2013 წლის 15 მაისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი გაბაშვილმა, განაცხადა: „გუშინ, ევრონიუსთან ინტერვიუში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა გარკვევით, მისთვის მისაღებია ის გზა, რა გზასაც ადგას სერბეთი კოსოვოსთან მიმართებაში[1]. თქვენ იცით, რომ ბრიუსელში გაფორმდა ხელშეკრულება, სერბეთსა და კოსოვოს შორის, რომელიც არ გამოდგება არა თუ პრეცედენტად, არამედ ამ მიმართულებით ფიქრიც კი დამღუპველი იქნება საქართველოსთვის, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. გუშინ შეკითხვა იყო პირდაპირ დასმული: „სერბეთის და კოსოვოს ურთიერთობა აისახება თუ არა თქვენს გეგმებზე?“ ბიძინა ივანიშვილმა თქვა: დიახ, ეს არის ჩვენთვის კარგი მაგალითი“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს გიორგი გაბაშვილის განცხადება, სადაც იგი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის მისაღებია ის გზა, რა გზასაც სერბეთი ადგას კოსოვოსთან მიმართებაში.
2008 წლის 18 თებერვალს, კოსოვოს ალბანურმა ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების მხარდაჭერით კოსოვოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
სახელმწიფოები, რომლებმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს, კოსოვოს შემთხვევის უნიკალურ ხასიათს უსვამენ ხაზს. აღსანიშნავია, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის განცხადება: „კოსოვოში დაფიქსირებულ ფაქტორთა უჩვეულო ერთიანობა, მათ შორის იუგოსლავიის დაშლის კონტექსტი, ისტორიულად დაფიქსირებული ეთნიკური წმენდა და დანაშაულებანი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, ასევე გაეროს ადმინისტრაციის გახანგრძლივებული პერიოდი, კოსოვოს გარდა აღმოჩენილი სხვაგან არსად არის. შესაბამისად, ეს მას განსაკუთრებულ შემთხვევად აქცევს. არ შეიძლება, რომ კოსოვო თანამედროვე მსოფლიოში არსებული რომელიმე შემთხვევის მიმართ პრეცედენტად იქნას მიჩნეული.“
2011 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 80-ზე მეტმა სახელმწიფომ კოსოვოს დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა.
2013 წლის 19 აპრილს, ბრიუსელში, ევროპის კავშირის შუამდგომლობით, სერბეთსა და კოსოვოს შორის რიგით მეათე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრები მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას ემსახურებოდა. ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სერბეთმა და კოსოვომ იმ დოკუმენტის პარაფირება მოახდინეს, რომელიც ბელგრადსა და პრიშტინას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის საფუძველი უნდა გახდეს.
ეს არის 15 პუნქტიანი დოკუმენტი, სადაც ბელგრადი მართალია, კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს, თუმცა კოსოვოს მთელ ტერიტორიაზე პრიშტინას სრულ იურისდიქციას აღიარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ისინი ერთმანეთს ევროპის კავშირისკენ სწრაფვის პროცესში ხელს არ შეუშლიან.
მოლაპარაკებათა მარათონის ასეთი შედეგით დასრულებას ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური წრეებიდან უაღრესად დადებითი შეფასებები მოჰყვა. სერბეთმა ევროკომისიასთან დადებული პირობა შეასრულა და ყოფილ ოლქთან ურთიერთობის ნორმალიზაციისაკენ ნაბიჯი გადადგა. ევროკომისიამ, როგორც პირობის ადრესატმა, პასუხი არ დააყოვნა და სერბეთს ევროკავშირის ქვეყნებთან რეკომენდაცია გაუწია. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, შტეფან ფულემ, ლუქსემბურგში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას განაცხადა: „დღეისათვის ჩვენი რეკომენდაცია ცხადია, საბოლოოდ ორივე, სერბეთიც და კოსოვოც, იმსახურებს ევროკავშირისკენ მოძრაობას“.
