22 იანვარს, „რადიო თავისუფლების” პოდკასტში „2150" ტელეკომპანია „იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე იყო მოწვეული. „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი რუხაძის მიერ გაჟღერებული განცხადებების ნაწილის სიზუსტე გადაამოწმა.
განცხადება N1: 193 ქვეყანა არის მსოფლიოში, საქართველო მედია კუთხით არის წარმოუდგენლად თავისუფალი
ვერდიქტი: ტყუილი
„პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“, ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. რეიტინგი ქვეყანაში ჟურნალისტების დამოუკიდებლობასა და თავისუფლების ხარისხს და მათ მიმართ, ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულებას აფასებს. ყოველწლიური ანგარიში წინა წლის მდგომარეობას ასახავს.
პრესის თავისუფლების 2024 წლის მონაცემებით, საქართველოს რეიტინგი 180 ქვეყანას შორის, წინა წელთან შედარებით, 77-ე ადგილიდან 103-ე ადგილამდე გაუარესდა, ხოლო, ქულა 61.69-დან 53.05-მდე შემცირდა. ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მიხედვით, 40-დან 55 ქულამდე დიაპაზონი შეფასებულია როგორც „რთული“ და იგი მეორე ყველაზე უარესი კატეგორიაა 0-დან 40 ქულამდე დიაპაზონის შემდეგ.
ორგანიზაციის 2024 წლის ანგარიშის ანალიტიკური ნაწილის მიხედვით, საქართველოში ოფიციალური ჩარევები ხელს უშლის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. გარემო კვლავ მტრულია დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის მიმართ, იზრდება ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების რაოდენობა, ასევე მიმდინარეობს მცდელობა ისეთი კანონების მიღების, რომლებიც დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზაციას და თავისუფალი სიტყვის სივრცის შეზღუდვას ისახავს მიზნად. [1] ამრიგად, მტკიცება, თითქოს მსოფლიოს მასშტაბით საქართველოში მედია „წარმოუდგენლად თავისუფალია“, რეალობას არ ასახავს და არის ტყუილი. მეტიც, ინდექსში საქართველოს საუკეთესო მაჩვენებლები (70-85 დიაპაზონის) 2014-2021 წლებში ჰქონდა, რაც მომდევნო წლებში მკვეთრად გაუარესდა - 2022 წელს ქვეყანამ 59.3 ქულით 180 ქვეყანას შორის, 89-ე ადგილი, ხოლო, 2023 წელს 180 ქვეყანას შორის 61,69 ქულით 77-ე ადგილი დაიკავა. 2024 წლის ინდექსით კი, საქართველომ 103-ე ადგილითა და 53.05 ქულით ბოლო ათი წლის განმავლობაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა. ამ საკითხზე ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
განცხადება N2: მე ზუსტად იმ სამ პროცენტში ვარ, ვისაც უნდა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში შესვლა. არ ვიცი თქვენ იცით, თუ - არა NDI-ს კვლევებით, რამდენ პროცენტისთვისაა მნიშვნელოვანი ევროკავშირში შესვლა, მაგრამ იყო 2016 წელს - 3% და ახლა 7%
ვერდიქტი: მცდარი
ირაკლი რუხაძე თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ NDI-ის კვლევის მიხედვით მხოლოდ 7%-ს „უნდა“ („მნიშვნელოვნად მიიჩნევს“) საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ინტერპრეტაცია არასწორია, რადგან ის ეყრდნობა კვლევის იმ ნაწილს, რომელიც გამოკითხვის მონაწილეებს სთხოვს, ჩამოთვალონ „რომელი ეროვნული საკითხებია მათთვის და მათი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი“. ამ შეკითხვაზე გამოკითხულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მაქსიმუმ სამი პასუხი დაეფიქსირებინათ, და როგორც მოსალოდნელი იყო, მათ პრიორიტეტი მიანიჭეს ისეთ თემებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება მათ ყოველდღიურ ცხოვრებას: ფასების ზრდა/ინფლაციას, სამუშაო ადგილებს, სიღარიბეს, ტერიტორიულ მთლიანობას და სხვ.
