პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 2022 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში მან ხელისუფლების მიღწევები შეაფასა და სამომავლო დაპირებები გასცა.„ფაქტ-მეტრმა“ პრემიერის გამოსვლაში მოცემული ძირითადი ფაქტები გადაამოწმა. სრული სტატია იხილეთ ბმულზე.
ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მთელი ეს მაგისტრალი დასრულდება. სულ ჯამურად ქვეყანაში აშენებულია 234 კილომეტრ მაგისტრალურ გზაზე, 2012 წლიდან დღემდე აშენდა 166 კილომეტრი
ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო და ის E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. მისი საერთო სიგრძე 390 კილომეტრია. 2007 წლიდან (2006 წელი გათვალისწინებული არ არის, რადგან ამ წელს მაგისტრალის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. კერძოდ, თანხების მოძიება, კერძო ნაკვეთების მოსახლეობისგან გამოსყიდვის პროცესი) დღემდე მოძრაობა ავტობანის 266.5 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. აქედან, 2007-2012 წლებში მოძრაობა ავტომაგისტრალის 68.15 კილომეტრზე, 2013 წლიდან დღემდე კი, 198 კილომეტრ გზაზე გაიხსნა.
აქედან, მიმდინარე წლის დეკემბერში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 15-კილომეტრიან გზის მონაკვეთზე გაიხსნა მოძრაობა. კერძოდ, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 - 10-კილომეტრიან და გრიგოლეთი-ქობულეთის 5-კილომეტრიან მონაკვეთზე. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ სამტრედია გრიგოლეთის გზის მონაკვეთის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და ექვსი წლის მანძილზე მისი დასრულება ვერ მოხერხდა (იხილე: სტატია). ამჟამადაც მშენებლობა სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთზე ისევ მიმდინარეობს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა 2012 წლის ოქტომბრამდე - ხელისუფლების ცვლილებამდე დაიწყო, რამაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას შეუწყო ხელი. კერძოდ, 2012 წლამდე დაწყებული იყო სვენეთი-რუისის გზის (ლოტი II, III - 9.8 კმ), ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ქუთაისის შემოვლითი გზის (17.5 კმ), ქობულეთის შემოვლითი გზის (12 კმ) მშენებლობა და ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე უკვე არსებული ორზოლიანი გზის 4-ზოლიანამდე გაფართოება (3 კმ). ამდენად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 42.3 კმ გზაზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზოგიერთი მონაკვეთის მშენებლობის სახელშეკრულებო ვადები შეიცვალა და გარკვეული დროით გადაიწია. შეიცვალა ავტომაგისტრალის მთლიანად დასრულების ვადაც, დაანონსებული 2023 წლის ნაცვლად 2024 წლამდე გახანგრძლივდა.
ამჟამად ავტომაგისტრალზე რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში 51.6 კმ სიგრძის გზის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც 96 ხიდს და 53 გვირაბს მოიცავს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე სამუშაოების 70% უკვე დასრულებულია.
განცხადებაში პრემიერი ჩქაროსნული ავტომაგისტრალზე დასრულებული გზის მონაკვეთის სიგრძეს უფრო ნაკლებს ასახელებს, ვიდრე არის. სავარაუდოდ, ამ სტატისტიკაში რამდენიმე დღის წინ გახსნილი გზის მონაკვეთი არ შედის. გარდა ამისა, პრემიერი ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მთავრობის წარმატებულ მუშაობაზე ხაზგასასმელად საუბრობს - საუკუნის პროექტს უწოდებს, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაგისტრალის დასრულების თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და იყო პრობლემური მონაკვეთები, რომლის კონტრაქტორი კომპანიები რამდენჯერმე შეიცვალა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, ტენდერები ხელახლა გამოცხადდა (მაგალითად, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე და მეოთხე მონაკვეთი). აღნიშნულიდან გამომდინარე, პრემიერის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.