სად არის 100 საწარმო - 700 ახალი აშენდა, 800 გადაიარაღდა, სად არის უფასო ფული - სხვადასხვა პროექტები იყო, რამაც გამოიწვია საოცარი ეფექტი

ბიძინა ივანიშვილი: სად არის 100 საწარმო - 700 ახალი აშენდა, 800 გადაიარაღდა, სად არის უფასო ფული - სხვადასხვა პროექტები იყო, რამაც გამოიწვია საოცარი ეფექტი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

რეზიუმე: 2012 წელს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებები იყო 100 საწარმოს გახსნა და უფასო ფული.

რეალურად, საწარმოები, რომელთაც ბიძინა ივანიშვილი ასახელებს, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროგრამების - „შეღავათიანი აგროკრედიტის“ და „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მართლაც დაფინანსდა, ჯამში, 700 საწარმო გაიხსნა და 800 საწარმო გადაიარაღდა. თუმცა, „ქართული ოცნების“ დაპირება მსხვილი საწარმოების გახსნას გულისხმობდა, რამაც მოსახლეობაში გადაჭარბებული მოლოდინი გააჩინა, რომ 100 დიდი საწარმო გაიხსნებოდა და მათი ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდებოდა, ამგვარი დიდი საწარმოები არ გახსნილა. შესაბამისად, განცხადების ენ ნაწილი მეტწილად მცდარია.

რაც შეეხება უფასო ფულს, ესეც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. აღნიშნული დაპირების განსახორციელებლად 2013 წლის მარტიდან „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა ამოქმედდა. პროექტის მიზანი აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის (იაფი აგროკრედიტის) ზრდის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა იყო.

პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ოდენობის და მიზნობრიობის სესხი გაიცემა, რომლის საპროცენტო განაკვეთი ბენეფიციარისთვის 3%-9%-ს შორის მერყეობს, დანარჩენს სახელმწიფო ფარავს, სხვადასხვა ტიპის სესხისთვის სახელმწიფო კონტრიბუცია განსხვავებულია - 8%-დან 11%-მდე. როგორც ვხედავთ სესხი, რომლის საპროცენტო განაკვეთი ნულია, არ გაიცემა. მხოლოდ პროგრამის ამოქმედების საწყის ეტაპზე მოქმედებდა 5 000 ლარამდე 6-თვიანი სესხი, რომლის საპროცენტო განაკვეთი 0% იყო. თუმცა ეს სესხი, სიმცირის გამო, ბიზნესის განვითარებისთვის არ გამოდგებოდა.

ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო პროექტებით მიღწეულ განსაკუთრებულ ეფექტზეც ამახვილებს ყურადღებას. რადგან „უფასო ფულის“ დაპირება პირდაპირ „შეღავათიან აგროკრედიტის“ პროგრამასთან იყო დაკავშირებული, ამ პროექტით დამდგარ „ეფექტზე“ გავამახვილებთ ყურადღებას. პროექტის ფარგლებში ძირითადად სოფლის მეურნეობის პროფილის საწამოები დაფინანსდა. შესაბამისად, განსაკუთრებული ეფექტი სოფლის მეურნეობაში უნდა დაფიქსირებულიყო.

რეალურად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 13-წლიანი პერიოდის თითქმის ნახევარში სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა უარყოფითი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობა მცირდებოდა. 2020 წლიდან მოყოლებული კი მცირდება სოფლის მეურნეობის წილი მთლიან ეკონომიკაში. აღნიშნული მონაცემები დარგის წინსვლის და წარმატებულობის დასტურად ვერ გამოდგება. შესაბამისად, განცხადების ეს ნაწილი მეტწილად მცდარია.

ანალიზი

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ შედგა. სხვა მრავალ საკითხთან ერთად ივანიშვილმა „ოცნების“ იმ დაპირებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის შეუსრულებლობაზე ოპონენტები მუდმივად აპელირებენ და აღნიშნა: „გამოდის ხაზარაძე და ამბობს, სად არის 100 საწარმო - 700 ახალი აშენდა, 800 გადაიარაღდა, სად არის უფასო ფული - სხვადასხვა პროექტები იყო, რამაც გამოიწვია საოცარი ეფექტი“.

განცხადება ორი ნაწილისგან შედგება, თითოეული მათგანი ცალ-ცალკე განვიხილოთ.

