2012 წლის შემდეგ 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი, 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი და 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი

ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი, 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი და 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგი გამართა, სადაც საქართველოში მიმდინარე რთვლის შესახებ ისაუბრა და ამ მიმართულებით წინა მთავრობის დროს დაფიქსირებული შედეგები მიმდინარეს შეადარა და აღნიშნა: „2012 წლის შემდეგ 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი, 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი და 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი, შარშან ღვინის ექსპორტიდან 259 მლნ რეკორდული შემოსავალი მიიღო, 2012 წელს იგივე შემოსავალი 71.5 მლნ ლარს შეადგენდა“.

რადგან განცხადება სამი სხვადასხვა ნაწილისგან შედგება, თითოეული ცალ-ცალკე განვიხილოთ.

2012 წლის შემდეგ 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი

ვენახების ფართობი 2007-2010 წლებში მართლაც შემცირდა. ამ პერიოდში, მაშინდელი მთავრობა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ჰიბრიდული ჯიშის ვაზის“ ჩანაცვლების პროგრამას ახორციელებდა, რომლის ფარგლებში, 2007-2008 წლებში, ფერმერი ერთი ჰექტარი ვაზის გაჩეხისთვის საკომპენსაციოდ 2000 ლარს იღებდა, ხოლო 2009-2010 წლებში ეს თანხა 100 ლარამდე შემცირდა. ამ პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან ჯამში 1.6 მლნ ლარი დაიხარჯა და სულ 924 ჰა ვაზი გაიჩეხა.

„ჰიბრიდული ჯიშის ვაზის ჩანაცვლების პროგრამას“ მაშინდელი „სამტრესტი“ (ახლანდელი „ღვინის ეროვნული სააგენტო“) ახორციელებდა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, პროგრამის განხორციელების აუცილებლობა განსაკუთრებით თვალსაჩინო რუსეთის მიერ ქართულ საკვებ პროდუქტებზე გამოცხადებული ემბარგოს შემდეგ გახდა. რუსეთში ღვინო აღარ გადიოდა, შესაბამისად, ღვინის ქარხნები ხარისხიანი ღვინის წარმოებაზე გახდნენ ორიენტირებულნი და ჰიბრიდული ჯიშის ყურძენს აღარ იბარებდნენ და, ამასთანავე, მისი საღვინედ გამოყენება კანონმდებლობითაც აკრძალულია. „ქართული ოცნება“ ხშირად აპელირებს, რომ „ნაციონალებმა“ ვაზი გაჩეხეს. სინამდვილეში, აღნიშნული პროგრამა ჰიბრიდული - საღვინედ უხარისხო ჯიშის ჩანაცვლებას გულისხმობდა.

გარდა აღნიშნული პროგრამისა, ყურძენზე მოთხოვნა რუსულმა ემბარგომაც შეამცირა. აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ ჭარბი ვენახები თავადაც გაჩეხა. სწორედ ამ ქმედებებმა განაპირობა, რომ 2004-2014 წლის პერიოდში, საქართველოში ვაზის ფართობი 4 ათასი ჰექტრით, 37 ათასიდან 33 ათასამდე შემცირდა (აქედან თითქმის 1000 ჰექტარი დასახელებული პროგრამის ფარგლებში გაიჩეხა).2020წლის მონაცემებით, ვაზი უკვე 41.2 ათას ჰექტარზე იყო გაშენებული, რაც ისევ და ისევ ქართულ ალკოჰოლურ სასმელზე რუსული ემბარგოს გაუქმებით (2013 წელი) იყო განპირობებული. ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე კვლავ შევიდა და, შესაბამისად, ყურძენზე მოთხოვნა გაიზარდა და მოსახლეობამ ვენახების გაშენება ისევ დაიწყო. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ პირობებში (2020 წლის მონაცემი, საქსტატს უფრო ახალი მონაცემი არ უდევს) ვაზის რაოდენობა დაახლოებით 8 ათასი ჰექტრით გაიზარდა, რაც 25%-იანი ზრდაა. თუმცა, როგორ აღვნიშნეთ, ეს 2020 წლის მონაცემია. პრემიერის მიერ დასახელებული 70%-იანი ზრდა, სავარაუდოდ, 2023 წლის მონაცემს გულისხმობს. რადგან ჩვენ ეს მონაცემი არ გვაქვს, განცხადების ამ ნაწილს ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.

