2023 წლის აგვისტოში, დოლარის ღირებულებამ 102 რუსულ რუბლს მიაღწია, ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-დან 12%-მდე გაზარდა, კურსი 94-ზე ჩამოვიდა. ამ ხელოვნური გამყარების მიუხედავად, თუ არ ჩავთვლით 2022 წლის მარტს, რუბლის ამჟამინდელი კურსი 1998 წლის დენომინაციის შემდეგ ყველაზე მეტადაა გაუფასურებული. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკის ზრდის ტემპს ანელებს, ხოლო რუსეთის შემთხვევაში რეცესიის გახანგრძლივების საფრთხეს ზრდის.

2022 წლის 24 თებერვლიდან ორ კვირაზე ნაკლებ დროში, კურსი 80-დან 135-მდე გაიზარდა. პირველი შოკის შემდეგ, რუბლმა გამყარება დაიწყო და ივნის-ივლისში კურსი 55-მდე შემცირდა, ანუ იმაზე მეტად, ვიდრე ომამდე.

რეკორდულ გაუფასურებასაც და მკვეთრ გამყარებასაც თავისი მიზეზები გააჩნდა. მკაცრმა სანქციებმა და ნეგატიურმა მოლოდინებმა ვალუტაზე უარყოფითად იმოქმედა, რის საპასუხოდაც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ნახტომისებურად - 9.5%-დან 20%-მდე, გაზარდა. ვალუტის ბირჟებზე შესყიდვისას 30%-იანი საკომისიო ამოქმედდა. ექსპორტიორებისთვის ამოქმედდა ვალდებულება, რომლის მიხედვითაც მიღებული უცხოური ვალუტის 80% ბაზრისთვის მიეწოდებინათ. აიკრძალა 10 ათას დოლარზე მეტის საზღვარგარეთ გატანა, დეპოზიტის მფლობელებს უცხოურ ვალუტაში თანხის განაღდებაზე 10 000-დოლარიანი ლიმიტი დაუწესდათ. გარდა ამისა, სანქციების შედეგად, რუსეთში პროდუქციის მიწოდება შეიზღუდა, ანუ რუსეთს იმპორტი შეუმცირდა, რამაც ავტომატურად ვალუტის გადინება შეამცირა, ეს მაშინ, როცა ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის შედეგად, რუსეთისთვის ექსპორტით მიღებული შემოსავლები მსოფლიო ბანკის ცნობით თითქმის 100 მლრდ-ით - 588 მლრდ დოლარამდე, გაიზარდა. ერთობლიობაში აღნიშნული ზომები რუბლის გამყარებას უწყობდა ხელს.

2023 წლის 1-ლი იანვრისთვის კურსი 73-ს შეადგენდა. ნავთობის პიკური ფასები უკვე გადავლილი იყო. რუსეთს საკუთარი ნავთობის გაყიდვა კიდევ უფრო იაფად უხდებოდა. რუსული Ural-ის ნავთობი 21 აგვისტოს მდგომარეობით 70 დოლარი ღირს, ხოლო Brent 85 დოლარი. გასულ თვეებში სხვაობა უფრო მაღალიც იყო, მაშინ, როცა ომამდე ფასები თითქმის თანაბარ ნიშნულზე ნარჩუნდებოდა.

გაიაფებულმა ნავთობმა რუსეთის შემოსავლები ექსპორტიდან და შესაბამისად ვალუტის შემოდინება, შეამცირა. ამავე დროს რუსეთმა პარალელური იმპორტითა თუ სხვა გზებით იმპორტი მეტ-ნაკლებად აღადგინა. მესამე ქვეყნის გავლით მიღებულ პროდუქციაში რუსეთს უფრო მეტის გადახდა უწევს, ანუ ვალუტის გადინება უფრო მეტია. ამ ყველაფერს ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაც დაემატა. შედეგად, კურსი ეტაპობრივად - ივნისში 80-ს გადასცდა, ივლისში - 90-ს და აგვისტოში - 100-ს.

