დღეის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროში ფორმალური საქმიანობიდან რეალურ ქმედებებზე გადავიდა დავების კომისია. იგი განიხილავს მსგავს პრობლემურ საკითხებს და უმეტეს შემთხვევაში მეწარმეთათვის დადებით გადაწყვეტილებას იღებს
2013 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში, ეკონომიკის თემაზე გამართულ დებატებზე, უმრავლესობის დეპუტატმა, პაატა კვიჟინაძემ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „დღეის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროში ფორმალური საქმიანობიდან რეალურ ქმედებებზე გადავიდა დავების კომისია. იგი განიხილავს პრობლემურ საკითხებს და უმეტეს შემთხვევაში მეწარმეთათვის დადებით გადაწყვეტილებას იღებს“. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა დეპუტატის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტით და გადაწყვიტა გადაემოწმებინა, რა შეიცვალა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში, ასევე, როგორია საბჭოს მიერ უკანასკნელ წლებში განხილულ საქმეებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დინამიკა. დავების განხილვის საბჭო  ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს. დავების განხილვის საბჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი თავმჯდომარეობს და ის  აღმასრულებელი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან შედგება. ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით იწყება. მომჩივანს, მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივროს. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს. 2012 წლის ბოლოდან დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, კერძოდ: უწყების ინფორმაციით, 2012 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, დავების განხილვის საბჭო აღიარებს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა პრეცედენტულ ხასიათს, რაც საბჭოს მიერ მსგავს საკითხებზე ანალოგიური გადაწყვეტილებების მიღების ვალდებულებაში გამოიხატება. თუმცა, საბჭო იტოვებს განსაკუთრებულ უფლებას, მის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას ("ოქროს წესი") გადაუხვიოს და ახალი პრაქტიკა დაამკვიდროს, თუ ახალ გადაწყვეტილებაში დაასაბუთებს და ჩათვლის, რომ მის მიერ მანამდე დამკვიდრებული პრაქტიკა გადახედვას საჭიროებს. უკვე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას ის გადაწყვეტილება მიეთითება, რომლის ანალოგიითაც  საბჭომ საქმე გადაწყვიტა. თუ დავების განხილვის საბჭოს კონკრეტული გადაწყვეტილების შემდგომ გამოიკვეთა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუცნობიერებლად და დაუსაბუთებლად განსხვავებულია მის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, საბჭო ვალდებულია განმარტება გააკეთოს. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები ქვეყნდება საბჭოს ვებ-გვერდზე, დავის სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გარეშე. ასევე, ფინანსთა  სამინისტროს  ინიციატივით, არასამთავრობო  სექტორის წარმომადგენლებს  შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა  მიიღონ  დავების  განხილვის  საბჭოს მუშაობაში.  ამასთანავე,  არასამთავრობო  ორგანიზაციების  ფართო  სპექტრის  ჩართულობის უზრუნველსაყოფად,  ყოველ  ექვს  თვეში ერთხელ საბჭოს წევრების როტაცია ხორციელდება. საბჭოს  მუშაობაში  მონაწილეობს საგადასახადო ომბუდსმენის წარმომადგენელიც. იმის დასადგენად, თუ რამდენად იმოქმედა საბჭოს საქმიანობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა მის გადაწყვეტილებებზე, ანუ, შედეგის თვალსაზრისით, დავების განხილვის საბჭო რამდენად გადავიდა „ფორმალური საქმიანობიდან რეალურ ქმედებებზე“, ფაქტ-მეტრმა მისი მუშაობის წლევანდელი მონაცემები წინა წლების სტატისტიკას შეადარა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დავების განხილვის საბჭომ, 2013 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, განსახილველად შესული 1416 მიმართვიდან წარმოება 765 საქმეზე დაასრულა. საბჭომ სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივანთა მოთხოვნების 54% (411 შემთხვევა), არ დააკმაყოფილა 27% (209 შემთხვევა), ხოლო განუხილველი დარჩა 19% (145 შემთხვევა). მიმდინარე წლის I – III კვარტლების მონაცემებით, სადაო თანხის ოდენობამ 202.5 მლნ ლარი შეადგინა. kvijმიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით დაკმაყოფილებული ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებული საჩივრების პროცენტული ოდენობა უკვე აღემატება წინა წელს ამავე კომპონენტში არსებულ პროცენტულ მაჩვენებელს. სხვაობა ამ დროისთვის 7%-ს შეადგენს. 