სატირა #1: აქციის მონაწილეები თბილი წყლის ჭავლით დაშალეს და თბილი ხალათები დაურიგეს
Facebook-ზე გავრცელდა ფოტო, სადაც ასახულია კადრი 8 ნოემბრის აქციიდან. ფოტოს თანახმად, კადრი ტელეკომპანია იმედის გადაცემიდან - „იმედის კვირა“ არის ამოჭრილი. ფოტოს სათაურად კი თანდართული აქვს აღწერა, რომლის თანახმადაც, აქციის მონაწილეები თბილი წყლის ჭავლით დაშალეს და თბილი ხალათები დაურიგეს.
რეალურად, მასალა ფოტო-მონტაჟის შედეგადაა მიღებული. ტელეკომპანია იმედის გადაცემა „იმედის კვირამ“ მართლაც გაავრცელა კადრები 8 ნოემბრის აქციიდან და ფოტოზე აღნიშნული კადრიც რეალურია. თუმცა სიუჟეტში საუბარია იმაზე, თუ რა ხდებოდა ცესკოსთან წყლის ჭავლის გამოყენებამდე. ტელეკომპანია იმედს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო აღწერით: „აქციის მონაწილეები თბილი წყლის ჭავლით დაშალეს და თბილი ხალათები დაურიგეს“, არ გამოუქვეყნებია. მომხმარებელთა უმეტესი ნაწილის გამოხმაურება აღნიშნული ფოტოსადმი სატირის ელემენტებს შეიცავს.
სატირა #2: ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცივი წყლის ძლიერი ჭავლი კორონავირუსის უჯრედებს შლის და უვნებელს ხდის
ტელეკომპანია იმედთან მიმართებით Facebook-ზე გავრცელდა კიდევ ერთი ფოტო, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია ინფორმაციას ავრცელებს ცივი წყლის ძლიერი ჭავლის უნარზე დაშალოს და გააუვნებლოს კორონავირუსის უჯრედები.
აღნიშნული მასალაც ასევე ფოტო-მონტაჟის შედეგია. ფოტო, რომელიც მასალაში გვხვდება ტელეკომპანია იმედმა ნამდვილად გამოიყენა და ამას როგორც ტელეკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე მის Facebook-გვერდზე ვხვდებით. თუმცა ტელეკომპანია იმედის რეალურ პოსტში ფოტოს თანდართული აქვს აღწერა: „კოვიდინფიცირებულთაგან, 400-მდე ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა“.
თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ ოფიციალურFacebook გვერდზე.თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.