მსოფლიო ბანკის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მთავრობის მუშაობის ეფექტიანობა, კორუფციის დონე, გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა და მედიის თავისუფლების კუთხით არსებული გარემო დადებითად შეფასდა. ეს არის 18 წლის რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც ჩვენს ქვეყანას არასდროს ჰქონია".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
მსოფლიო მმართველობის ინდიკატორი მმართველობის ხარისხზე ბიზნესის, მოქალაქეებისა და ექსპერტული კვლევების რესპონდენტთა შეხედულებების შეჯამებულ მონაცემებს წარმოადგენს. პროექტის მიხედვით, მმართველობის ხარისხის შესაფასებლად 6 ინდიკატორი გამოიყენება: გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის აღმოფხვრა, მთავრობის ეფექტიანობა, რეგულირების ხარისხი, კანონის უზენაესობა, კორუფციის კონტროლი. მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კვლევა ნატურალური რესურსების მართვის ინსტიტუტის პრეზიდენტისა და ბრუკინგის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის, დანიელ კაუფმანისა და მსოფლიო ბანკის განვითარების კვლევის ჯგუფის ეკონომისტის, აარტ ქრაისმიერ მზადდება. კვლევა 200-ზე მეტი ქვეყნის მაჩვენებლებს აანალიზებს.
1996-2002 წლებში კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ახლდებოდა, 2003 წლიდან კი ის ყოველწლიურად ქვეყნდება. ამ კვლევის მიმართ არსებული კრიტიკის ("კარგი მმართველობის" განუსაზღვრელობა, მონაცემების არაშესადარისობა, ქვეყნების შეფასება არაიდენტური წყაროებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით და ა.შ.) პარალელურად, კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგები ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ მიიჩნევა. 2010 წლის 3 ივნისს გამოცემულ, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებაში (№376), ზემოაღნიშნული ინდიკატორები მითითებულია, როგორც მიღწეული შედეგების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი. აღნიშნული კვლევის მეთოდოლოგიამომზადებულია მსოფლიო ბანკის განვითარების კვლევის ჯგუფის მაკროეკონომიკისა და ზრდის გუნდის მიერ. მიუხედავად ამისა, ის მსოფლიო ბანკის ოფიციალურ პოზიციას არ ასახავს და რესურსების გადანაწილებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ გამოიყენება.
მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მორიგი ანგარიში 2015 წლის 25 სექტემბერს გამოქვეყნდა და მასში 2014 წლის მდგომარეობაა ასახული. კვლევაში 215 ტერიტორიული ერთეულის მონაცემია წარმოდგენილი, რომელთა მმართველობის ხარისხი შეფასებულია აბსოლუტური მნიშვნელობით მინუს 2.5-დან 2.5-მდე. ასევე, მოცემულია ერთეულების რეიტინგი პერცენტილებში.[1]საქართველოს მაჩვენებლები მთლიან პერიოდზე (1996-2014) გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება. ექვსივე ინდიკატორის თვალსაზრისით, ქვეყნის რეიტინგმა 2014 წელს მაქსიმუმს მიაღწია. მაჩვენებლების დინამიკა გრაფიკ 1-ზეა მოცემული.
გრაფიკი 1:
მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (პერცენტილური რეიტინგი)
წყარო: მსოფლიო ბანკი
აქვე, აუცილებელია აღინიშნოს, რომ რეიტინგში წინსვლა ან პოზიციის გაუარესება როგორც საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე, ასევე სხვა ქვეყნების შეფასების ცვლილებაზეა დამოკიდებული. ცხრილში 1 წარმოდგენილია საქართველოს მდებარეობა რეიტინგში 215 ქვეყანას შორის.