ცხრილი1: საზოგადოების განწყობა საქართველოში 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგები
მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ საკითხებისთვის პრიორიტეტის მინიჭება არ ნიშნავს, რომ სხვა თემები, როგორიცაა ევროკავშირში გაწევრიანება, ადამიანის უფლებები, სამართლიანი არჩევნები თუ სხვა, გამოკითხულთათვის „მნიშვნელოვანი არ არის“ ან „არ სურთ“. მაგალითად, თუ რესპონდენტმა სამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს შორის დაასახელა სიღარიბე, სამუშაო ადგილები და ხელფასები, ეს არ გამორიცხავს მის მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების ან სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ.
ამავდროულად, იმავე კვლევის სხვა ნაწილში ნათლად ჩანს საქართველოს მოქალაქეების პოზიცია: 79% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც ადასტურებს, რომ ევროინტეგრაცია მოსახლეობის უმრავლესობის ურყევი ნებაა. ეს მონაცემი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გამოკითხვის პასუხები საკითხების პრიორიტეტულობაზე არ უნდა იყოს აღქმული როგორც ზოგადი პოზიციის გამოხატულება ქვეყნის ევროპულ მომავალზე.
ირაკლი რუხაძის განცხადება მანიპულაციურია, რადგან ის არასწორად იყენებს კვლევის მონაცემებს და ქმნის ცრუ შთაბეჭდილებას, თითქოს ევროკავშირის მიმართ საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა მხოლოდ 7%-ია. რეალურად, აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მხოლოდ იმ მოქალაქეების პრიორიტეტებს, რომლებიც მათთვის იმ მომენტში ყველაზე აქტუალურია და არ გამოხატავს მათი პოზიციების მთლიან სურათს. ამ კვლევის ამგვარი ინტერპრეტირება შესაძლებელი რომ იყოს, აღმოჩნდებოდა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მნიშვნელოვნად საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ 23% მიიჩნევს.
განცხადება N3: NDI-ის კვლევებში სასამართლო არ ამოდის ოც მნიშვნელოვან ადგილზე
ვერდიქტი: მცდარი
ირაკლი რუხაძის ეს მტკიცება კვლავ კვლევის იმ ნაწილს ეყრდნობა, სადაც გამოკითხულებს მათთვის და მათი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი უნდა დაესახელებინათ ( იხ. ცხრილი N 1 ). პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ რუხაძის მტკიცება, რომ თითქოს კვლევაში 20 საკითხს შორის სასამართლო სისტემა არ დასახელებულა, მცდარია. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სისტემას ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად გამოკითხულთა 3% ასახელებს.
განცხადების ავტორი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ სასამართლო სისტემა საზოგადოების პრობლემას არ წარმოადგენს. რეალურად, როგორც ზემოთ აღინიშნა, ისეთი საკითხებისთვის პრიორიტეტების მინიჭება, რომლებიც უფრო აქტუალურია ყოველდღიურ ცხოვრებაში (ფასების ზრდა, სიღარიბე, სამუშაო ადგილების სიმცირე თუ სხვა), არ ნიშნავს, რომ სხვა თემები, მაგ. სასამართლო სისტემა, მოქალაქისთვის უმნიშვნელოა ან სისტემაში პრობლემებს ვერ ხედავს.
აღსანიშნავია, რომ ამავე კითხვის ფარგლებში, ადამიანის უფლებები 10 ყველაზე პრიორიტეტულ საკითხს შორის აღმოჩნდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოქალაქეები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ სამართლიანობისა და უფლებრივი მდგომარეობის მნიშვნელობაზე და მის გაუმჯობესებას აღიქვამენ, როგორც მნიშვნელოვან კომპონენტს ქვეყნის განვითარებისათვის.
