„თავისუფალი საქართველო“) პასუხებს.
რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე? ნიკოლოზ თოფურიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)
ათი თვე ვიმუშავე გამგებლის თანამდებობაზე და ვთვლი, რომ ეს ათი თვე იყო ნაყოფიერი. ხარაგაულში ჩემი გამგებლობის პერიოდში უპრეცედენტო რაოდენობის გზები შეკეთდა, ეს არის კარგი საწყისი. აქედან გამომდინარე, თუ ამომრჩეველი ჩემს კანდიდატურაზე გააკეთებს არჩევანს, მმართველი გუნდი კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოიტანს ჩვენს მუნიციპალიტეტში.
თორნიკე ავალიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)მე დავიბადე და გავიზარდე ხარაგაულში, 2005 წლიდან 2006 წლის ჩათვლით ვიყავი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელი, პაციენტებთან მომსახურების მხრივ ამ წლების მანძილზე ორჯერ მაქვს მიღებული სიგელი ქვეყანაში საუკეთესო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობისთვის. ხოლო 2007 წლიდან 2012 წლამდე ვიყავი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ჩემი გამგებლობის დროს არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი შევთავაზეთ მოსახლეობას.
პაატა კიკნაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)უპირველეს ყოვლისა, მე წარმოვადგენ პოლიტიკურ პარტია „პატრიოტთა ალიანსს“, რომელსაც გაცნობიერებული აქვს ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობა და რაც მთავარია, აქვს პროგრამა, როგორ გამოიყვანოს სამშობლო ამ კრიზისიდან.
გულადი (გია) ყრუაშვილი („დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”)ყველა ამომრჩეველმა, რომელიც ხმას აძლევს ამა თუ იმ კანდიდატს, თვითონ უნდა გადახედოს კანდიდატის ბიოგრაფიას, აქვს თუ არა მას უნარი, შესთავაზოს ამომრჩეველს თავისი თავი. ვფიქრობ, ჩემი კანდიდატურა შესაფერისია დღევანდელი რეალობის. მე ვარ ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც არასოდეს მოუტყუებია თავისი ხალხი. ამის ნათელი მაგალითია ჩემი განვლილი გზა. სამწუხაროდ, ამომრჩევლები არ იღებენ სწორ გადაწყვეტილებას. სულაც არ ვამბობ იმას, რომ ვარ ყველაზე უკეთესი, მაგრამ ჩემზე უკეთესებმა რეალურად დაკარგეს ნდობა პოლიტიკისადმი და ხელჩაქნეულები არიანა. ამით სარგებლობენ ერთი და იგივე მატყუარა პოლიტიკოსები და 50 წლის უკან ერთმანეთისგან დაზეპირებულ საარჩევნო პროგრამას სთავაზობენ ხალხს. ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დაუმსახურებლად იყვნენ დეპუტატები, არ აქვთ მორალური უფლება, კვლავ იყარონ კენჭი, ვინაიდან ისენი, ყველანი, ერთმანეთთან კოჰაბიტაციაში მყოფი ადამიანები არიან. ჩემი არჩევის შემთხვევაში ვერც ერთი ჩინოვნიკი ვერ გაბედავს ბიუჯეტიდან თანხის მითვისებას. გაბედავს და, მე ვიქნები გარანტი, რომ ეს ხალხი პასუხს აგებს კანონის წინაშე.
როგორ შეაფასებდით მოქმედი მერის (გამგებლის) საქმიანობას? (დაგვიკონკრეტეთ მისი საქმიანობის პოზიტიური და ნეგატიური შედეგები) ნიკოლოზ თოფურიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)მე თავად ვარ მოქმედი გამგებელი, რომელსაც ერთხელ უკვე გამომიცხადა ნდობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და ხარაგაულის მოსახლეობამ. ისევ მაქვს ხარაგაულელი ამომრჩეველის მხარდაჭერის იმედი.
თორნიკე ავალიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)მოქმედი მერის მუშაობას შევაფასებდი საშუალომდე, პოზიტივია ის, რომ მას არ სჩვევია მოსახლეობის მოტყუება, მაგრამ ნეგატიურია ის, რომ არ იცნობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პრობლემებს, მას არ შეუძლია მუნიციპალიტეტის მართვა.
