27 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება ვერ შეასრულა. მისი თქმით, ეს ერთადერთი დაპირება იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არ/ვერ შეასრულა. „ჩვენ ცილს გვწამებდნენ მუდამ, რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც ვერ გავაკეთეთ, მაგრამ არც ერთი პრინციპული დაპირება არ მახსოვს, ჩვენი 7-წლიანი ისტორიის განმავლობაში, როცა “ქართული ოცნება” მოვიდა პოლიტიკაში, რომ რამე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინა. მე ზოგადად ვუფრთხილდები დაპირებებს, ასჯერ და ათასჯერ ვზომავ, რომ თუ პირდები, უნდა გააკეთო“- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომელიც საზოგადოებამ ხელისუფლებას წაუყენა. 24 ივნისს „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაპირდა, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდებოდა. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ თავისივე ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო და ხალხისთვის მიცემული პირობა არ შეასრულა.
პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის ერთადერთი დაპირება, რომელიც არ შესრულდა. ფაქტ-მეტრის არქივიდან გთავაზობთ რამდენიმე დაპირებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა გასცა და არ შეასრულა.
2012 წელს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირება. ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ საქართველოში არსებული ტარიფების განახევრება ხელისუფლებაში მოსვლიდან მეორე დღესვე იყო შესაძლებელი. ტარიფების შემცირების დაპირება არ შესრულებულა.
საწვავის, ფარმაცევტული პროდუქციისა და სხვა საქონლის ფასების კლება, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება იყო, რომელიც ასევე არ შესრულდა. (იხილეთ “ქართული ოცნების” დაპირებების გადამოწმება ნაწილი I).
2012 წელს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ძირითადი დაპირება იყო - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა. აღნიშნული დაპირება არ შესრულებულა. უმუშევრობა და სიღარიბე ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. (იხილეთ “ქართული ოცნების” დაპირებების გადამოწმება ნაწილი II).
ასევე არ შესრულდა ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის დაპირება - ერგნეთის ბაზრობის აღდგენის შესახებ.
ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დაპირება იყო - „უფასო ჯანდაცვა ყველას“. „ქართულმა ოცნებამ“ ჯანდაცვის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდა. თუმცა, მოსახლეობისთვის ჯანდაცვა არა თუ უფასო გახდა, არამედ ის კიდევ უფრო გაძვირდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე გაიზარდა იმ შინამეურნეობების რაოდენობა, ვისთვისაც ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები კატასტროფულად მაღალი იყო. (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).
2012 წელს ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო 100 ქარხნის გახსნა, რომელიც ასევე არ შესრულდა. (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია 1; სტატია 2).
„ქართული ოცნების“ ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. აღნიშნული დაპირებაც არ შესრულებულა. (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).
„ქართული ოცნების“ 2016 წლის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება მოსახლეობის სრული ინტერნეტიზაცია იყო. პროექტის დაწყება 2016 წელს დაანონსდა და 2020 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. თუმცა დაპირების გაცემიდან სამი წლის თავზე ინტერნეტიზაციის პროექტი დაწყებულიც კი არ არის. (იხილეთ ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია).
ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის „სერიოზული“ და „პრინციპული“ დაპირებების არასრული ჩამონათვალი, რომელიც არ შესრულდა.