ანალიზი:
18 ნოემბერს Facebook-მომხმარებელმა სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, პრინცმა ჩარლზმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარი განაცხადა. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ პრინცი ეწინააღმდეგება გენეტიკურ მოდიფიკაციას, რასაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოიწვევს. პოსტი ყალბი ინფორმაციის შემცველია. მასალაში მოცემულ დაუსაბუთებელ მტკიცებულებებს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. ]
სტატია, სათაურით: «პრინცი ჩარლზი უარს ამბობს კორონავირუსის ახალი ვაქცინის მიღებაზე“, ფოტოზე მითითებული ბრიტანული ყოველდღიური გაზეთის ოფიციალურ ვებგვერდზე (express.co.uk) არ იძებნება. თუმცა ის სხვა ვებგვერდებზეა გამოქვეყნებული (ბმული 1, ბმული 2), მათ შორის express.co.uk-ის მსგავსი დასახელების ვებგვერდზე - expressnews.uk (გარდა მიმბაძველი სახელისა, ვებგვერდის რეპუტაციას კითხვის ნიშნის ქვეშ ის ფაქტიც აყენებს, რომ არ არის მოცემული „ჩვენ შესახებ“ ინფორმაცია). სტატიაში საუბარია იმაზე, რომ პრინცმა ჩარლზმა შესაძლოა, უარი თქვას კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის გაკეთებაზე, რადგან პრინცი გენეტიკურ მოდიფიკაციას ეწინააღმდეგება. ამ მოსაზრების გასამყარებლად მასალაში თანდართულია ამონარიდები პრინც ჩარლზის სტატიიდან - “The Seeds of Disaster”.
რეალურად, პრინცი ჩარლზის სტატია “The Seeds of Disaster” უელსის პრინცისა და კორნუოლის ჰერცოგინიას ოფიციალურ ვებგვერდზე 1998 წლის 8 ივნისს გამოქვეყნდა. სტატიაში პრინცი ჩარლზი გენმოდიფიცირებულ საკვებს აკრიტიკებს: „მე არანაირი სურვილი არ მაქვს მივიღო გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები და ამას არც ჩემს ოჯახის წევრებს ან სტუმრებს ვთავაზობ“. იგი ასევე ხაზს უსვავმს იმ ფუნდამენტურ განსხვავებებს, რაც ერთი მხრივ, ტრადიციული და მეორე მხრივ კი, გენეტიკური მოდიფიკაციით მიღებულ საკვებს შორის არსებობს. შესაბამისად, დეზინფორმაციის ავტორი მოცემული სტატიის გამოყენებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალ ვაქცინასა და გენეტიკურ მოდიფიკაციას ერთმანეთთან ხელოვნურად აკავშირებს. აღნიშნული სტატიის გამოყენება იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ კორონავირუსის ვაქცინა დნმ-ს ცვლის, მანიპულაციურ ხასიათს ატარებს. ამასთან ერთად, პრინც ჩარლზს არც ერთ ოფიციალურ განცხადებაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარი არ უთქვამს.
უკვე ცნობილია, რომ 2 დეკემბერს Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (BNT162b2), რომელმაც 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, დიდმა ბრიტანეთმა გადაუდებელ სიტუაციებში მოხმარებისთვის დაამტკიცა. კორონავირუსის ახალი ვაქცინა ეტაპობრივად მიეწოდება მოსახლეობას. ბრიტანეთში მიმდინარეობდა დისკუსია, უნდა მიეღოთ, თუ - არა, კორონავირუსის ახალი ვაქცინა სამეფო ოჯახში უფრო ადრე, რათა მოსახლეობისთვის მაგალითი გამხდარიყვნენ და მოეხსნათ კითხვები ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში გადაწყდა, რომ სამეფო ოჯახი „განსაკუთრებულ“ მოპყრობას არ მიიღებს და ვაქცინის მისაღებად თავის რიგს დაელოდება. სამეფო ოჯახში აცხადებენ, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ დედოფალმა შეიძლება ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდოს, ვინაიდან ეს იქნება დეზინფორმაციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს არ იქნება პირველი ასეთი ნაბიჯი დედოფლის მხრიდან. 1957 წელს პოლიომელიტის წინააღმდეგ მოქმედი ვაქცინის შესახებ გავრცელებული უნდობლობის საპასუხოდაც, ელიზაბეტ მეორემ პროტოკოლი დაარღვია და მოქალაქეებს პრინც ჩარლზისა და პრინცესა ანას ვაქცინაციის შესახებ აცნობა. მაშინდელი დეზინფორმაციის ტალღაც, სავარაუდო გვერდით მოვლენებს უკავშირდებოდა.
პირველ ეტაპზე ვაქცინას 80 წელს გადაცილებული ადამიანები და კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი სოციალური და მედიცინის მუშაკები მიიღებენ. 8 დეკემბერს უკვე დაფიქსირდა ვაქცინის გამოყენების პირველი ფაქტი. ის 90 წლის მარგარეტ ქენანმა გაიკეთა. თუმცა ევროპაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მასობრივი მოხმარება შესაძლებელი მხოლოდ მას შემდეგ გახდება, როდესაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს განხილვა დასრულდება და ლიცენზია მიენიჭება.
მასალაში არსებული მტკიცება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ადამიანის უჯრედების გენეტიკური მოდიფიკაცია შეუძლია, არის ყალბი ამბავი. მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში არა ერთხელ გავრცელებულა. სავარაუდოდ, აღნიშნული მტკიცება ვაქცინის ერთ-ერთი ტიპის, დნმ-ის ვაქცინის არსებობას უკავშირდება, რომელიც არა ადამიანის დნმ-ს, არამედ ვირუსის დნმ-ს მიემართება. ზოგადად, ყველა ტიპის ვაქცინის საერთო ფუნქცია ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაა. დნმ ვაქცინა პაციენტში იმუნური პასუხის სტიმულირებისთვის ვირუსის გენეტიკური კოდის მცირე ნაწილის (დნმ ან რნმ) შეყვანას გულისხმობს. არაინფიცირებულ ვაქცინებისა და გენეტიკური მოდიფიკაციის შესახებ კორნელის უნივერსიტეტის სამეცნიერო ალიანსის ჯგუფის მოწვეულმა მკვლევარმა, მარკ ლინასმა Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, არც ერთი ტიპის ვაქცინას, მათ შორის დნმ-ის ვაქცინას, ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც არ იწვევს. გენეტიკური მოდიფიკაციისას კი სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება უცხო დნმ-ის შეყვანა. ვაქცინები კი ამ პრინციპით არ მოქმედებენ. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მისი შეყვანა ადამიანის უჯრედების სტრუქტურასა და გენეტიკურ კოდზე გავლენას ვერ მოახდენს და მით უმეტეს, მას ვერ შეცვლის.
ამრიგად, პოსტში მოყვანილი მტკიცებულებები პრინცი ჩარლზის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ მას არ სურს კორონავირუსის ახალი ვაქცინის გაკეთება, რომელიც დნმ-ს ცვლის, არანაირი დასაბუთებულ მოსაზრებას არ ემყარება და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.