პაატა კიკნაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)ძნელია შეაფასო მოქმედი გამგებლის საქმიანობა, რადგან ის არჩეულია რამდენიმე თვის წინ, თუმცა ის წარმოადგეს იმ გუნდს, რომელსაც უკან და უკან მიჰყავს ჩვენი ქვეყანა.
გულადი (გია) ყრუაშვილი („დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”)შეფასებაში ძალიან მკაცრი ვიქნები, რადგან ჩემს რაიონში სრული განუკითხაობაა, ჩინური კომპანიები აბინძურებენ ჰაერს, გაუსაძლისი გახადეს, უკვე 5 წელზე მეტია, მოსახლეობის ყოფითი პირობები. თითქმის ყოველ დღე აბინძურებენ მდინარე ჩხერიმელას. ჩემს მიერ არაერთხელ დაჯარიმდნენ ჩინური კომპანიები. გზის გადაკეტვის შედეგად მივაღწიეთ ამას. არც ერთი პარტია და არც დეპუტატი ამ, მოსახლეობის, სამართლიან მოთხოვნებში მონაწილეობას არ იღებენ. 40 გრადუს სიცხეში ბავშვები იძულებული იყვნენ, მდინარე ძირულაში ებანავათ, თავი რომ დავანებოთ იმ ბუღს და მტვერს, რაც ამ ცენტრალურ გზაზე ხდება. 50-ტონიანი სატვირთო მანქანებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, რასაც რაიონის ხელმძღვანელობა, პირიქით, ხელს უწყობს. უამრავი სამუშაოა, ფაქტობრივად, ჩატარებული, დახარჯულია თანხები, მაგრამ საქმე არ ჩანს გაკეთებული.
ჩემი მიზანია, ახალგაზრდები ჩავრთო პოლიტიკურ პროცესებში, რათა ეს უსაქმური და საკუთარ კომფორტზე მზრუნველი პოლიტიკოსები გავუშვა პენსიაზე.
ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები? ნიკოლოზ თოფურიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)ნომერ პირველი პრობლემა ხარაგაულის მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების შეჩერებაა. ბევრი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს ხარაგაულში და ამ კუთხით განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიმუშაოთ. უსამართლობის განცდა აღარ უნდა ჰქონდეს მოსახლეობას. მეორე უმთავრესი პრობლემაა ასევე, ამორტიზებული გზები სოფლებში. ჩვენ დავიწყეთ და 10 თვის განმავლობაში 26 სოფლის ცენტრალურ გზას გავუკეთეთ კაპიტალური რეაბილიტაცია. გარდა ამისა, სოფლებში არის სასმელი წყლის პრობლემა, დაბის წყალმომარაგებისთვის სათავე ნაგებობას სჭირდება რეაბილიტაცია, ამ საკითხზე დაწყებული გვაქვს მუშაობა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. ასევე დიდი პრობლემაა უმუშევრობა, რასაც ბიზნესი არეგულირებს და სახელმწიფოც ბიზნესის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად ხშირად ვახდენთ მოსახლეობის ინფორმირებას სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მათ საშუალება აქვთ კოოპერატივების სახით წამოიწყონ მცირე ბიზნესი და შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი.
ბუნებრივ რესურსებზე ხელმიუწვდომლობა ასევე დიდი პრობლემაა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 95% ჯერ ისევ აქტიურად გამოიყენებს სათბობად საშეშე მერქანს. საკანონმდებლო ორგანო აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რათა გაადვილდეს ბარათების აღების მექანიზმი, რომ გლეხს ჰქონდეს წვდომა ბუნებრივ რესურსზე.
თორნიკე ავალიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)- დაბის მოსახლეობისთვის ხარისხიანი წყლის მიწოდება, წყლის სათავე ნაგებობაზე ხელოვნური ფილტრატების დაყენება;
- სამასალე ხე-ტყეზე სოციალური ჭრა. გარემოს დაცვის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის გამგეობასთან უნდა მოხდეს შეთანხმება სოციალურ ჭრაზე, როგორც იყო 2007 წლიდან 2012 წლამდე;
- სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება. დახმარება უნდა მოხდეს არა თანხის გაცემით, არამედ საამშენებლო მასალების მიწოდებით.
- მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების ყოველთვიური ფინანსური დახმარება. პრობლემის მოგვარება უნდა მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
- სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სტატუსის მინიჭება. პრობლემა მოგვარდება მუნიციპალიტეტისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, სოციალური აგენტისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ერთობლივი მუშაობით უნდა ხდებოდეს მათი შემოწმება და გადამოწმება.
