევროკავშირის წილი ექსპორტში 22%-დან 15%-მდე შემცირდა.
2023 წლის იანვარ-აგვისტოში ევროკავშირში ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით შემცირდა, მათ შორის - სპილენძის მადნების 18%-ით - 288 მლნ-დან 235 მლნ-მდე. იმავე პროდუქციის ექსპორტი ჯამურად სხვა ქვეყნების ჩათვლით კიდევ უფრო მეტად 40%-ით - 684 მლნ-დან 407 მლნ დოლარამდეა შემცირებული.
მიუხედავად იმისა, რომ 8 თვეში ჯამური ექსპორტი 14%-ით გაიზარდა, ადგილობრივი ექსპორტი 22%-ით შემცირდა. მთლიანი ექსპორტის ზრდა რეექსპორტის ხარჯზე მოხდა, რომელიც იანვარ-აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაორმაგდა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რეექსპორტი ძირითადად ავტომობილების ხარჯზე გაიზარდა. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოექსპორტი 370%-ით გაიზარდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო სანქციებს არღვევს. ივლისში საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 13 მლნ დოლარის ავტომობილი გავიდა, აგვისტოში - მხოლოდ 780 ათასი დოლარის. მკვეთრ ვარდნას წინ შეერთებული შტატების გადაწყვეტილება უძღოდა, რომელმაც საკუთარი წარმოების ავტომობილების რუსეთში ექსპორტი აკრძალა. რუსეთის გარდა, ავტომობილების ექსპორტი როგორც 2022, ასევე 2023 წლებში გაზრდილია სომხეთში, აზერბაიჯანში და განსაკუთრებით შუა აზიის ქვეყნებში, სადაც ომამდე ავტომობილებს სწორედ რუსეთიდან ყიდულობდნენ.
სალომე სამადაშვილის ნათქვამიდან, (ევროკავშირის წილი ექსპორტში 27%-დან 15%-მდე შემცირდა), იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს 2014 წლის შემდეგ ევროკავშირში ექსპორტი თითქმის განახევრდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ევროკავშირში ექსპორტის წილი მართლაც შემცირებულია, რასაც ძირითადად ორი ახსნა აქვს, ერთის მხრივ - სხვა ქვეყნებში ექსპორტის მატება, განსაკუთრებით რეექსპორტის ხარჯზე 2022-2023 წლებში და მეორეს მხრივ - ბოლო პერიოდში სპილენძის მადნებზე მოთხოვნის გლობალური კლება.
რუსეთთან და ბელარუსთან მიმართებით, სანქცირებული პროდუქციის საზღვარზე გატანის ფაქტი ამ დრომდე ოფიციალურად არ დადასტურებულა. სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც ექსპორტი გაიზარდა, სანქციები არ მოქმედებს და ის ფაქტი, რომ ყაზახეთში ან ყირგიზეთში ავტოექსპორტი გაიზარდა, საგარეო კურსის ცვლილებად ვერ ჩაითვლება.
საქართველოს გავლენა ვერც სპილენძის მადნების გლობალურ მოთხოვნაზე ექნება. ის, რომ წლების განმავლობაში საქართველომ ვერ შეძლო ვერც წარმოების ზრდა და ვერც ხარისხის გაუმჯობესება, ცალკე პრობლემა და ცალკე განხილვის თემაა.
მეტ-ნაკლებად სწორი რიცხვებისა და ამ რიცხვების მცდარი ინტერპრეტირების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ სალომე სამადაშვილის განცხადება შეაფასა, როგორც ნახევრად სიმართლე.