3 ნოემბერს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა: „2017 წლის 9 თვეში საქონლის ექსპორტი 28.3%-ით გაიზარდა“.
ფაქტ-მეტრმა დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება გადაამოწმა.
საქსტატის
მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქონლის ექსპორტმა 1 940 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 28.3%-ით მეტია.
9 თვის მონაცემებით, ექსპორტის მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებთან 18.9%-ით, ხოლო დსთ-ის ქვეყნებთან 59%-ით გაიზარდა.
ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 23.8%-ია, ეს მაჩვენებელი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში 25.7% იყო. დსთ-ის ქვეყნების წილი კი მთლიან ექსპორტში 32.7%-დან (2016 წლის 9 თვის მაჩვენებლი) 40.5%-მდე გაიზარდა.
ცხრილი 1: 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის მიხედვით უმსხვილესი სავაჭრო ქვეყნების ათეული
ქვეყანა |
პროცენტული წილი მთლიან ექსპორტში |
რუსეთი |
14.1 |
აზერბაიჯანი |
8.6 |
თურქეთი |
8.5 |
ჩინეთი |
8.3 |
სომხეთი |
7.6 |
ბულგარეთი |
6.5 |
აშშ |
5 |
უკრაინა |
3.7 |
იტალია |
2.4 |
გერმანია |
1.5 |
ცხრილი 2: 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეული
სასაქონლო ჯგუფი |
ექსპორტის მოცულობა (ათასი აშშ დოლარი) |
პროცენტული წილი მთლიან ექსპორტში |
სპილენძის მადნები და კონცენტრატები |
309 719 |
16 |
ფეროშენადნობები |
237 246 |
12.2 |
მსუბუქი ავტომობილები |
149 366 |
7.7 |
ღვინოები |
116 046 |
6 |
სამკურნალო საშუალებები |
99 870 |
5.1 |
სპირტიანი სასმელები |
80 594 |
4.2 |
მინერალური წყლები |
67 711 |
3.5 |
აზოტოვანი სასუქები |
55 580 |
2.9 |
ოქრო (დაუმუშავებული და ნახევრადდამუშავებული) |
53 408 |
2.8 |
თხილი და სხვა კაკალი |
50 512 |
2.6 |
2016 წლის 9 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასაქონლო ჯგუფების ათეულში ყველაზე მეტად - 97%-ით, ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა. ყველაზე მეტად კი თხილის ექსპორტი შემცირდა - 56%-ით.
აღსანიშნავია, რომ საქსტატმა უკვე გამოქავეყნა საგარეო ვაჭრობის იანვარ-ოქტომბრის წინასწარი
მონაცემები. მიმდინარე წლის 10 თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12.7%-ით გაიზარდა. ექსპორტის მოცულობამ 2 203 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 29.4%-ით აღემატება.
მართალია 2017 წელს ექსპორტის მხრივ დადებითი ტენდენცია გვაქვს, თუმცა 2014-2016 წლებში საქართველოს ექსპორტი ყოველწლიურად მცირდებოდა. ექსპორტის შემცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (-22.9%) 2015 წელს დაფიქსირდა.
გრაფიკი 1: ექსპორტის მაჩვენებლის ცვლილება წინა წლებთან შედარებით (%)
წყარო: საქსტატი
დასკვნა
2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.3%-ით გაიზარდა. ექსპორტის მოცულობის ზრდა ოქტომბერშიც გაგრძელდა, 2017 წლის 10 თვეში ექსპორტის მოცულობა 29.4%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ გასული სამი წლის განმავლობაში (2014-2016 წლებში) საქართველოს ექსპორტი ყოველწლიურად მცირდებოდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება 2017 წელს ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით არის
სიმართლე.