- ახლადაშენებული საავადმყოფო ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა სრულფასოვან გამოკვლევასა და მკურნალობას, საავადმყოფო მუშაობს პაციენტთა პირველად დახმარებაზე, როგორც სოფლის ამბულატორია. უნდა მოვიწვიოთ სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ სტაციონალურ მომსახურებას.
რაც შეეხება პრობლემებს: პირველ რიგში, უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე, მიგრაცია, აგრეთვე ეკონომიკურად ძლიერ რაიონებში გასვლა.
გულადი (გია) ყრუაშვილი („დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”)პირველ რიგში, მე ვაპირებ სამართლიანობის აღდგენას, ჩინოვნიკი, რომელიც დასაქმებულია და ხელფასს იღებს, არ მივცემ საშუალებას, არაკანონიერად მოიქცეს. მე ამას ვპირდები მოსახლეობას, რომ ის ბიუჯეტი, რომელიც ხარაგაულს ერიცხება, საკმარისი გავხადო მოსახლეობის ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად.
რა არის თქვენი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის, როგორ (გაგვაცანით კონკრეტული გეგმა) და რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი. ნიკოლოზ თოფურიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) 21ოქტომბრის შემდეგ, ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ამომრჩეველი გამომიცხადებს 4-წლიან ნდობას. რა თქმა უნდა, ჩემი დაპირებების შესრულებაც ამ დროზე გადანაწილდება. გადაწყვეტილებებს მივიღებთ გუნდურად და ჩემს მიერ გაცემული დაპირებების შესრულებაში პასუხისმგებელი მარტო არ ვიქნები. როცა გავხდი ხარაგაულის გამგებელი, მოვიყვანე საქმის პროფესიონალი და მოტივირებული ახალგაზრდები. ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება და ყველა ინიციატივაში ვიქნები მათი ერთგული. ახალგაზრდებს საშუალება უნდა მივცეთ, რაიონში დასაქმდნენ. თუ განათლების სისტემა თვითმმართველობების დაქვემდებარებაში გადმოვიდა, დიდ ყურადღებას მივაქცევთ სკოლებს, გადაიხედება მენეჯმენტი და მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული იქნება. ჩემს გუნდთან ერთად ვიქნები იმ რეფორმების კეთილსინდისიერი გამტარებელი ადგილზე, რასაც მმართველი გუნდი აპირებს რეგიონებში. „ძლიერი თვითმმართველობა ძლიერი საქართველოსთვის“ – ეს არის ჩვენი დევიზი და სწორედ თვითმმართველობების გაძლიერებაში გვაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა. ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, არის ჩემი დაპირებების მთავარი დედააზრი. ასევე, ვპირდები ჩემს ამომრჩეველს, რომ ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველს და სასურველს გავხდი ხარაგაულს.
თორნიკე ავალიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)წყლის სათავე ნაგებობის მოწესრიგება (2017 წლიდან 2018 წლის მარტამდე); სოფლებში ცენტრალური და შიდა გზების მოწესრიგება (2018 წლიდან 2019 წლის ჩათვლით); დაბის ცენტრში მდებარე ღია ესტრადისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება და ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია(2019 წელი); მაღალგავლადობის ავტომობილების შეძენა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურისთვის(2018წელი); მრავალბინიანი შენობების რეაბილიტაცია(2019-2020წელი); სოფლებში უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა (2018-2019 წელი). ბიუჯეტის თითოეული თეთრი მოხმარდება მოსახლეობის კეთილდღეობას.
პაატა კიკნაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)მდინარე სათავიდან იმღვრევა – ასეა პოლიტიკაშიც. ხარაგაული, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმდიდრესი რაიონია თავისი შესაძლებლობებით (აქვს სასმელი წყლის უმდიდრესი მარაგი, ხე-ტყე, ხარაგაულზე გადის მაღალი ძაბვის, ნავთობისა და გაზსადენის მაგისტრალები, რკინიგზა, ავტოტრასა, რომელთაგან შემოსავლები ბიუჯეტში ათეულობით მილიონი ლარი უნდა იყოს). ჩემი და ჩვენი გუნდის არჩევის შემთხვევაში, ჩვენი მთავრი ამოცანა იქნება, ეს თანხები, პირველ რიგში, მოხვდეს ადგილობრივ ბიუჯეტში.