სერბეთ-კოსოვოს ზემოაღნიშნული ისტორიული შეთანხმება, როგორც ამას ევროპის ოფიციალური, თუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები უწოდებენ, "ევრონიუსის" ჟურნალისტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის დასმული კითხვის უმთავრესი კონტექსტი იყო.
2013 წლის 15 მაისს, ქართული სატელევიზიო საშუალებებით ბიძინა ივანიშვილის მიერ "ევრონიუსთან" ჩაწერილი ინტერვიუ გავრცელდა. ევრონიუსის ჟურნალისტის კითხვა ასე ჟღერდა: „სერბეთმა და კოსოვომ ბრიუსელში მოლაპარაკების პროცესი დაიწყეს და ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ განაცხადეს. არის, თუ არა, შესაძლებელი, რომ ამ მაგალითმა თბილისს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისაკენ უბიძგოს?“
დასმულ კითხვაზე პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა უპასუხა: "ეს ძალიან კარგი მაგალითია. მათ მიერ მიღწეული შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიო იცვლება და ადამიანები, რომლებსაც წარსულში არც თუ ისე წარმატებული ურთიერთობები ჰქონდათ, ახლა, საერთო ენაზე საუბრობენ. როგორღაც მოახერხეს შეთანხმებისათვის მიეღწიათ. ასე რომ, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ჩვენს ძმებთან ოსებთან, აფხაზებთან და რა თქმა უნდა, რუსებთან ურთიერთობის დასალაგებლად."
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის ამგვარ პასუხზე მოგვიანებით განმარტება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იგულისხმა, პრემიერმა, როდესაც საქართველოში კონფლიქტის დარეგულირების საუკეთესო მაგალითად კოსოვოსა და სერბეთის მაგალითი დაასახელა, ზურა აბაშიძემ უპასუხა: „საუკეთესო მაგალითიაო, არ უთქვამს. მიესალმა, სერბეთსა და კოსოვოს შორის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების პერსპექტივას და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.“
დასკვნა
როგორც ვხედავთ, „ევრონიუსის“ ჟურნალისტის კითხვის კონტექსტი სერბეთსა და კოსოვოს შორის მიერ მიღწეული უახლესი შეთანხმებაა, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი პასუხობს, რომ საქართველოსთან მიმართებით: „ეს ნამდვილად კარგი მაგალითია“. იცოდა, თუ არა პრემიერმა, სერბეთსა და კოსოვოს შორის მიღწეული შეთანხმების უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ასპექტები, ძნელი სათქმელია. თუმცა, მისი პასუხის მეორე ნაწილში ის არა შეთანხმების შინაარსობრივ მხარეზე, არამედ ფორმაზე საუბრობს (...“საერთო ენაზე საუბრობენ. როგორღაც მოახერხეს მიეღწიათ შეთანხმებისათვის...“) და სურვილს გამოთქვამს, რომ ოსებთან, აფხაზებთან და რუსებთან ურთიერთობების დასალაგებლად ყველაფერი ვიღონოთ.
დეპუტატ გიორგი გაბაშვილის განცხადება: „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა გარკვევით, მისთვის მისაღებია ის გზა, რა გზასაც ადგას სერბეთი კოსოვოსთან მიმართებაში“, მხოლოდ სერბეთსა და კოსოვოს შორის ბრიუსელში 2013 წლის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების პოლიტიკურ ასპექტებს გულისხმობს და პრემიერის პასუხის მეორე ნაწილს კონტექსტს მიღმა ტოვებს. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატ გიორგი გაბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
_________________________
[1] საქართველო არ ცნობს კოსოვოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა გარკვევით, მისთვის მისაღებია ის გზა, რა გზასაც ადგას სერბეთი კოსოვოსთან მიმართებაში“
22/06/2013
Yarı-doğru
açıqlama qismən dəqiqdir, lakin təfərrüatlar buraxılır və ya bəzi məsələlər kontekstdən kənardır