11 იანვარს, ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ ეთერში, მორიგი ანტივაქსერული და დეზინფორმაციული შინაარსის გადაცემა - „განსხვავებული აზრი“, გავიდა. გადაცემის წამყვანმა ზაზა დავითაიამ და მისმა სტუმარმა ჰომეოპათმა თინა თოფურიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით არაერთი ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს.

მტკიცება: ვაქცინირებულების და არავაქცინირებულების რაოდენობა, რომლებიც კოვიდით დაინფიცირდნენ მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, არც სიკვდილიანობის სტატისტიკაშია მნიშვნელოვანი განსხვავება. უკვე უამრავი ინფორმაცია დაგროვდა, რომ სწორედ აუცრელებს გაცილებით იოლად გადააქვთ კოვიდის ინფექცია, ვიდრე აცრილებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

COVID-19-ის ახალ შტამებზე კოვიდვაქცინების ინფიცირებისგან დაცვის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა დაავადების მძიმე გართულების და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც შესაბამისი კვლევებით დასტურდება. ამასთან, სრულად ვაქცინირებულ პირებს დაინფიცირების ნაკლები რისკი აქვთ, ვიდრე აუცრელებს (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1; სტატია 2).

იმუნიზაციის შედეგები აჩვენებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს კორონავირუსი, უმეტეს შემთხვევაში, მსუბუქად გადააქვთ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის (NCDC) 15 მარტი-30 სექტემბრის ანგარიშის თანახმად, სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი, არავაქცინირებულ პირებთან შედარებით - 9.4-ჯერ ნაკლებია. ვაქცინაციის დაწყებიდან, 2021 წლის 15 მარტი - 30 სექტემბრის პერიოდში, საქართველოში COVID-19-ით 5 469 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 99% (5 412 პირი) არ იყო აცრილი. 1-ელი ოქტომბრის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულ პირებში სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი - 99%; ჰოსპიტალიზაციისგან და კრიტიკული შემთხვევებისგან დაცვის მაჩვენებელი - 93% და 98%-ია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ოფისისა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) კვლევის თანახმად, COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის წყალობით 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში სავარაუდო სიკვდილიანობა განახევრდა. კვლევის ავტორებმა ევროპის რეგიონის 33 ქვეყნიდან მიღებული ყოველკვირეული ანგარიშების საფუძველზე გამოთვალეს 60 წელს გადაცილებული ადამიანების სავარაუდო რაოდენობა, რომლებიც ვაქცინის გარეშე შესაძლოა გარდაცვლილიყვნენ. აღნიშნული გამოთვლებით, 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით, COVID-19 ვაქცინაციის შედეგად მხოლოდ ევროპის რეგიონში (33 ქვეყანაში) 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში 469,186 ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. აღნიშნული კვლევა ვაქცინაციის შედეგად ინფექციის გადაცემის შემცირების წყალობით გადარჩენილთა რაოდენობას არ მოიცავს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვაქცინაციის სარგებელი კიდევ უფრო მაღალია.

მტკიცება: რატომ უნდა ავიცრა იმ შტამზე (ომიკრონი), რომლისთვისაც ვაქცინა არ არის ჯერ შექმნილი?!

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე წინა შტამები. ამჟამინდელი ცნობებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა - „დელტა“ შტამისგან განსხვავებით, უფრო მსუბუქია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ომიკრონი დაავადების გართულებას ან ლეტალობას არ იწვევს. ინფიცირების მომეტებული საფრთხის ფონზე ვაქცინაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი შტამების შემთხვევაში Covid-19-ის ვაქცინების ეფექტიანობა შედარებით შემცირდა, არსებული ვაქცინები კორონავირუსის ყველა შტამის შემთხვევაში, ლეტალობის და დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობისგან ეფექტურად იცავს.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ Pfizer-ის და Moderna-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის [ბუსტერი] ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 90%-ია, როგორც დელტას, ასევე ომიკრონის ვარიანტების წინააღმდეგ.

მტკიცება: Covid-19-ით ბავშვები არ კვდებიან, მძიმედ არ გადააქვთ, არ არიან გადამტანი, ბავშვების აცრას აზრი არ აქვს

ვერდიქტი: მანიპულირება

COVID-19-ის გართულების შედარებით ნაკლები რისკი აქვთ ბავშვებსა და მოზარდებს, ვიდრე უფროსი ასაკის მოსახლეობას. თუმცა, მტკიცება, რომ ბავშვები COVID-19-ით მძიმედ არ ავადდებიან ან/და არ კვდებიან, სიმართლეს არ შეესაბამება.