გულადი (გია) ყრუაშვილი („დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”) _არჩევის შემთხვევაში, როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? (გაგვაცანით კონკრეტული აქტივობები ამ მიმართულებით) ნიკოლოზ თოფურიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)
გასული 10 თვის განმავლობაში მე ვიყავი ძალიან აქტიური გამგებელი. კვირაში ორი დღე მაქვს მოქალაქეების მიღების დღეები. დანარჩენი დრო, შეძლებისდაგვარად, გავდიოდი სოფლებში დ პირადად ვისმენდი მოსახლეობის პრობლემებს. ვხვდებოდი ახალგაზრდებს, ვისმენდი მათ აზრს და ერთად ვსახავდით პრიორიტეტებს. ჩემი არჩევის შემთხვევაში მოქალაქეების მოსმენის არსებული პრაქტიკა კვლავ გაგრძელდება. ექვს თვეში ერთხელ წარვუდგენ ჩემი საქმიანობის ანგარიშს მოსახლეობას.
თორნიკე ავალიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)ჩემი არჩევის შემთხვევაში, მოქალაქეებთან ურთიერთობა იქნება ღია და გამჭვირვალე.
ბიუჯეტის შედგენისას გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის აზრი, მოსახლეობასთან ერთად შეირჩევა პრიორიტეტები, ყველა პროექტი იქნება შეთანხმებული. პრობლემა მოგვარდება არა კაბინეტიდან, არამედ მოსახლეობასთან შეთანხმებით, ადგილზე.
პაატა კიკნაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)არჩევის შემთხვევაში ჩემი ურთიერთობა ამომრჩეველთან ისეთი გახსნილი და უშუალო იქნება, როგორიც დღესაა. შემიძლია კარგი მაგალითიც მოგიყვანოთ: ქალბატონი ირმა ინაშვილი, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერია, ისეთივე ლაღია ურთიერთობაში, როგორიც არჩევნებამდე.
გულადი (გია) ყრუაშვილი („დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”)ჩემი არჩევის შემთხვევაში, კვირაში ერთი დღე დათმობილი ექნება მოსახლეობასთან შეხვედრას და ვპირდები მათ კანონის ფარგლებში ვერავინ დაჩაგრავს და არავის არ მივცემ ამის უფლებას, მე ვიქნები მაგალითის მიმცემი ყველა ჩინოვნიკისთვის. დარწმუნებული ვარ, როდესაც მე ვიქნები მოწოდების სიმაღლეზე, სხვები ვერ გაბედავენ უკანონო საქციელს. არ ვაპირებ ტენდერებში ჩემმა კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა და სამუშაოები ასრულონ. ყველაფერი კანონის მკაცრი მოთხოვნის შესაბამისად იქნება დაცული. მერწმუნეთ, ყველა აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე. სამსახურებში არ იქნებიან ჩემი ნათესავები და ოჯახის წევრები დასაქმებული ჩემი მიზეზით.
როგორ პოლიტიკას გაატარებთ მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების მიმართ. ცნობილია, რომ ხარაგაულის ა(ა)იპ-ებში შტატების გაზრდამ ადგილობრივ ბიუჯეტს სერიოზული პრობლემა შეუქმნა. ნიკოლოზ თოფურიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)
აუცილებლად მოხდება ერთიდაიმავე პროფილის ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაცია. რა მოთხოვნებიც ექნებათ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებს, რა რესურსიც დასჭირდებათ, მხოლოდ იმას გამოიყენებენ. ძალიან დიდი სიფრთხილით გავატარებთ საკადრო პოლიტიკას.
თორნიკე ავალიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)მართალია, რომ შტატების ზრდამ და ნეპოტიზმმა დაანგრია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მაგრამ ჩემთვის მტკივნეული საკითხია ა(ა)იპ-ებიდან დასაქმებულთა გათავისუფლება, 2018 წლიდან მოვახდენთ მომსახურების შესყიდვას და დავაფინანსებთ პროგრამებს.