ცხრილი 1:
მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (ადგილი რეიტინგში, 2014 წელი)
კანონის უზენაესობა | მთავრობის ეფექტიანობა | კორუფციის კონტროლი | გამოხატვის თავისუფლება | პოლიტიკური სტაბილურობა | რეგულირების ხარისხი |
75 | 60 | 52 | 91 | 133 | 44 |
გრაფიკი 2:
მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (აბსოლუტური მნიშვნელობა)
წყარო: მსოფლიო ბანკი
თეორიულად, ქვეყნის პერცენტილური რეიტინგი აბსოლუტური შეფასების გაუარესების პირობებშიც შესაძლებელია გაუმჯობესდეს, იმ შემთხვევაში, თუ წინა საანგარიშო პერიოდში საქართველოზე წინ მყოფი ქვეყნების ინდიკატორები საქართველოს ინდიკატორებზე მეტად გაუარესდება. ასეთ შემთხვევას წარმოადგენს საქართველოს 2014 წლის მთავრობის ეფექტიანობის ინდიკატორი, რომლის აბსოლუტური მნიშვნელობა 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 0.53-დან 0.48-მდე შემცირდა (გაუარესდა), თუმცა მთავრობის ეფექტიანობის აბსოლუტური შეფასების გაუარესების მიუხედავად, ქვეყნის რეიტინგი გაუმჯობესდა და ისტორიულ მაქსიმუმს - 71.6-ს მიაღწია. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ინდიკატორებს, როგორც აბსოლუტურმა მნიშვნელობამ, ისე რეიტინგმა პროგრესი განიცადა და 18 წლიანი პერიოდის მაქსიმუმს 2014 წელს მიაღწია. აქვე უნდა ითქვას, რომ მაჩვენებლები წინა წლებშიც უმჯობესდებოდა და შესაბამისად, არა მხოლოდ 2014 წელს, არამედ ყოველ ახალ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული შედეგი "რეკორდული" იყო.
დასკვნამსოფლიო მმართველობის ინდიკატორები მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მმართველობის ხარისხს აფასებს. შეფასება მოცემულია როგორც აბსოლუტური მნიშვნელობით, ისე რეიტინგის სახით. აბსოლუტური შეფასება ცალკე აღებული ქვეყნის მდგომარეობას ეხება და იძლევა საშუალებას შეფასდეს, თუ როგორ იცვლება დროით ჭრილში ქვეყნის მაჩვენებელი ცალკეული კრიტერიუმის შესაბამისად. პერცენტილური რეიტინგი კი, ასახავს კონკრეტული ქვეყნის შედეგებს დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით. 2015 წლის 25 სექტემბრის ანგარიშში 2014 წლის მდგომარეობაა ასახული.
ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეიტინგი კვლევაში შემავალი ექვსივე ინდიკატორის მიხედვით გაუმჯობესდა და 18 წლიანი პერიოდის მაქსიმუმს მიაღწია, რითაც წინა პერიოდებში ჩამოყალიბებული დადებითი ტენდენცია გაგრძელდა. დადებითი ტენდენციაა აბსოლუტური შეფასების თვალსაზრისითაც. წინა პერიოდთან შედარებით გაუმჯობესდა და მაქსიმუმს მიაღწია ხუთმა ინდიკატორმა: გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის აღმოფხვრა, რეგულირების ხარისხი, კანონის უზენაესობა, კორუფციის კონტროლი. გამონაკლისია მთავრობის ეფექტიანობის ინდიკატორი, რომლის აბსოლუტურმა მნიშვნელობამ მაქსიმუმს (0.57-ს) 2012 წელს მიაღწია, 2013 წელს 0.53-მდე შემცირდა, 2014 წელს კი შემცირება განაგრძო და 0.48-ის დონეზე გაჩერდა, რაც 2011 წლის მაჩვენებელზე დაბალია. თუმცა, სხვა ქვეყნების მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებლების შემცირების გამო, საქართველოს რეიტინგი ამ ინდიკატორის მიხედვითაც ამაღლდა. 2015 წლის შესახებ მონაცემები 2016 წელს გამოქვეყნდება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
[1] სიდიდის პერცენტილური რეიტინგი არის სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც ასახავს რამდენი პროცენტია მისი ტოლი ან მასზე ნაკლები, სიდიდის მთლიან განაწილებაში. მაგ. 2014 წელს საქართველოს აბსოლუტური შეფასება კანონის უზენაესობაში 0.2-ია, პერცენტილური რეიტინგი კი 64.42. ეს ნიშნავს, რომ 215 ტერიტორიული ერთეულიდან 64.42%-ს ანალოგიური ან უფრო დაბალი შეფასება აქვს.