გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნამ და მის მიერ წინამორბედისგან განსხვავებით კონფრონტაციული რიტორიკის შეცვლამ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს პოზიტიური მოლოდინები გაუჩინა. მათ პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების გამართვა მოითხოვეს და გიორგი კვირიკაშვილთან საარჩევნო საკითხებზე ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. 2016 წლის 14 აპრილს პრემიერ-მინისტრსა და მამუკა კაციტაძეს შორის შეხვედრა გაიმართა. განხილვის მთავარი საკითხი არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პაკეტი იყო, რომელიც შემდეგ საკითხებს მოიცავდა:
- საარჩევნო სისტემა, რომელიც შედგებოდა ერთი ძირითადი და ორი სარეზერვო ვარიანტისგან;
- საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი;
- ბარიერების 1%-ით დაწევა (მოქმედი რეგულაციით ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსახვედრად საჭიროა 4%-იანი ბარიერის გადალახვა, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მისაღებად 3%-იანი ბარიერის გადალახვა, ხოლო პარლამენტში მოსახვედრად 5%).
- საეთერო სარეკლამო დროის თანაბარი განაწილება და წარმომადგენლობის მიცემა უფრო ფართო სპექტრისთვის;
- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვა.
გამოხატა მამუკა კაციტაძემ: "ეს არის უკიდურესად დაჩეხილი, უკიდურესად გაკრეჭილი და უკიდურესად შევიწროებული წინადადებები. მქონდა ზომიერად პოზიტიური მოლოდინი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ "ქართული ოცნების" პასუხები ასეთი ნეგატიური შედეგის იქნებოდა. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩვენი ყველა შეთავაზება უარყოფილია. საარჩევნო ადმინისტრაციაზე შეთავაზება უარყოფილია, სარეკლამო საეთერო დროის და წარმომადგენლობების საკითხი დაჩეხილია".
როგორც მოსალოდნელი იყო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის მოლოდინები არ გამართლდა. "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმაცია სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. შესაბამისად, არასაპარლამენტო ოპოზიციამ ვერც პრემიერ-მინისტრთან მუშაობით ვერ მიიღო სასურველი შედეგი და ვერ მიაღწია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელებას.
21 აპრილს ინტერპარტიულმა ჯგუფმა საარჩევნო სისტემის კონკრეტული მოდელის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც. საარჩევნო სისტემის საკუთარი მოდელი ასევე წარადგინა "ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა - გირჩმა". არასაპარლამენტო ოპოზიციამ ე.წ. "გერმანული მოდელი", ხოლო "გირჩმა" მრავალმანდატიანი მაჟორიტარული მოდელი წარუდგინეს საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ ამ წინადადებების მიღება საკონსტიტუციო ცვლილებებს არ საჭიროებს და მათ დასამტკიცებლად 76 პარლამენტარის ხმაც საკმარისია (საარჩევნო სისტემის აღნიშნულ მოდელებზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა).ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" დაშლის პირობებში, გაჩნდა შანსი, რომ მათ პარლამენტში ხმათა უმრავლესობის მოპოვება და საარჩევნო სისტემის შეცვლა შეძლონ.
აღნიშნულ შეხვედრაზე როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი აუცილებლად შეთანხმდებოდნენ მათთვის სასურველ საარჩევნო მოდელზე. 28 აპრილს ფაქტ-მეტრი ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. მამუკა კაციტაძემ და ზურაბ აბაშიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ ოპოზიციამ ჯერჯერობით ვერ შეძლო სასურველ საარჩევნო მოდელზე შეთანხმება, თუმცა მოლაპარაკებები კვლავ გრძელდებოდა. "გირჩს" საარჩევნო სისტემის საკუთარი მოდელი პარლამენტში კანონპროექტის სახით უკვე დარეგისტრირებული აქვს.