2012 წლის არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება საწარმოების შექმნა იყო. კოალიციის მაშინდელი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ „ასეულობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება რეალური“. ლოგიკური იყო, ყველას ევარაუდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მსხვილი საწარმოების - ქარხნების, გახსნას გულისხმობდა და არა მცირე საწარმოების, რომლებიც მთავრობის ხელშეწყობის გარეშეც წლიურად საშუალოდ 20 000-მდე ისედაც რეგისტრირდებოდა.

მოსაზრებას, რომ ივანიშვილი ნამდვილად მსხვილ საწარმოებს გულისხმობდა, მისი შემდგომ პერიოდში გაკეთებული განცხადებაც ადასტურებდა, სადაც ის აცხადებდა, რომ „თითოეულ რეგიონში ერთი საწარმო მაინც უნდა გახსნილიყო“. ცხადია, ბიძინა ივანიშვილი რეგიონში ერთი მცირე საწარმოს გახსნას დიდ მოვლენად არ ჩათვლიდა.

ბუნებრივია, რომ ოპონენტებიც, როცა „ქართულ ოცნების“ შეუსრულებელ დაპირებებზე საუბრობენ, ყველაზე ხშირად აქცენტს სწორედ გაუხსნელ მსხვილ საწარმოებზე აკეთებენ.

რეალურად, საწარმოები სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროგრამების - „შეღავათიანი აგროკრედიტის“ და „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მართლაც დაფინანსდა, ჯამში, 700 საწარმო გაიხსნა და 800 საწარმო გადაიარაღდა. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ქართული ოცნების“ დაპირება მსხვილი საწარმოების გახსნას გულისხმობდა, რამაც მოსახლეობაში გადაჭარბებული მოლოდინი გააჩინა, რომ 60 დიდი საწარმო გაიხსნებოდა და მათი ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდებოდა.

სინამდვილეში, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ძირითადად მოქმედი ბიზნესმენების მიერ წამოწყებული ახალი საქმე ფინანსდება, ან გამოყოფილი კრედიტი მათი უკვე არსებული ბიზნესის გაფართოებას ხმარდება. ასეთი პროექტების წამოსაწყებად ფინანსების მოპოვება მოქმედ ბიზნესმენებს დამოუკიდებლად, სახელმწიფოს ჩარევის გარეშეც შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, პროექტში ჩართული ბენეფიციარების უმრავლესობისთვის სახელმწიფოს მხრიდან მიღებული დახმარება „შეღავათიანი ფინანსები“ უფროა, ვიდრე განვითარებისა და ახალი საწარმოს გასახსნელად საჭირო აუცილებელი საშუალება. შესაბამისად, სახელმწიფო პროექტების ფარგლებში უმეტესად ფინანსურად ისედაც ძლიერი სუბიექტები იღებენ კრედიტს. მათი უპირობო მხარდაჭერა კი კონკურენციას აუარესებს და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ვერ ქმნის. ისიც აღსანიშნავია, რომ დასახელებული პროგრამების წლიური დაფინანსება საშუალოდ 200 მლნ ლარს შეადგენს.

შესაბამისად, 100 დიდი ქარხანა ან საწარმო, რისი გახსნის მოლოდინიც „ქართულმა ოცნებამ“ დაპირებით გააჩინა, არ გახსნილა. თუმცა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საწარმოები გაიხსნა და გადაიარაღდა კიდეც. აქედან გამომდინარე, განცხადების ეს ნაწილი მეტწილად მცდარია.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება უფასო ფულიც იყო. პარტიის მაშინდელი ლიდერი აცხადებდა: „თქვენ გექნებათ საშუალება იაფი და იოლი ფულის, იაფი და უფასო ფულისაც კი. ეს იქნება 10-წლიანი და 20-წლიანი და ვინც იქნება აქ ბიზნესმენი, ვისაც ექნება მიდრეკილება, მას ექნება საშუალება აიღოს იაფი და უფასო ფული და ააშენოს ქარხანა“. ბიძინა ივანიშვილი ასევე ამბობდა, რომ „ფული იქნება უმეტესწილად უფასო, სადაც იქნება პროცენტი იქნება 1, 2 და მაქსიმუმ 3 პროცენტი გადასახდელი“.

აღნიშნული დაპირების განსახორციელებლად 2013 წლის მარტიდან „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა ამოქმედდა. პროექტის მიზანი აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა იყო.

აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი 14-16%-ს შორის მერყეობს, საიდანაც სააგენტო, არაუმეტეს 66 თვის განმავლობაში, საპროცენტო განაკვეთის 11%-ის თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ბენეფიციარი, სესხის ოდენობიდან გამომდინარე, საპროცენტო განაკვეთის 3%, 4% ან 5%-ს ფარავს.

საბრუნავი საშუალებებისთვის კი აგროკრედიტი 12%-16%-ს შორისაა. ამ შემთხვევაში, სააგენტო სესხის თანადაფინანსებას, არსებული სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე, 12 თვიდან 36 თვის ჩათვლით, 8%-ით უზრუნველყოფს. ბენეფიციარი სესხის ოდენობიდან გამომდინარე, სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%, 5%, 6%. 7% ან 8%- ს იხდის. შეღავათიანი აგროლიზინგის შემთხვევაში, 20 000-1 500 000 ლარის ჩათვლით, არაუმეტეს 21%-ისა, საიდანაც სააგენტო სალიზინგო საზღაურის 12%-იან თანადაფინანსებას ახორციელებს. შესაბამისად, ბენეფიციარი სალიზინგო საზღაურის 9 %-ს იხდის.

გარდა აღნიშნულისა, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამას საწყის ეტაპზე კიდევ ერთი კომპონენტი ჰქონდა, რაც მცირემიწიან ფერმერთა დაფინანსებას გულისხმობდა და უპროცენტო (0 %) იყო. სესხის ოდენობა 5 000 ლარამდე და ხანგრძლივობა 6 თვით იყო განსაზღვრული.

შესაბამისად, პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ოდენობის და მიზნობრიობის სესხისთვის, ბენეფიციარის მიერ გადასახდელი სესხის საპროცენტო განაკვეთი 3%-9% შორის მერყეობს. პროგრამის ამოქმედების საწყის ეტაპზე მოქმედებდა 5 000 ლარამდე სესხი, რომლის საპროცენტო განაკვეთი 0% იყო. თუმცა ეს სესხი, რაოდენობიდან გამომდინარე, „ქარხნის ასაშენებლად“, რისთვისაც ივანიშვილი „უფასო ფულს“ მოიაზრებდა, საკმარისი ვერ იქნებოდა.

რაც შეეხება საკუთრივ პროექტს, 2013-2023 წლის ფარგლებში სულ 6 069 454 ლარის ოდენობის 84 361 ერთეული სესხია გაცემული, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 929 525 052 ლარი შეადგინა. შესაბამისად, სახელმწიფოს კონტრიბუციის წილი15%-ს შეადგენს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროექტის ფარგლებში ძირითადად მოქმედი ბიზნესმენები ფინანსდებიან, რომელთაც ფინანსებზე წვდომა და კრედიტის უზრუნველყოფა სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც შეუძლიათ.

ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო პროექტებით მიღწეულ განსაკუთრებულ ეფექტზე ამახვილებს ყურადღებას. რადგან „უფასო ფულის“ დაპირება პირდაპირ „შეღავათიან აგროკრედიტის“ პროგრამასთან იყო დაკავშირებული, ამ პროექტით დამდგარ „ეფექტზე“ გავამახვილებთ ყურადღებას. პროექტის ფარგლებში ძირითადად სოფლის მეურნეობის პროფილის საწამოები დაფინანსდა. შესაბამისად, განსაკუთრებული ეფექტი სოფლის მეურნეობაში უნდა დაფიქსირებულიყო.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობის რეალურმა ზრდამ -2.8% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს რომ გასულ წელს სოფლის მეურნეობა შემცირდა. უარყოფითი შედეგი დაფიქსირდა 2022 წელსაც, ამ წელს სოფლის მეურნეობა 1.8%-ით შემცირდა (წინა წლების შედეგები იხ. სტატიაში). საანგარიშო პერიოდში (2013-2023 წლებში), გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად, სოფლის მეურნეობა 2014, 2015, 2016, 2017, 2022, 2023 წლებში შემცირდა.

რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილს, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, 6.9% შეადგინა. 2022 წელს დარგის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7.6% იყო.

„ქართული ოცნების“ მმართველობის13- წლიან პერიოდის თითქმის ნახევარში დარგის რეალური ზრდა უარყოფითი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობა მცირდებოდა, 2020 წლიდან მოყოლებული კი მცირდება სოფლის მეურნეობის წილი მთლიან ეკონომიკაში. აღნიშნული მონაცემები დარგის წინსვლის და წარმატებულობის დასტურად ვერ გამოდგება.

შესაბამისად, განცხადების ეს ნაწილი მეტწილად მცდარია.