“პროექტის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადი განვითარება, მისი გამართული მუშაობა და სამხრეთ საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება. შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ ისიც, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, სადაც მუდმივი დენის ჩანართი დამონტაჟდა”.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება სიმართლეს.
2013 წლის 11 დეკემბერს, ახალციხის ქვესადგურის გახსნა “შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა. „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ ძირითადი მიზანია ელექტროენერგიის გაცვლა თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. “შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის” საერთო საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ ევროა. პროექტს აფინანსებენ ისეთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, როგორებიცაა - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ავსტრიის განვითარების ბანკი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირის NIF (Neighbourhood Investment Facility). ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, პროექტის დამფინანსებელია ასევე საქართველოს მთავრობა, რომლის წვლილიც პროექტში 53 მილიონი ევროა. პროექტს პროგრამულ და ტექნოლოგიურ დახმარებას უწევდა USAID, რომლის დასკვნისთანახმად, საქართველოსა და აზერბაიჯანს ელექტროენერგიის წარმოების დიდი პოტენციალი აქვთ, მაშინ, როდესაც თურქეთში მასზე მზარდი მოთხოვნაა, რისი დაკმაყოფილებაც, სწორედ ელექტროენერგიის გადაცემით არის შესაძლებელი.
ახალციხის ქვესადგურის მშენებლობასა და მუდმივი დენის ჩანართის მონტაჟზე 158.8 მლნ ევრო დაიხარჯა. აღნიშნული პროქტის განხორციელება 2010 წელს დაიწყო და 2013 წლის აპრილში დასრულდა. 2013 წლის ნოემბრამდე მიმდინარეობდა დამონტაჟებული მუდმივი დენის ჩანართის ტესტირება. ახალციხის ქვესადგურის სამშენებლო სამუშაოები კომპანია “SIEMENS-Austria”-მ შეასრულა, რომლის კვლევის თანახმად, ქვესადგურში დამონტაჟებულია მუდმივი დენის ჩანართი. მსგავსი ტიპის ჩანართები უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის გადაცემას დიდ დისტანციებზე. ამასთან ერთად, ისინი გამოიყენება სხვადასხვა მახასიათებლების მქონე სისტემების დასაკავშირებლად.
ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს შემთხვევაში, ამ ჩანართის მეშვეობით, 500 კვ ცვლადი დენი გარდაიქმნება ჯერ მუდმივ, ხოლო შემდეგ კვლავ ცვლად, მაგრამ უკვე 400 კვ ძაბვის დენად, რომელიც თურქეთს მიეწოდება. კომპანია “SIEMENS-Austria”-ს კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ კავკასიის მასშტაბით საქართველო არის ის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მსგავსი ტიპის ჩანართი გვხვდება. (გვ.12)
USAID-ის დასკვნის მიხედვით, (გვ. 16–17) ახალციხის ქვესადგურის გარდა, პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ბათუმის ქვესადგურის მშენებლობა, რომლის დასრულებაც 2015 წლისათვის მოხდება და ის ბათუმისა და მურატლის (თურქეთი) ქვესადგურებს დააკავშირებს. როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო აღნიშნავს, პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ენერგოინფრასტრუქტურის განვითარებას და ქვეყნის ენერგოსისტემის მუშაობის მდგრადობას.
დასკვნა
USAID-ისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებში საუბარია იმაზე, რომ „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტმა საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის გაცვლა უნდა უზრუნველყოს. პროექტი ბათუმში კიდევ ერთი ელექტროსადგურის მშნებლობას ითვალისწინებს, რაც ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ენერგოინფრასტრუქტურის განვითარებას და ენერგოსისტემის გამართულ მუშაობას. ამასთან ერთად, საქართველო არის პირველი ქვეყანა, კავკასიის მასშტაბით, სადაც მუდმივი დენის ჩანართი დამონტაჟდა.
ამრიგად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „პროექტის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადი განვითარება, მისი გამართული მუშაობა, და სამხრეთ საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება. შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ ისიც, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, სადაც მუდმივი დენის ჩანართი დამონტაჟდა“, არის სიმართლე.