განცხადება N4: „ამერიკა მშვენიერი მაგალითია, სხვათა შორის, ის კანონი გამჭვირვალეობის, რომელიც ეხლა აღარავინ აღარ ლაპარაკობთ იმიტომ, რომ არ გავამართლეთ იმედები, რომ ყველას დავხურავდით და არავინ არ გამოიყენა ცუდად. ეს კანონები არსებობს სხვა ქვეყანაში“
ვერდიქტი: ტყუილი
ირაკლი რუხაძე ერთმანეთს აშშ-ში არსებულ FARA-სა (Foreign Agents Registration Act) და სხვა დასავლურ კანონებს საქართველოში მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ადარებს. რეალურად, საქართველოში მიღებული კანონი არსებითად განსხვავდება აშშ-სა და სხვა დასავლური სახელმწიფოების კანონმდებლობისგან. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ქართულ და დასავლურ კანონებს შორის ისაა, რომ ქართული კანონი უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად ორგანიზაციას პირდაპირ იმის საფუძველზე ასახელებს, რომ იგი უცხოური წყაროდან იღებს დაფინანსებას, რომელიც საკუთარი ბიუჯეტის 20%-ს შეადგენს. ამისგან განსხვავებით, დასავლური კანონები უცხო ძალის ინტერესების გამტარად ორგანიზაციებს თვლიან არა უცხოური თანხის მიღების ფაქტის გამო, არამედ მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ მისი აქტივობები უცხო ძალის ინტერესების გატარებას ემსახურება. რეალურად, ქართული კანონი, საკითხის გამოკვლევის გარეშე, იმის დადგენის გარეშე - ატარებს, თუ - არა ეს ორგანიზაცია უცხო ძალის ინტერესებს, ორგანიზაციას ასახელებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად.
ამერიკული FARA უცხო ქვეყნებიდან მომდინარე მავნე ზეგავლენისგან დასაცავად და საფრთხეების ასარიდებლად გამოიყენება, ხოლო ამისათვის ის ხელმძღვანელობს არა მხოლოდ ფულის აღების ფაქტით, არამედ კონკრეტული აქტივობით, რომელიც მესამე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდა. FARA-ს სამიზნე არა საზოგადოებრივი და მედია-ორგანიზაციების საქმიანობა, არამედ ის რისკებია, რომელიც მტრული სახელმწიფოებიდან შეიძლება მომდინარეობდეს (აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ახალი ზელანდიაში მოქმედი კანონმდებლობის შესახებ შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რადგან საქართველოში მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი არსებითად განსხვავდება დასავლური გამვჭვირვალობის კანონებისგან, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი რუხაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
განცხადება N5: პენსიები 2.5-ჯერ გაიზარდა
ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე
„პენსიები არის გაორმაგებულზე მეტი, ჩვენ როცა ვიყიდეთ ბანკი, იმასთან მიმართებაში პენსია ორნახევარჯერ არის გაზრდილი, რასაც იღებდნენ“.
2012 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ასაკობრივი პენსია 110-125 ლარს შეადგენდა, 2025 წლისთვის 350-450 ლარამდეა გაზრდილი. ამ პერიოდში სამომხმარებლო ფასები 66%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2012 წლის ფასებში დათვლით პენსია 211 და 272 ლარამდეა გაზრდილი, ანუ რეალურმა ზრდამ მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით 92% და 117% შეადგინა.
2012 წელს 110-ლარიან პენსიას 67 წლამდე პირები იღებდნენ, 67-დან ზემოთ 125-ს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ახალი ზღვარი 70 წელზე გადის. შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის პენსიონერთა რაოდენობის გათვალისწინებით, 2012 წლის ოქტომბერში საშუალო პენსია 121 ლარს შეადგენდა, 2025 წლის იანვარში 402 ლარს. ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ზრდა 121-დან 242 ლარამდეა, ან 201-დან 402 ლარამდე თუ მას 2025 წლის ფასებში დავითვლით.
გრაფიკი 1: ასაკობრივი პენსია ეროვნულ ვალუტაში
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ირაკლი რუხაძე ზოგადად „ქართულო ოცნების“ მმართველობას აფასებდა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნა: „ჩვენ როცა ვიყიდეთ ბანკი“, ირაკლი რუხაძე ლიბერთი ბანკის მთავარი აქციონერი 2017 წლის ოქტომბერში გახდა, იმ დროს ნომინალური პენსია 180 ლარს შეადგენდა. მას შემდეგ 2.5-ჯერ - 450 ლარამდე, მხოლოდ 70 წელს გადაცილებულ პირთა ნომინალური პენსია გაიზარდა და ამ ზრდაში არც ინფლაციის ეფექტია გათვალისწინებული და არც 70 წლამდე პირების პენსია.
