საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმების მიღწევის ბოლო მცდელობაც ჩავარდა. მმართველი პარტია ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას აპირებს, ამ საკითხზე მოლაპარაკებების ჩავარდნას კი ოპოზციას აბრალებს.
მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ბოლო ორი კვირის განმავლობაში ოპოზოციამ მთავრობას თავისი პოზიციები ორჯერ წერილობითი ფორმით გაუგზავნა და არაერთ ზეპირ განცხადებაშიც გააჟღერა, მმართველი გუნდი მაინც ჯიუტად აცხადებს, რომ ოპოზიციისგან პასუხი ვერ მიიღო და ოპონენტების ნამდვილი მიზანი დიალოგის ჩაშლა იყო.
„ჩვენ ოპოზიციის მხრიდან უმარტივეს კითხვაზე მოვითხოვეთ პასუხის გაცემა... სამწუხაროდ, ოპოზიციამ ჩიხში შეიყვანა პროცესი. ამას ერთადერთი ახსნა აქვს, კონსენსუსის არმიღწევა, როგორც ჩანს ეს იყო ოპოზიციის თვითმიზანი. „ვენეციის კომისიამ“ დოკუმენტის ხარისხი შეაფასა მაღალ დონეზე და რადგან ოპოზიცია ხარისხზე ვერაფერს ამბობს, ისინი ყურადღებას ამახვილებენ კონსენსუსის არარსებობაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
მისი ამ ნათქვამიდან, რაც ფაქტობრივად მმართველი გუნდის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადების იდენტურია, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იკვეთება:
- ოპოზიციამ მმართველ გუნდს თავისი პოზიციები არ გააცნო;
- ეს იმიტომ გააკეთეს, რომ კონსენსუსის არ მიღწეულიყო;
- მიზეზი კი ის არის, რომ ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ძალიან კარგია და უბრალოდ ოპოზიციის ახირებაა, რომ ყველაფერი ნეგატიურად შეაფასოს.
- „კონსესუსის მისაღწევად დიალოგის დაწყებამდე ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს მისსავე მიერ შემოთავაზებული, კონსტიტუციის რეფორმირების ის პოლიტიკური მოცემულობა და წინაპირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ჩატარდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით;
- "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მზაობა უნდა განაცხადოს იმის თაობაზე, რომ საარჩევნო სისტემის უმნიშვნელოვანეს კომპონენტთან, ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ განაწილების წესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოლაპარაკების პროცესში ჩართულ სუბიექტებთან მიღწეული კონსესუსის შესაბამისად. რაც, არსებითად, „გაუნაწილებელი მანდატების“ სამართლიანად - პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის პროპორციულად გადანაწილებაში იქნება გამოხატული;
- საარჩევნო სისტემის ყველა სხვა კომპონენტთან დაკავშირებით (როგორებიცაა: საარჩევნო ბარიერი, საარჩევნო ბლოკები და სხვა), საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მზად ვართ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ სუფთა ფურცლიდან“, - აღნიშნულია ოპოზიციის მიერ 19 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს 11 პარტია აწერს.