2013 წლის აღნიშნული მონაცემი ასევე აღემატება 2009 და 2010 წლებში სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებული საჩივრების პროცენტულ მაჩვენებლებს, თუმცა, 13%-ით ჩამორჩება 2011 წლის შედეგს. kvij1 2013 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით დავების განხილვის საბჭოში რეგისტრირებული საჩივრების რაოდენობა უკვე აჭარბებს წინა წლის ანალოგიურ მონაცემს. სხვაობა ამ დროისთვის 56 საჩივარს შეადგენს. წლევანდელი პირველი სამი კვარტლის მონაცემები 2005-2010 წლებში (წლების მიხედვით) საბჭოში რეგისტრირებული საჩივრების რაოდენობასაც აღემატება, თუმცა, ჯერჯერობით, 2011 წლის მაჩვენებელთან შედარებით 842 საჩივრით ნაკლებია. 2005-2011 წლებში საბჭოში შესული საჩივრების რაოდენობა მუდმივი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. kvij2 2013 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ საჩივრების რაოდენობა უკვე აჭარბებს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, სადაო თანხის ოდენობა ჯერჯერობით 90,5 მლნ-ით ჩამორჩება 2012 წლის მონაცემს. მიმდინარე წლის სამი კვარტლის განმავლობაში დაფიქსირებული სადაო თანხის ოდენობა მხოლოდ 2006-2008 წლის მონაცემებს აღემატება. 2010-2012 წლებში სადაო თანხის კლების დინამიკა ფიქსირდება.   დასკვნა 2012 წლის ბოლოდან ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში ცვლილებები განხორციელდა. სამინისტროს  ინიციატივით,  არასამთავრობო  სექტორის წარმომადგენლებს დავების განხილვის  საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცათ. ამასთანავე, არასამთავრობო  ორგანიზაციების  ფართო  სპექტრის  ჩართულობის უზრუნველსაყოფად,  ყოველ  ექვს  თვეში  ერთხელ წევრების როტაცია ხორციელდება. საბჭომ აღიარა საკუთარი გადაწყვეტილებების პრეცედენტული ხასიათი.  მუშაობის  გამჭვირვალობის  შემდგომი  ამაღლებისა  და  ერთიანი პრაქტიკის  დამკვიდრების  ხელშეწყობის  მიზნით საბჭოს  გადაწყვეტილებები საბჭოს ვებ-გვერდზე ქვეყნდება. მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების წინა წლების სტატისტიკასთან შედარებით ირკვევა, რომ ჯერ-ჯერობით, სადაო თანხის მოცულობის კლების დინამიკა გრძელდება, თუმცა, რეგისტრირებული საჩივრების ოდენობა უკვე აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2013 წლის I – III კვარტლების მონაცემებით, დაკმაყოფილებული საჩივრების პროცენტული რაოდენობა (54%) 2012 წელს დაკმაყოფილებული საჩივრების პროცენტულ მაჩვენებელს (47%) აღემატება. თუმცა, საყურადღებოა, რომ, მაგალითად, 2010 და 2011 წლებში, საბჭოს ფარგლებში განხილული სადაო თანხის ოდენობა გაცილებით მეტი იყო, ხოლო 2011 წელს რეგისტრირებული საჩივრების ოდენობა ბევრად აღემატებოდა 2013 წელს ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს. ასევე, 2011 წელს საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი 67%-ს შეადგენდა, რაც 2013 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით არსებულ მონაცემს 13%-ით აღემატება. სხვადასხვა წელს ფინანსური დავების საბჭოში შესული საჩივრების რაოდენობისა თუ სადაო თანხის მოცულობის ცვალებადობის გამომწვევი მიზეზების შესახებ, შესაძლოა, განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს (მაგალითად, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, პოლიტიკური ნება და ა.შ.), რის განხილვაშიც ფაქტ-მეტრი არ შედის. თუმცა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ, მაგალითად, 2011 წელს მომჩივანის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ეს კი უდაოდ იმაზე მეტია, ვიდრე დეპუტატის მტკიცება დავების საბჭოს „ფორმალური საქმიანობის“ შესახებ. 2012 წლის ბოლოდან დავების განხილვის საბჭოში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის, მიღებული გადაწყვეტილების პრეცედენტულობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა, 2013 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, საბჭოს მუშაობის შედეგების წინა წლების სტატისტიკურ მონაცემებთან შედარება გვაჩვენებს, რომ მომჩივანთა სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, მაგალითად, 2011 წელსაც იყო. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატ პაატა კვიჟინაძის განცხადება: „დღეის მდგომარეობით, ფინანსთა სამინისტროში ფორმალური საქმიანობიდან რეალურ ქმედებებზე გადავიდა დავების კომისია. იგი განიხილავს პრობლემურ საკითხებს და უმეტეს შემთხვევაში მეწარმეთათვის დადებით გადაწყვეტილებას იღებს“, არის ნახევრად სიმართლე.