პენსიების ზრდა 2013 წლიდან არ დაწყებულა. 2003 წელს პენსია 14 ლარს შეადგენდა, რაც 2012 წლის ფასებით 25 ლარს უდრიდა. ხოლო თუ პირიქით ვიანგარიშებთ, 2012 წლის 121 ლარი 2003 წლის 68 ლარის ეკვივალენტია. გამოდის, რომ 2004-2012 წლებში რეალური პენსია თითქმის 5-ჯერ გაიზარდა, 2013-2025 წლებში კი - ორჯერ.
გრაფიკი 1: ასაკობრივი პენსია ეროვნულ ვალუტაში
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
დამატებით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2004 წლამდე პენსიონერი პენსიას წელიწადში 12-ჯერ თითქმის ვერასდროს იღებდა და მისი პენსიის ნაწილი „იყინებოდა“ ამ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რეალური ზრდა 2004-2012 წლებში ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით, კიდევ უფრო მაღალი გამოდის.
სტატისტიკურად მეტ-ნაკლებად სწორი მონაცემებისა და რიგი ფაქტორების უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი რუხაძის განცხადების ეს ნაწილი შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.
განცხადება N6: ჩვენ ვართ ნომერი მეორე ქვეყანა მსოფლიოში მსოფლიო ბანკის მიხედვით, ზრდის ტემპებით წინა ხუთი წელი და შემდეგი ხუთი წელი - ათწლიანი ტემპით. 193 ქვეყანაში ვართ ნომერი მეორე ქვეყანა… ეკონომიკურ ზრდას ვგულისხმობ. ჩვენ გვაქვს 25000 დოლარი PPP
ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე
2024 წლის მონაცემები შესაჯამებელია. 2019-2023 წლებში საქართველოს ეკონომიკა 31%-ით გაიზარდა და ჯამური ზრდით მე-12 ადგილი დაიკავა. პირველ ადგილს 297%-იანი ზრდით გაიანა იკავებს. აქ ასტრონომიული ზრდის მიზეზი ნავთობსაბადოების აღმოჩენა გახდა.
მეორე ადგილზე 44%-იანი ზრდით ტაჯიკეთია. საქართველოს ასევე უსწრებს: რუანდა, ეთიოპია, ბანგლადეში, თურქმენეთი, ბენინი, ირლანდია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მონაკო და უზბეკეთი.
მიჩნეულია, რომ ეკონომიკურად დაბალგანვითარებულ ქვეყანას ზრდის მეტი პოტენციალი გააჩნია. ჩამოთვლილი ქვეყნების უმეტესობაშიც მშპ ერთ სულ მოსახლეზე უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოში, თუმცა ჯამური ზრდის ტემპით საქართველოს ძალიან მდიდარი მონაკო და ძალიან მდიდარი ირლანდიაც უსწრებს. ოცეულშია პლანეტის #2 ეკონომიკის მქონე ქვეყანა ჩინეთიც.
გრაფიკი 3: მშპ-ის ჯამური ზრდის ტემპი 2019-2023 წლებში [2]
წყარო: მსოფლიო ბანკი
სავალუტო ფონდის ცნობით, საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე PPP დათვლით 2023 წელ ნამდვილად 24 900 დოლარს გაუთანაბრდა, ხოლო 2024 წელს წინასწარი შეფასებით 27 300-ს მიაღწია.
გასული 5 წლის განმავლობაში იმ მონაცემებით, რაც უკვე დადასტურებულია, საქართველო ზრდის ტემპით მეორეზე არა, მაგრამ მეთორმეტე ადგილზე იმყოფება, ანუ სახელმწიფოთა უმრავლესობას ნამდვილად უსწრებს.
სტატისტიკურად მეტ-ნაკლებად სწორი მონაცემებია, თუმცა რიგი ფაქტორების უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი რუხაძის განცხადების ეს ნაწილი შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.
