Facebook-ზე გავრცელდა ჯეიკობ როტშილდის ფოტო წარწერით: „მე მქვია იაკობ როტშილდი. მე მაქვს სულ 500 ტრილიონი დოლარი. მე ვარ ყველაფრის მფლობელი, რასაც ხედავთ. მსოფლიოს ყველა ბანკი მე მეკუთვნის...“ ფოტოს თან ერთვის აღწერა, რომლის თანახმადაც, „მასონების საგვარეულოს“ - როტშილდების მიზანი მსოფლიო ჰეგემონიაა. როტშილდები და როკფელერები არაოფიციალურად მართავენ მსოფლიოს, მათ შორის საქართველოსაც. აღნიშნული კონსპირაცია ასევე გაავრცელეს გვერდებმა: „გასამართლდეს ნაციონალური-ტერორისტული მოძრაობა!!!“, „ჩემი საქართველო - აქ არის!!!“, „პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები ! ! !“. მიუხედავად იმისა, რომ როტშილდები მსოფლიოში ერთ-ერთ მდიდარ საგვარეულოს წარმოადგენენ, მტკიცებები მათ მიერ მსოფლიო ჰეგემონიის დამყარების მცდელობის შესახებ, აბსურდულია და შეთქმულების თეორიის ნაწილია.

მოცემული ფოტომასალა სიმართლეს არ შეესაბამება და ფოტო-მონტაჟის შედეგია. აღნიშნული სიტყვები როტშილდს არასდროს უთქვამს და მოცემული ციტატა მხოლოდ შეთქმულების თეორეტიკოსთა წიგნებში გვხვდება. მასალა, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ 2015 წელს გავრცელებული იმავე შინაარსის კონსპირაციის თარგმანს წარმოადგენს. როტშილდების ოჯახი დიდი ხანია შეთქმულების თეორეტიკოსთა სამიზნეა. მათ სახელს მასონებს, ახალი მსოფლიო წესრიგის შემქმნელებს, უკავშირებენ. კონსპირატორთა უმრავლესობა ასეთი სახის მტკიცებულებების საფუძვლად ოჯახის ებრაულ წარმომავლობას იყენებს და მიიჩნევს, რომ მსოფლიო ფულის მასას სწორედ ებრაელები აკონტროლებდნენ და აკონტროლებენ.

სინამდვილეში ვინ არიან როტშილდები?

როტშილდების საგვარეულო ებრაული წარმოშობის მდიდარი და ცნობილი საბანკო ოჯახია ევროპიდან, კერძოდ ფრანკფურტიდან. მიუხედავად იმისა, რომ როტშილდების ოჯახი დღესაც საკმაოდ მდიდარია, მათი საერთო ქონება ჩამორჩება იმ სიმდიდრეს, რასაც ისინი მე-18-მე-19 საუკუნეებში ფლობდნენ. დღეს როტშილდების ბიზნესის მამოძრავებელია როტშილდების ჯგუფის სახელით ცნობილი მრავალეროვნული საინვესტიციო საბანკო კომპანია, რომლის წლიური შემოსავალიც 2019 წლის ანგარიშის თანახმად, 1,160 მილიონი ევრო იყო.

როტშილდების ფონდის სახელს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიების მხარდაჭერა და განხორციელება უკავშირდება. როტშილდების დაარსებულია „ერანდას ფონდი“ (The Eranda Foundation) გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით, 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს გასცემს აფრიკაში, ჰაიტიში, ინდოეთში, ისრაელში და სხვა ქვეყნებში ჯანდაცვის, განათლების სისტემის და სოციალური კეთილდღეობის ხარისხის გასაზრდელად. ფონდი კულტურისა და ხელოვნების განვითარების მიზნით ცდილობს, რომ მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა მწერლებს, სცენარისტებს, დრამატურგებს. ფონდის მრავალფეროვან საქველმოქმედო საქმიანობაში შედის გაერთიანებულ სამეფოში და არა მხოლოდ, საავადმყოფოების მშენებლობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს მოწყობის ხელშეწყობა, ტექნოლოგიების განვითარების მიზნით კვლევითი ცენტრების გახსნა და პროექტების დაფინანსება.

როტშილდებისა და როკფელერების ოჯახებს შორის ფინანსური თანამშრომლობა და კავშირი ნამდვილად არსებობს. როგორც დევიდ როკფელერმა განაცხადა, ის და ლორდი როტშილდი ერთმანეთს უკვე 5 ათწლეულია რაც იცნობენ და მათ ოჯახებს შორის მტკიცე კავშირია.

ისევე როგორც როტშილდების საგვარეულო, როკფელერებიც ფილანტროპულ საქმიანობას ეწევიან. როკფელერის ფონდის მისიას მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობით, ჯანმრთელობასთან, საკვებთან, ეკონომიკასთან დაკავშირებული გლობალური მასშტაბის გამოწვევებთან გამკლავება წარმოადგენს. არსებობის მანძილზე ფონდს ათასობით ორგანიზაციისა და ადამიანის დასახმარებლად 17 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის თანხა აქვს გაცემული.

როკფელერების ოჯახიც არაერთხელ გამხდარა შეთქმულების თეორეტიკოსთა სამიზნე. ამასთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა (ბმული 1, ბმული 2)

ამრიგად, როტშილდების ოჯახი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი საგვარეულოა მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა მტკიცება, რომ ისინი როკფელერების საგვარეულოსთან ერთად მსოფლიოს აკონტროლებენ, სიმართლეს არ შეესაბამება და შეთქმულების თეორიტიკოსთა მიერ გავრცელებული კონსპირაციაა.

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თეგები: