პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, მიხეილ მაჭავარიანმა ქვეყნის გაუარესებულ სავაჭრო ბალანსზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უარყოფითმა სავაჭრო სალდომ მიმდინარე წლის ორ თვეში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 786 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე, სავაჭრო ბრუნვა 9%-ით, ხოლო ექსპორტი 26%-ით შემცირდა. დეპუტატის დასკვნით, გაუარესებული მაჩვენებლები საგარეო ვაჭრობაში იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღარიბდა.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში უარყოფითმა სავაჭრო სალდომ 786 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13%-ით აღემატება. აქედან, ექსპორტის წილი 324 მილიონი დოლარი, იმპორტის წილი კი - 1 109 მილიონია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 26%-ით, ხოლო იმპორტი 2%-ით შემცირდა.
ჩვენ 2004-2014 წლებში საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები მიმოვიხილეთ.
გრაფიკი 1: საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2004-2014 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც გრაფიკიდან ჩანს, საქართველოს საგარეო ვაჭრობა წლების განმავლობაში იზრდებოდა. თუმცა, გამონაკლისი იყო 2009 წელი, ომის შემდგომი პერიოდი, როდესაც საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, დეპუტატის განცხადების ის ნაწილი, რომ 2015 წელს დაფიქსირებული მაჩვენებლები რეკორდულია, არასწორია, რადგან 2009 წელს საგარეო ვაჭრობაში უფრო მაღალი ჩავარდნა გვქონდა, იანვარ-თებერვალში ეს მონაცემი 26%-ით შემცირდა (ექსპორტი 31%-ით, ხოლო იმპორტი 25%-ით).
ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2015 წელს საგარეო ვაჭრობის შემცირებაზე დიდი გავლენა რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურმა პროცესებმაც მოახდინა, რის შესახებაც ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.
საქართველოს საგარეო სავაჭრო სალდო, ჩვენი ქვეყნის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულების გამო, ყოველთვის უარყოფითი იყო. უარყოფითი სავაჭრო სალდო მზარდი ექსპორტისა და საგარეო ბრუნვის პირობებში საგანგაშო არ არის. იმპორტის ზრდა ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფართო მოხმარების საქონელზე მოთხოვნა იზრდება, რაც მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე მიუთითებს. ამასთან, უარყოფითი სავაჭრო სალდო ყოველთვის კომპენსირდებოდა როგორც მომსახურების ექსპორტიდან (ტურიზმი, საერთაშორისო გადაზიდვები) მიღებული შემოსავლებით, ისე საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილებითა და უცხოური ინვესტიციების შემოდინებით, რაც ვალუტის კურსის სტაბილურობას უწყობდა ხელს. მიმდინარე წელს, საგადამხდელო ბალანსის თითქმის ყველა მუხლში კლების ტენდენცია დაფიქსირდა. ფულადი გზავნილები, რომელიც ქვეყანაში ვალუტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, 29%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ იმპორტის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ლარის კურსის გაუფასურებამ იქონია, რამაც უცხოური პროდუქცია ჩვენი მოსახლეობისთვის გააძვირა და იმპორტზე მოთხოვნაც შეამცირა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მარტში ფასების საშუალო დონე წინა თვესთან შედარებით 1.2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 2.6% შეადგინა. საქსტატის მიერ დათვლილი ინფლაცია სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფებზე ფასების ცვლილების საშუალო შეწონილს წარმოადგენს. შესაბამისად, გარკვეულ საქონელზე ფასების შემცირება სამომხმარებლო ფასების ინდექსის შემცირებას იწვევს. მაგალითად, მარტში ტრანსპორტის სასაქონლო ჯგუფის ფასები 6.6%-ით შემცირდა, რამაც წლიური ინფლაცია 0.79% პუნქტით შეამცირა. აპრილში კი, ფასები 0.3%-ით გაიზარდა. ჯამში, ლარის გაუფასურების დაწყებიდან (2014 წლის ნოემბრიდან) აპრილის ბოლომდე, ინფლაციამ 4%-მდე შეადგინა.
სამომხმარებლო კალათაში ყველაზე დიდ წილს სურსათი და ჯანდაცვა იკავებს, სადაც ფასები წინა წელთან შედარებით შესაბამისად 3.7% (სურსათი და უალკოჰოლო სასმელები) და 6%-ით (ჯანდაცვა) გაიზარდა. აღნიშნულ პროდუქციაზე ფასების ზრდა განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას ამცირებს, რადგან მათი შემოსავლების დიდი წილი სწორედ აღნიშნული პროდუქტების შესყიდვაზე იხარჯება.
2014 წელს მშპ-ის რეალურმა ზრდამ 4.8% შეადგინა. ეკონომიკური ზრდის ტემპი განსაკუთრებით 2014 წლის ბოლოს დაეცა, როცა მეოთხე კვარტალში ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ 1.8%-ით გაიზარდა. 2014 წელს ექსპორტი 2%-ით შემცირდა. შემცირების ტენდენცია აგვისტოდან დაიწყო და წლის ბოლომდე ექსპორტი 16.5%-ით (237 მლნ დოლარი) დაეცა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტს ჩვენი ქვეყნის მშპ-ის ზრდაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. ექსპორტის წილი ქვეყნის ეკონომიკაში 35%-45%-მდე მერყეობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის 50%-ზე მეტი ექსპორტის ხარჯზე მიიღწეოდა. მაგალითად, 2013 წლის ეკონომიკური ზრდა მეტწილად ექსპორტის მატების დამსახურება იყო. ჩვენი ქვეყნის შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი ექსპორტის ხარჯზე ფორმირდება და რა თქმა უნდა კლების ტენდენცია უარყოფითად აისახება მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის შემოსავლებზე.
აღსანიშნავია, რომ საგარეო ვაჭრობის ბრუნვის შემცირების ტენდენცია მიმდინარე წლის მარტშიც გაგრძელდა. იანვარ-მარტში სავაჭრო ბრუნვა ჯამში 10%-ით შემცირდა. აქედან, 28%-ით შემცირდა ექსპორტი, ხოლო 3%-ით იმპორტი.
დასკვნა
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად შემცირდა. განსაკუთრებით დაეცა ექსპორტი (26%), იმპორტი კი 2%-ით შემცირდა, რაც მეტწილად ვალუტის კურსის ცვლილების ეფექტია. უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო ვაჭრობაში უფრო მაღალი ჩავარდნა მხოლოდ 2009 წელს, ომის შემდეგ დაფიქსირდა, როცა იანვარ-თებერვალში საგარეო-სავაჭრო ბრუნვა 26%-ით დაეცა (ექსპორტი 31%-ით, იმპორტი კი 25%-ით შემცირდა).
ექსპორტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. გასულ წლებში, საშუალოდ, ექსპორტის წილი მშპ-ში 35-45%-მდე მერყეობდა. შესაბამისად, ექსპორტის კლების ტენდენცია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის შემოსავლებს ამცირებს. ასევე, ვინაიდან საქართველოში პროდუქციის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია, ვალუტის კურსის ცვლილების გამო იმპორტულ პროდუქციაზე, განსაკუთრებით სურსათსა და ჯანდაცვაზე ფასები გაიზარდა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ მაჭავარიანის განცხადება არის სიმართლე.