ოპოზიციის კანონპროექტებთან დაკავშირებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება კოალიცია "ქართული ოცნების" ორი ყოფილი სუბიექტის, "რესპუბლიკური პარტიის" და "ეროვნული ფორუმის" პოზიციას. რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით: "მაღალი ალბათობით, 2016 წლის არჩევნებისთვის კონსტიტუციური ცვლილებები ძალაში ვერ შევა, იმიტომ რომ ოცნება მხარს არ უჭერს და ისე 113 ხმა არ გროვდება. მაშინ ბუნებრივია დადგება საკითხი არსებულ კონსტიტუციურ ფარგლებში არსებობს თუ არა უკეთესი, უფრო დემოკრატიული, უფრო სამართლიანი, პროპორციულობის უკეთ ამსახავი ისეთი მოდელი, რომელიც შესაძლოა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა. ვფიქრობ, "გერმანული მოდელი" ამ მხრივ საინტერესოა". აღნიშნული მოდელის მომხრეა "ეროვნული ფორუმიც", რომლის წარმომადგენელმა, ანი მიროტაძემ განაცხადა, რომ მათთვის ეს მოდელი მისაღებია და მიაჩნია, რომ პარტიამ მას მხარი უნდა დაუჭიროს.
"რესპუბლიკელებმა" პარლამენტს საარჩევნო სისტემის ე.წ. "გერმანული მოდელი" უკვე წარუდგინეს. რაც შეეხება ამ მოდელთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" და "გირჩის" პოზიციას, მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მათაც აქვთ საარჩევნო სისტემის საკუთარი მოდელი, მაგრამ მზად არიან, რომ გვერდზე გადადონ, ოღონდ მოხდეს სხვა მოდელზე შეთანხმება და შეიცვალოს ეს სისტემა. "გირჩის" წარმომადგენლის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, თუ პარტიები გადაწყვეტენ, რომ მხარი დაუჭირონ რომელიმე კონკრეტულ მოდელს, ისინი თანახმა არიან კონსესუსის გზით იარონ. "გერმანულ მოდელს" მხარს უჭერენ "თავისუფალი დემოკრატებიც". შესაბამისად, 19 მაისის მდგომარეობით, ე.წ. "გერმანული მოდელის" ირგვლივ შესაძლოა გაერთიანდეს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის პრაქტიკულად ყველა სუბიექტი. 28 აპრილს პარლამენტში, პირველი მოსმენით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ორი განსხვავებული პროექტის განხილვა დაიწყო.პირველი მათგანი პარლამენტში 2015 წლის 9 სექტემბერს დარეგისტრირდა. ის 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერითაა ინიცირებული. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და მას სამხარეო პროპორციული სისტემა ანაცვლებს. ამ ცვლილების მიღებას პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობის (სამი მეოთხედის) თანხმობა სჭირდება. ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგია.
მეორე კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, 2015 წლის 3 სექტემბერს დარეგისტრირდა. მისი ინიციატორი კოალიცია "ქართული ოცნების" 81 დეპუტატი იყო. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებებით საარჩევნო ბარიერის 5%-დან 4%-მდე შემცირება იგეგმება, ხოლო საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილება 2020 წლისთვის უნდა გადაიდოს. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ ფლობს და შესაბამისად, ეს კანონპროექტიც ჩავარდება, თუ მას ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს. კანონპროექტის მისაღებად აუცილებელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თანხმობა (113 ხმის მოსაპოვებლად), რომელიც საარჩევნო სისტემაში ცვლილებების 2020 წლისთვის გადადებას მხარს არ უჭერს.მიუხედავად იმისა, რომ კვორუმის არარსებობის გამო კონსტიტუციური კანონპროექტების კენჭისყრა ჯერ არ ჩატარებულა, ნათელია, რომ როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის კანონპროექტები ჩავარდება. შესაბამისად, საარჩევნო სისტემის ის ძირეული ცვლილებები, რაც კონსტიტუციაში უნდა აისახოს, არ განხორციელდება. არ მოხდება მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, საარჩევნო ბარიერის 5%-დან 4%-მდე დაწევა და ყველა ის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც აღნიშნული კანონპრექტები ითვალისწინებენ. შედეგად, საარჩევნო სისტემის ცვლილება ახალი მოწვევის პარლამენტს გადაბარდება.
ე.წ. "გერმანული მოდელის" განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა. მის მისაღებად საჭიროა საპარლამენტო ოპოზიციის და კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი სუბიექტების სრული კონსოლიდაცია, რაც ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.