ვირუსის მუტაციის შედეგად, კორონავირუსის ახალი შტამები ბავშვებში უფრო მეტად ვრცელდება, ვიდრე წინა შტამები. პედიატრიის ამერიკული აკადემიის, 13 იანვრის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან თითქმის 9.5 მლნ ბავშვს დაუდგინდა, აქედან თითქმის 1 მილიონამდე შემთხვევა ბოლო 1 კვირაში დაფიქსირდა, რაც გასული ზამთრის პიკურ მაჩვენებელს დაახლოებით 4-ჯერ აღემატება. აშშ-ში, პანდემიის დაწყების დღიდან, ბავშვებმა ინფიცირების მთლიანი შემთხვევების 17.8% შეადგინეს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გაზრდილია, 2021 წლის ივნისის მონაცემებით ინფიცირებულებში ბავშვებისა და მოზარდების წილი 14% იყო. COVID-19-ით ბავშვთა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მონაცემები შტატების მიხედვით განსხვავებულია. საერთო ჯამში, პედიატრიის ამერიკული აკადემიის მონაცემებით:

• ჰოსპიტალიზაცია - ბავშვებმა საერთო კუმულაციური ჰოსპიტალიზაციის 1.7%-4.4% შეადგინეს. ბავშვებს შორის COVID-19-ის ჯამური შემთხვევების 0.1%-1.5%-ში საჭირო გახდა მათი ჰოსპიტალიზაცია.

• სიკვდილიანობა - COVID-19-ით გარდაცვლილთა შორის ბავშვების წილმა 0.00%-0.26% შეადგინა. ბავშვებს შორის COVID-19-ის შემთხვევების 0.00%-0.02% ლეტალურად დასრულდა.

ჯანდაცვის საერთაშორისო უწყებები და მეცნიერები თანხმდებიან, რომ ბავშვები და მოზარდები, განსაკუთრებით ვისაც დაავადების გართულების მაღალი რისკი აქვთ (ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები), COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრან. სამეცნიერო მტკიცებულებებით, ბავშვებსა და მოზარდებში ვაქცინის სარგებელი პოტენციურ რისკს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

CDC-ის ინფორმაციით, ბავშვები ისევე შეიძლება დაინფიცირდნენ COVID-19-ით, როგორც მოზრდილები. ამასთან, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში ბავშვებს ჯანმრთელობის მოკლე ან გრძელვადიანი გართულებების განვითარების რისკი აქვთ, რომელმაც შესაძლოა გარდაცვალებაც გამოიწვიოს. აშშ-ში 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილის 10 მიზეზთა შორის COVID-19 ერთ-ერთია. ამასთან ბავშვებს, რომლებიც ინფიცირდებიან COVID-19-ით, ასევე შეიძლება ისეთი სერიოზული გართულებები განუვითარდეთ, როგორიცაა მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (MIS-C) - მდგომარეობა, როდესაც სხვადასხვა ორგანოს ანთება ვითარდება, მათ შორის გული, ფილტვები, თირკმელები, ტვინი, კანი, თვალები ან კუჭ-ნაწლავის. მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, აშშ-ში MIS-C-ის 2300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში. COVID-19-ით გამოწვეული მძიმე დაავადების რისკის ქვეშ უფრო მეტად არიან ის ბავშვები, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები. COVID-19-ის ვაქცინებს შეუძლია ბავშვები და მოზარდები დაიცვას დაავადების გართულებისა და სიკვდილისგან.

გარდა იმისა, რომ თინა თოფურია ამტკიცებს, რომ ბავშვების ვაქცინაციის საჭიროება არ არის. ის ბავშვებში ვაქცინაციის საფრთხეებზე - კერძოდ მიოკარდიტებზე, საუბრობს.

ბავშვებისთვის COVID-19 ვაქცინაციის რეკომენდაციის გაცემამდე, მეცნიერებმა ჩაატარეს კლინიკური კვლევები ათასობით ბავშვზე და უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები არ გამოვლენილა. შესაბამისად, FDA-მ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას 5-15 წლის ბავშვებში გადაუდებელი გამოყენების ნებართვა მიანიჭა.

CDC ყველა COVID-19 ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგს ავტორიზაციის ან დამტკიცების შემდეგაც განაგრძობს. Pfizer-BioNTech ვაქცინით აცრის შემდეგ 12-17 წლის მოზარდებში მიოკარდიტის (გულის კუნთის ანთება) და პერიკარდიტის (გულის გარეთა გარსის ანთება) შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა ეს რეაქციები იშვიათი იყო. კლინიკური კვლევების დროს, 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში მიოკარდიტის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. CDC-ის ცნობით, COVID-19 დაავადების ცნობილი რისკები და მასთან დაკავშირებული შესაძლო მძიმე გართულებები, როგორიცაა: ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიც კი, ბევრად აღემატება ვაქცინაციაზე იშვიათი გვერდითი რეაქციის პოტენციურ რისკებს, მათ შორის, მიოკარდიტის ან პერიკარდიტის რისკს.

-------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.