5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი

საქსტატის მონაცემის მიხედვით, 2012 წელს ყურძნის მოსავალმა 144 ათასი ტონა შეადგინა, აქედან 52 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა. 2023 წელს კი - წარმოება და გადამუშავება თითქმის იდენტური იყო და 221 000 ტონა ყურძენი იქნა გადამუშავებული. შესაბამისად, 2012 წელთან შედარებით ყურძნის გადამუშავება 4.3-ჯერ არის გაზრდილი. პრემიერი მონაცემს მცირედი გადაჭარბებით ასახელებს.

ყურძნის წარმოების და გადამუშავების ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

გრაფიკი 1: ყურძნის წარმოება, გადამუშავება 2012-2023 წლებში (ათასი ტონა)


წყარო: საქსტატი

მონაცემების მიხედვით, როგორც მოსავლიანობის, ისე გადამუშავების მხრივ, რეკორდული 2020 წელი იყო.

განხილულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პრემიერის განცხადების ეს ნაწილი არის სიმართლე.

4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველოდან 259 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 89,509.89 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა. 2012 წელს იმავე მონაცემმა 70 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (20, 211.53 ტონა). როგორც ვხედავთ, 2023 წელს, 2012 წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 3.7-ჯერ - 73%-ით არის გაზრდილი. თუ რაოდენობრივ მაჩვენებელს ავიღებთ, ამ შემთხვევაში, 4.4-ჯერ - 78%-ით ზრდა ფიქსირდება. შესაბამისად, პრემიერი თითქმის ზუსტ მონაცემებს ასახელებს.

თუმცა თუ 2023 წლის მაჩვენებელს წინა წლისას შევადარებთ, ვნახავთ, რომ ზრდამ თანხობრივად 3% შეადგინა, რაოდენობრივი მაჩვენებელი კი 12%-ით არის შემცირებული.

ცხრილი1: ქართული ღვინის ექსპორტი (მლნ აშშ დოლარი, მლნ ბოთლი)


წყარო: საქსტატი

ასევე აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის ძირითად საექსპორტო ბაზრად დღემდე რუსეთი რჩება. 2023 წელს რუსეთში 168 მლნ დოლარის ღირებულების 62,282.75 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2022 წლის მონაცემს - 161 მლნ აშშ დოლარს (69,905.6 ტონა ), 4.3%-ით აღემატება, რაოდენობრივ ჭრილში რუსეთის შემთხვევაშიც შემცირება ფიქსირდება - 11%-ით. აღნიშნული იმის მაჩვენებელია, რომ ღვინის საექსპორტო ფასი რუსეთის ბაზარზეც გაიზარდა.

თუ ჩვენთვის საინტერესო 2012 წელს ავიღებთ, ამ წელს რუსეთში 22 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 0.37 ტონა ღვინო იქნა გატანილი. შესაბამისად, 2023 წელს ეს მონაცემიც თანხობრივად 7.5-ჯერ არის გაზრდილი, რაოდენობრივად კი - 168-ჯერ. თუმცა აღნიშნული მონაცემების შედარება არარელევანტურია, რადგან 2006-2013 წლის ივნისამდე ქართულ პროდუქტზე, მათ შორის ღვინოზეც, რუსეთს ემბარგო ჰქონდა დაწესებული.

2012 წელს რუსეთის წილი ღვინის მთლიან ექსპორტში 34% იყო, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ემბარგოს გაუქმებისთანავე გაიზარდა და უკვე ბოლო წლებია, სტაბილურად 50%-ს აღემატება (იხ. სტატია).

ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება უნდა იყოს. ქართული ღვინის ექსპორტზე დაკვირვება კი საპირისპიროს ამტკიცებს, რუსეთზე დამოკიდებულებას კი არ ვამცირებთ, პირიქით, ვზრდით. რუსეთის არასტაბილურ და არაპროგნოზირებად ბაზარზე დამოკიდებულების ზრდა კი, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყანას არც ეკონომიკურ და არც პოლიტიკურ სარგებელს არ მოუტანს.

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელთან შედარებით, 2023 წელს გაზრდილ ღვინის ექსპორტის მონაცემებს პრემიერი სწორად ასახელებს, თუმცა ყურადღების მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ 2023 წელს ღვინის ექსპორტის თანხობრივ ზრდასთან ერთად რაოდენობრივი კლებაც დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ პრემიერის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.