განცხადება N7: არჩევნები ჩავატარეთ ფანტასტიკურად
ვერდიქტი: მცდარი.
ინტერვიუში „ტვ-იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „ფანტასტიურად“ ჩაატარა.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ 2024 წლის 20 დეკემბერს გამოაქვეყნა.
სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის თანახმად, არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა, რაც უარყოფითად აისახა საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე და საზოგადოების ნდობაზე. ყურადღება გამახვილებულია ხმის ფარულობის კომპრომეტირების ხშირ შემთხვევებზე. კერძოდ, ხმის ფარულობის კომპრომეტირების სხვადასხვა ფორმის გათვალისწინებით, ჯამში დაკვირვების 30%-ზე მეტ შემთხვევაში ხმის ფარულობასთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველი მესამე ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლება, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით, უზრუნველყოფილი არ იყო.
ანგარიშში ყურადღება ასევე გამახვილებულია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის, ასევე მოწყვლადი ჯგუფების დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ სანდო ინფორმაციაზე, რამაც შეზღუდა არჩევანის თავისუფალი, შურისძიების შიშის გარეშე გაკეთების უფლება. ეუთო/ოდირის სტატისტიკის თანახმად, ხელისუფლების ზემოხსენებულ ქმედებებს პოტენციურად ჯამში 642,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მოხდენა შეეძლო.
დასკვნის სახით ეუთო/ოდირმა აღნიშნა, რომ დაკვირვების 1924 შემთხვევის 6%-ში, რაც მისივე შეფასებით, არსებითად დიდი რიცხვია, საარჩევნო „პროცესი უარყოფითად შეფასდა, ძირითადად ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის და დაშინების ნიშნების გამო, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თან ახლდა დაძაბულობა, არეულობა და ხალხმრავლობა“ (დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე).
საბოლოო ანგარიშთან ერთად გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ოუენ მერფი პირდაპირ აცხადებს, რომ „ანგარიშში ასახულმა მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა შეარყია“. მეტიც, ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ მის მიერ საარჩევნო პროცესის სრულყოფილი და მიუკერძოებელი შეფასება „ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს, არჩევნების ხარისხი თავად განსაჯონ“.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი რუხაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.
განცხადება N8: ორი ტელევიზია აქვს მოლდოვას, სახელმწიფო პირველი, სახელმწიფო მეორე
ვერდიქტი: მცდარი
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ პოდკასტის ერთ-ერთ ნაწილში, საქართველოში მედიის თავისუფლებაზეც ისაუბრა და მოლდოვაც ახსენა. მისი მტკიცებით, მოლდოვაში მხოლოდ ორი ტელევიზია არსებობს: (28:47-დან) „ორი ტელევიზია აქვს მოლდოვას, სახელმწიფო პირველი, სახელმწიფო მეორე“.
2025 წლის 24 იანვარს მოლდოვის აუდიოვიზუალურმა საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა მოლდოვის რესპუბლიკის იურისდიქციაში მყოფი მედიასერვისების მიმწოდებლების თავისუფალი სამაუწყებლო მედიასერვისების სია. სიაში 38 ტელეკომპანიაა, მათი უმრავლესობა კი კერძო საკუთრებაშია.
მოლდოვის აუდიოვიზუალური საბჭოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია რეგისტრირებული მედიასაშუალებების სია. ამ სიაში ისეთი ტელეკომპანიებიცაა, რომლებიც აღარ ფუნქციონირებს. აქ მოცემულია ინფორმაცია თითოეულ ტელეკომპანიასა და მათი მაუწყებლობის შესახებ. ჩვენ გადავამოწმეთ, იმ 38 ტელეარხს შორის, რომლებმაც 2025 წელს მაუწყებლობის უფლება მოიპოვეს, რამდენი იყო ახალი ამბების ტელეარხი, რომელსაც ეროვნული დაფარვა ჰქონდა. არხების „მოლდოვა 1“ და „მოლდოვა 2“ - ის გარდა სიაში კიდევ 16 ასეთი არხია.
საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში მოლდოვაში რამდენიმე ტელეკომპანიას ლიცენზია შეუჩერდა.
2022 წლის დეკემბერში მოლდოვას ხელისუფლებამ მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა 6 ტელეკომპანიას: First in Moldova, RTR Moldova, Accent TV, NTV Moldova, TV6 და Orhei TV. ლიცენზიის გაუქმების მიზეზი დეზინფორმაციის, უკრაინაში რუსეთის ომის არასწორი გაშუქებისა და „საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მცდელობების“ ბრალდება იყო. საგანგებო სიტუაციათა კომისიის განცხადებით, [3] გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ მოლდოვის აუდიოვიზუალური საბჭოს მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა „ეროვნული მოვლენების გაშუქებისას კორექტული ინფორმაციის ნაკლებობა, აგრეთვე ომის არასწორი გაშუქება უკრაინაში.“ ამავე დროს, ლიცენზიების შეჩერების მიზანი იყო „დეზინფორმაციის რისკების თავიდან აცილება და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მცდელობების პრევენცია.“ აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ტელევიზიებს ის რამდენიმე ფიზიკური და/ან იურიდიული პირი აკონტროლებდა, რომლებიც საერთაშორისო სანქციებს ექვემდებარებოდნენ.
შეჩერებული არხებიდან ოთხი — First in Moldova, RTR Moldova, NTV Moldova და TV6 — რეგულარულად გადასცემდა რუსეთის სატელევიზიო არხების პროგრამებს, რომლებიც ევროპული საბჭოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2022 წლის დეკემბერში მიღებული სანქციების მე-9 პაკეტის ფარგლებში აიკრძალა. ევროპული საბჭოს განცხადებით აღნიშნული რუსული მაუწყებლები რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტროლის ქვეშ იყვნენ.
2024 წლის 30 მაისს მოლდოვაში ეროვნული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის საბჭომ [4] სამ კომპანიას სამაუწყებლო ლიცენზიები გაუუქმა. ეს კომპანიები შემდეგ ტელეარხებს ფლობდნენ: Primul în Moldova, Accent TV, Orizont TV, Canal 2 და Canal 3. მოლდოვის მთავრობის პრესრელიზის თანახმად, ამ კომპანიებმა საბჭოს მოთხოვნა დაარღვიეს და დაფინანსებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია არ მიაწოდეს, კერძოდ, მათ მიაწოდეს ინფორმაცია მხოლოდ ერთი საბანკო ანგარიშის შესახებ, მაშინ, როცა ისინი სხვადასხვა ბანკში 5 და 8 სხვა ანგარიშსაც ფლობდნენ. თითოეულ შემთხვევაში გამოვლინდა პლახოტნიუკ-შორის ჯგუფის კუთვნილების დამადასტურებელი გარიგებები.
[1] ანგარიში აღწერს 2023 წლის ვითარებას. მასში კრიტიკულად არის შეფასებული ხელისუფლების მკაფიო მიზანი გააკონტროლოს დამოუკიდებელი რადიოსადგურები და ტელევიზია, ელექტრონული კომუნიკაციებისა და „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტით.
[2] გრაფიკზე არ არის გაიანა, ამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა ნავთობის მოპოვების დაწყებას უკავშირდება და მისი ზრდის მასშტაბი სხვა სახელმწიფოებთან შესადარებლად არარელევანტურია
[3] საგანგებო სიტუაციათა კომისიას მოლდოვას რესპუბლიკაში 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნია, რაც ეფუძნება უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებას.
[4] საბჭო უზრუნველყოფს მთავრობასა და ბიზნეს გარემოს შორის პირდაპირ დიალოგს, მონაწილეობას იღებს საინვესტიციო პოლიტიკისა და საკანონმდებლო ჩარჩოების გაუმჯობესებაში და სთავაზობს ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იმ შეზღუდვების აღმოსაფხვრელად, რომლებზეც ინვესტორები წუხან, რათა განახორციელონ სტრატეგიული ეკონომიკური პროექტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ეკონომიკურ ზრდაზე.