2017 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ დასაქმებულია 1 706.6 ათასი პირი. აქედან, დაქირავებით დასაქმებული 824.2 ათასი პირია, რაც დასაქმებულთა 48.3%-ია, ხოლო დანარჩენი 51.7% თვითდასაქმებულია. რაც შეეხება დასაქმებულთა წილს საჯარო (სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მუშახელი)[1]და კერძო სექტორებში (კერძო კომპანიების მიერ დაქირავებული მუშახელი)[2], 2017 წლის მონაცემებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 283.8 ათას ადამიანს შეადგენს, რაც მთლიანი დასაქმების 16.6%-ია. აღსანიშნავია, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სამუშაო ადგილები კერძო სექტორში უნდა იქმნებოდეს და არა საჯარო სექტორში. შესაბამისად, მთლიან დასაქმებაში რაც უფრო მაღალია კერძო სექტორის წილი და ნაკლებია საჯარო სექტორის, უკეთესია.
ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, თუ რა ვითარებაა დასაქმების მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში. თავდაპირველად, განვიხილოთ საჯარო სექტორში დასაქმებულთა წილი დაქირავებით დასაქმებულებში – 2007 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დაქირავებით დასაქმებულების ნახევარზე მეტი იყო, მაგრამ 2017 წლის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 34.4% -მდეა შემცირებული[3]. მიუხედავდ იმისა, რომ გასული ათი წლის მანძილზე საჯარო სექტორის წილი დაქირავებით დასაქმებაში არსებითად შემცირდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობის ზომიდან გამომდინარე, ეს მაჩვენებელი მაინც საკმაოდ მაღალია.
გრაფიკი 1: დაქირავებით დასაქმებაში საჯარო სექტორის წილი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ბოლო 10 წლის მანძილზე საჯარო სექტორში ყველაზე ნაკლები დასაქმებული 2013 წელს იყო. ამ წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 12.2%-ით შემცირდა და 252.1 ათასი ადამიანი შეადგინა. თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2013 წლის შემცირების შემდეგ, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ისევ იზრდება და უკვე 2017 წელს ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წელს არსებულ მაჩვენებელს მხოლოდ 3.2 ათასით ჩამორჩება.
გრაფიკი 2: საჯარო სექტორის დასაქმების მაჩვენებლები (%, ათასი კაცი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
გრაფიკი 3: საჯარო სექტორის დასაქმების წილი სხვადასხვა მაჩვენებლებში (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საინტერესოა საქართველოს საჯარო სექტორის დასაქმების მაჩვენებლებსა სხვა ქვეყნების მონაცემებს შორის შედარება, რათა დავინახოთ სხვა ქვეყნებთან შედარებით, რა რაოდენობის ადამიანური რესურსია გამოყენებული საჯარო საქონელის და მომსახურების მისაწოდებლად. მთლიან დასაქმებაში საჯარო სექტორის წილით სკანდინავიის ქვეყნები გამოირჩევიან, სადაც ეს მაჩვენებელი 30%-ს აღწევს, ხოლო ყველაზე დაბალი კი იაპონიაშია, სადაც 2015 წელს საჯარო სექტორის წილი5.9%. OECD-ის წევრ ქვეყნებში მთლიან დასაქმებაში საჯარო სექტორი წილი საშუალოდ 18.1%-ია[4].
გრაფიკი 4: OECD-ს წევრ ქვეყნებში საჯარო სექტორის დასაქმების წილი მთლიან დასაქმებაში (2015 წელი, %)
წყარო: The Organisation for Economic Co-operation and Development
საქართველოში საჯარო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი, საჯარო სერვისებისა და მთავრობის მასშტაბებიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალია. მთავრობის მთლიანი ხარჯები მშპ-ს 29.6%-ია, ამ ხარჯების გაწევისთვის დასაქმებულთა რაოდენობა კი, მთლიანი დასაქმების 16.6%-ია. მაგალითად, იაპონიასა და კორეაში მთავრობის მთლიანი ხარჯები საშუალოდ 35%-ია, ხოლო საჯარო სექტორის დასაქმების წილი მთლიან დასაქმებაში – 5.9% და 7.6%. ასევე, პორტუგალიაში საჯარო სერვისის წარმოება/მიწოდებისთვის მთავრობის მთლიანი ხარჯები მშპ-ს 45.8%-ია, რომლის წარმოება/მიწოდებაში დასაქმებულთა რაოდენობა მთლიანი დასაქმების 15.2%-ს შეადგენს. OECD-ის ქვეყნებში საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო მაჩვენებელს ქვემოთ არსებულ 17 ქვეყნის მთლიანი მთავრობის ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში საშუალოდ 40-45% მერყეობს, ხოლო ამ ხარჯების გაწევისთვის დასაქმებულთა რაოდენობა მთლიანი დასაქმების საშუალოდ 13.5%-ია. ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მთლიანი მთავრობის ფუნქციების განხორციელებაში უფრო მეტი ადამიანური რესურსია გამოყენებული, ვიდრე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. უნდა ითქვას, რომ არსებული მდგომარეობის გამოსწორება ელექტრონული მმართველობის (E-government) გაუმჯობესებითაა შესაძლებელი, როდესაც სახელმწიფო სერვისებით მიწოდება ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით ხდება. ეს ერთი მხრივ, ზრდის სერვისებზე ხელმისაწვდომობას და მის ხარისხს, ხოლო მეორე მხრივ, ამცირებს საჯარო სერვისების წარმოება/მიწოდებისთვის საჭირო ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს.
[1] სახელმწიფო, ა/რ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მათ მიერ დაფინანსებულ ან/და დაფუძნებულ/კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში და სახელმწიფო/მუნიციპალურ საწარმოებში დასაქმებული პირები
[2] ის დასაქმებული პირები, რომლებიც საჯარო სექტორში არ მუშაობენ (თვითდასაქმებულების ჩათვლით)
[3] საქსტატის მიერ ინსტიტუციური სექტორების მიხედვით დასაქმებულთა სტატისტიკის წარმოება დაიწყო 2007 წლიდან
[4] მსოფლიოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, რომლის წევრი 36 სახელმწიფოა (საქართველო არ არის წევრი)