ზუსტად რა ხდება რუსეთის ეკონომიკაში, რთული სათქმელია, რადგან ერთი მხრივ, ქვეყნის სტატისტიკის სამსახური სტატისტიკის ნაწილს აღარ ასაჯაროებს და მეორე მხრივ, გამოქვეყნებული ინფორმაციის სანდოობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

სხვა ეკონომიკური მაჩვენებლებისგან განსხვავებით, კურსის დამალვა შეუძლებელია. კურსს პოლიტიკური მნიშვნელობაც ენიჭება და როგორც წესი, ამ თვალსაზრისით გამყარება დადებითად მიიჩნევა, ხოლო გაუფასურება - უარყოფითად, მაგრამ ხდება ზოგჯერ ისეც, რომ მთავრობები გაუფასურებას არათუ ხელს უშლიან, ახალისებენ კიდეც.

სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა დიდწილად კვლავ ენერგომატარებლების ექსპორტზეა დამოკიდებული. ექსპორტის შედეგად რუსეთი უცხოურ ვალუტას იღებს, ქვეყანაში კი ანგარიშსწორების ოფიციალური საშუალება რუბლია. ბიუჯეტი რუბლებში ივსება. ოფიციალური გასაცემელები საჯარო მოხელეების ხელფასები და პენსიები რუბლებშია გასასტუმრებელი. თუ რომელიმე საჯარო პირის ხელფასი 100000 რუბლია, 80-იანი კურსის შემთხვევაში, ხელფასის გადასახდელად 1250 დოლარი იქნება საჭირო. თუ კურსი 100-ს გაუტოლდა, 1000 დოლარი და 120-იანი კურსის დროს 833 დოლარი. იგივე პრინციპი მოქმედებს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებზე და სხვა სახელმწიფო გასაცემელებზე. 2023 წლის იანვარ-ივლისში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 29 მლრდ დოლარი შეადგინა - წლიური გეგმის 80%-ზე მეტი. შესაბამისად რუბლის კურსის შემცირება დოლართან მიმართებით, ბიუჯეტის ვალდებულებების ფორმალურად შესასრულებლად, ერთი მხრივ ხელსაყრელიც კია.

ამავდროულად, გაუფასურებული რუბლით მართალია პენსიის გაცემა მარტივდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მაინც თავის ფასი აქვს. თუ დოლარის ღირებულება 1000 რუბლს გაუტოლდა, ეკონომიკური თეორიების ცოდნა სულაც არ იქნება საჭირო იმისთვის, რომ თუნდაც ავტორიტარული მმართველობის ქვეყანაში, მოსახლეობამ მომხდარი საკუთარ ჯიბეზე იგრძნოს.

მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ ბანკს კურსის ხელოვნურად გამყარების შეზღუდული - თუმცა მაინც ბერკეტი გააჩნია, დანაკარგები აღნიშნულ მეთოდსაც თან სდევს და ის პანაცეა ვერ გახდება.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდისას, საკრედიტო რესურსი ძვირდება. შესაბამისად, როგორც რიგით მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს სესხის მაღალი პროცენტით აღება უწევთ, რაც ყველასთვის მისაღები არ არის და ნაწილი ბუნებრივია, საკრედიტო რესურსის ათვისებისაგან თავს იკავებს. სამომხმარებლო დაკრედიტების შემცირება საცალო გაყიდვებს ამცირებს, ან როგორც მინიმუმ იმაზე ნაკლებად გაზრდის, ვიდრე სხვა შემთხვევაში გაიზრდებოდა. ნაკლები ბიზნეს სესხი კი ნაკლებ ახალ საწარმოს და ძველების ნაკლებად გაფართოება-მოდერნიზებას ნიშნავს. შესაბამისად, დაკრედიტების შემცირება პირდაპირ არის დაკავშირებული ეკონომიკური აქტივობის შემცირებასთან. სხვა სიტყვებით, რუბლის კურსის დროებით შესანარჩუნებლად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას შედეგად ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება მოჰყვება. ეკონომიკური აქტივობის კლება კი მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუარესების საწინდარია.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გარდა, რუსეთის სახელმწიფოსა და ცენტრალურ ბანკს სხვა ბერკეტებიც გააჩნიათ. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საერთაშორისო რეზერვების ხარჯვაა, თუმცა ესეც მხოლოდ დროებითი გამოსავალია, რადგან რეზერვების რაოდენობაც შეზღუდულია. უკრაინაში შეჭრამდე რუსეთის რეზერვების მოცულობა 643 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2023 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით 586 მლრდ-მდეა შემცირებული. ამ 586 მლრდ-დანაც 300 მლრდ შეერთებული შტატების მიერაა გაყინული და ერთ-ერთ ვარიანტად ამ თანხის უკრაინისთვის გადაცემა განიხილება.

სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია გაიმეოროს იგივე, რაც გასული წლის მარტში. უფრო მეტიც, შეუძლია კიდევ უფრო მეტად გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი და საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნიდან 1 დოლარის გატანაც აუკრძალოს, საერთოდ ჩაკეტოს საზღვრები და თავადვე უკიდურესად შეზღუდოს იმპორტი. თუმცა, თეორიული შესაძლებლობების მიღმა, სასწორის მეორე პინაზე ეკონომიკის ზრდის ტემპი და იმპორტული საქონლის უკიდურესი საჭიროება დევს. მოსკოვში უნდა გადაწყვიტონ, რა ურჩევნიათ, ხელოვნურად გამყარებული ვალუტა და შენელებული ეკონომიკა თუ კურსის მიშვება და ინფლაცია.

ვალუტები სხვა ვალუტებთან მიმართებით უფასურდებიან და მყარდებიან. ზოგჯერ ეს თითქმის შეუმჩნეველია, ზოგჯერ 15-ნიშნა ნომინალის ბანკნოტის დაბეჭდვა ხდება საჭირო, 2008 წელს ზიმბაბვემ 100 ტრლნ-იანი კუპიურა ჩაუშვა მიმოქცევაში. ლარი ემისიის მომენტიდან (1995 წლის 2 ოქტომბერი) დღემდე დოლართან მიმართებით 100%-ით გაუფასურდა - 1.30-დან 2.61-მდე. რაც შეეხება რუბლს, 1998 წლის 1-ლი იანვრიდან 3 ნულის ჩამოცილების შემდეგ, დოლარის ღირებულებამ 5.96 რუბლი შეადგინა, იმავე წლის სექტემბერში კრიზისის შედეგად კურსმა 20.0-ს გადააჭარბა. 2008 წლის აგვისტოს ომამდე დოლარი 23 რუბლი ღირდა, 2014 წელს ყირიმის ანექსიამდე - 35 რუბლი, 2022 წელს უკრაინაში შეჭრამდე - 80 რუბლი. მთლიანობაში, დენომინაციიდან დღემდე რუსული რუბლი აშშ დოლართან მიმართებით 1477%-ით - 5.96-დან 94-მდე, გაუფასურდა. რუბლი ლართან მიმართებითაც გაუფასურდა. მეოთხედი საუკუნის წინ 1 რუსული რუბლი 22 თეთრი ღირდა, დღეს მისი ფასი 2.8 თეთრამდეა შემცირებული (ლარი-რუბლის კურსი პირდაპირ არ დგინდება და დოლარი-რუბლი დოლარი-ლარის კურსით იანგარიშება).

ომი უკრაინაში გრძელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მისთვის რეკორდულ 86 მლრდ დოლარს შეადგენს. სანქციების მოხსნის წინაპირობაც არ იკვეთება. სანქციებმა მართალია, თავდაპირველი მოლოდინი ვერ გაამართლა და რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 8%-10%-ის ნაცვლად მხოლოდ 2.1%-ით შემცირდა, თუმცა სანქციების შედეგები მაინც ხელშესახებია და ცხადია, რომ რუსეთის ეკონომიკას საუკეთესო დღეები არ უდგას. გასათვალისწინებელია, რომ ფორმალურად გაზომილი ეკონომიკის დიდ ნაწილს სამხედრო წარმოების ზრდა განაპირობებს, რაც მომავალში გამოყენებად დოვლათს არ წარმოადგენს და წარმოებიდან უახლოეს პერიოდშივე ნადგურდება (ჭურვები, რაკეტები და სხვა სამხედრო საქონელი). შესაბამისად, ომში მყოფი ქვეყნის ეკონომიკის შეფასება მარტივად მხოლოდ მშპ-ს ზრდის ტემპზე დაყრდნობით შეუძლებელია და მისი ფორმირების განმაპირობებელ ელემენტებზე დაკვირვებას საჭიროებს.

რა ბედი ეწევა რუსეთის ეკონომიკას და თავად რუბლს, ეს დიდწილად ფრონტზე განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული და იმაზე, რუსეთთან ომის შემდეგ, რუსეთთან დანარჩენი მსოფლიოს თანამშრომლობა როგორ გაგრძელდება.