პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს. პირდაპირია ინვესტორი, რომელიც საწარმოს აქციების არანაკლებ 10 პროცენტს ან ასეთი მონაწილეობის ეკვივალენტს ფლობს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) მოცულობამ 2022 წლის II კვარტალში 351.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1%-ით მეტია. პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, პუი-ს მოცულობამ 922 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 202%-ით ზრდას წარმოაგენს. საინტერესოა, რომ პირველი ორი კვარტლის ჯამური მონაცემები საქართველოს ისტორიის მანძილზე, 2008 წლის გარდა, როდესაც პირველ ორ კვარტალში 1.1 მლრდ აშშ დოლარის პუი განხორციელდა, ყველაზე მაღალია.

ცხრილი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა 2013-2022 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ინვესტორების სააქციო კაპიტალი, განხორციელებული რეინვესტიციები და სავალო ვალდებულებები. 2022 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 343 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 400%, ხოლო პრეპანდემიურ, 2019 წელთან შედარებით - 29%-ით ზრდაა. სააქციო კაპიტალის მოცულობა, მთლიანი ინვესტიციების 37.2%-ს შეადგენდა. 2022 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, პუი-ს ზრდის ძირითადი ნაწილი რეინვესტირებაზე მოდიოდა. რეინვესტირების მაჩვენებელმა 559 აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ინვესტიციების 60.6% იყო. პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, რეინვესტირების წილი მთლიან ინვესტიციებში მკვეთრად არის გაზრდილი, ხოლო სააქციო კაპიტალის წილი შემცირებული.

რეინვესტირება, ცალკე აღებული, უარყოფითი მოვლენა არ არის, თუმცა, რეინვესტირების სააქციო კაპიტალზე მეტად ზრდა მიანიშნებს ახალი ინვესტიციების შემოსვლის შედარებით დაბალ მაჩვენებელზე, რაც საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის უარყოფით მოვლენას წარმოადგენს. აბსოლუტური მოცულობით, სააქციო კაპიტალის მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო 2017-2018 წლებში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა რომ ამ პერიოდში, მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი უფრო ნაკლები იყო, ინვესტიციების ახალი ნაკადების მიღების თვალსაზრისით, ეს პერიოდი უფრო წარმატებული გამოდის. თუმცა, ბუნებრივია, პანდემიური პერიოდის შემდგომ დაკავშირებული ეკონომიკური ვითარებისა და როგორც ეკონომიკური, ისევე პოლიტიკური პრობლემების ფონზე, საერთო ჯამში, სტატისტიკა ცალსახად პოზიტიურია.

ცხრილი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა 2017-2022 წლების პირველი ორი კვარტლის მიხედვით, მლნ აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2022 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანას ესპანეთი, (197 მლნ დოლარის) რაც ესპანური კომპანიის FCC Aqualia-ის მიერ ქართული წყალმომარაგების კომპანია Georgia Global Utilities-ის აქციების 80%-ის შესყიდვით არის განპირობებული. შემდგომ მოდის გაერთიანებული სამეფო (151 მლნ დოლარი) თურქეთი (97 მლნ დოლარი) და ნიდერლანდები (67 მლნ დოლარი). პუი-ს მოცულობით პრეპანდემიურ 2019 წელს ლიდერებს ირლანდია და თურქეთი წარმოადგენდნენ, როდესაც ამ ორი ქვეყნიდან განხორციელებული ინვესტიციები უფრო მეტი იყო, ვიდრე დსთ-ს ქვეყნებიდან.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დამდგარი ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე, რასაც რუსეთიდან მიგრაციის, ტურიზმის და გადმორიცხვების ზრდა მოჰყვა, საინტერესოა, რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკის ანალიზი. 2022 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, რუსეთის შემთხვევაში უარყოფითი პუი დაფიქსირდა, ჯამში 11.8 მლნ დოლარის ოდენობით. სავარაუდოდ, აღნიშნულს ტექნიკური ხასიათი ჰქონდა და დაკავშირებული იყო ისეთ ოპერაციებთან, როგორიცაა ვალის გადახდა, დივიდენდის მიღება, რუსეთის რეზიდენტი მფლობელების ქონების გასხვისება საქართველოს რეზიდენტებზე, როგორც მაგალითად ბორჯომის შემთხვევაში. ბოლო წლებში რუსეთის წილი მთლიან პუი-ში 5-7% ფარგლებში მერყეობდა.

2022 წლის პირველ ორ კვარტალში, ყველაზე მეტი პუი ენერგეტიკის (313 მლნ დოლარი), საფინანსო (165 მლნ დოლარი) და უძრავი ქონების (152 მლნ დოლარი) სექტორებში დაფიქსირდა. უარყოფითი პუი, 4.5 მლნ დოლარის ოდენობით კავშირგაბმულობის სექტორში დაფიქსირდა, რაც შესაძლოა, ბილაინის ქართველი რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლით იყო გამოწვეული.