პაატა კიკნაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)რაც შეეხება ა(ა)იპ-ბის საკითხს, ამას კარგი ანალიზი სჭირდება. არც ისე ივარგებს, ხალხი ხელაღებით ქუჩაში გავუშვათ. პირველ რიგში უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, შემდეგ ვიფიქროთ შტატების შემცირებაზე. ერთი კი არის, ამ ა(ა)იპ-ებში ისეთი ხალხი არ უნდა იყოს დასაქმებული, რომელთაც ორ-ორი სამსახური აქვთ.
გულადი (გია) ყრუაშვილი („დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”)ყველა უსაქმური, რომელიც ხალხის ბიუჯეტიდან საზრდოობს, ასევე გაურკვეველი თანხები, რომლებიც უაზროდ იხარჯება მაქსიმალურ კონტროლზე იქნება აყვანილი. აუცილებლად ჩატარდება თანამშრომლებში ნარკოლოგიური შემოწმება მკაცრი დაცვით და ა. შ.
თქვენი აზრით, რა არის შესაცვლელი ხარაგაულის ბიუჯეტში, რა პრიორიტეტებს უნდა მიექცეს ყურადღება? ნიკოლოზ თოფურიძე („ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“)ვთვლი, რომ ხარაგაულის ბიუჯეტში აუცილებლად უნდა გაიზარდოს კულტურის სფეროს დაფინანსება. მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ახალგაზრდულ და სპორტულ პროექტებსა და ღონისძიებებს. მეტი მატერიალური რესურსი უნდა იყოს გამოყენებული ახალგაზრდებისთვის, რათა მაქსიმალურად იყვნენ ჩართული სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში, რის შემდეგაც აღარ დარჩებათ დრო, იყვნენ უსაქმოდ. ჩვენ გვაქვს ხარაგაულში შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი, რომელსაც ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ. დიდი ყურადღება მიექცევა ტურიზმის მიმართულებას. ბავშვები და ახალგაზრდები არიან ჩვენი მომავალი თაობა და თუ ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში რაიმე შევცვალოთ უკეთესობისკენ, მათ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი. ეს ჩვენი გუნდის პრიორიტეტია.
თორნიკე ავალიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)ადგილობრივი ბიუჯეტი არ არის პროგრამული, კარგი იქნებოდა, 2018 წლიდან მოხდეს პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცება.
პაატა კიკნაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)საერთოდ, ხარაგაულში კარგი ეკონომისტთა და ფინანსისტთა გუნდია და მათ უნდა მიეცეთ აბსოლუტური თავისუფლება, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა წარმართონ და ყველაფერი კარგად იქნება. პრიორიტეტი ხელმოკლეთა დახმარება იქნება.
გულადი (გია) ყრუაშვილი („დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”)ეკოლოგიური მდგომარეობა არის აუცილებლად მისახედი, აღსადგენია საავადმყოფო და ქალთა სამშობიარო ბლოკი და საკონსულტაციო მომსახურება, რათა ორსულებს მშობიარობა და კონსულტაციებზე სიარული არ მოუხდეთ ქუთაისსა და ზესტაფონში. ასევე ფირმებში, რომლებიც სამუშაოებს ასრულებენ რაიონში, გაჰყავთ გაზი და ა. შ. აუცილებლად დასაქმებული უნდა იყოს, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობა, მათ უნდა გაეზარდოთ ხელფასი, სამუშაო დღე უნდა იყოს 8-საათიანი და არა 14-საათიანი. არ უნდა არსებობდეს ჩინოვნიკებისთვის ტყეების გაჩეხვის პრივილეგიები მაშინ, როცა ადგილობრივი გლეხი უბრალოდ ხესაც ვერ მოჭრის ზამთარში.
გასაკეთებელი ძალიან ბევრია, მაგრამ პირველი და მთავარი არის ის, რომ ჩინოვნიკებს უნდა ავაღებინოთ ბიუჯეტის მოპარვაზე ხელი და ყველაფერი კარგად იქნება. სხვა დაპირებები, რომელსაც სხვადასხვა პარტიები იძლევიან, ეს მხოლოდ ხალხის მოტყუებაზეა გათვლილი და დღემდე მე არც ერთი ჩინოვნიკი, რომელიც ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობს, არ მინახავს. სასურველი იქნება, ყველა მაჟორიტარმა და მერობის კანდიდატებმა ერთობლივი საჯარო დებატები გააკეთოს მოსახლეობასთან კითხვა-პსაუხის რეჟიმში.