"თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე და შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და გადავიდეთ პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებზე".
ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელიც ამავე დროს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა. კომისია კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობს, სადაც ცვლილებები არაერთი მიმართულებებით უნდა შევიდეს. ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება 4 მარტს, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გააკეთა. შესაბამისად, განცხადება ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციად ითვლება და ეს არ წამოადგენს ერთი კონკრეტული პირის პოზიციას, თუ „ემოციურ განცხადებას“, როგორც ამას მისი თანაგუნდელები უწოდებენ.
განცხადების შინაარსი - რა თქვა კობახიძემ?
წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ ეს განცხადება კობახიძეს არ გაუკეთებია, საერთოდაც, საქართველოში არ თქმულა. გვაქვს განცხადება, არ ვიცით მთქმელის ვინაობა, უბრალოდ ვიცით, რომ ეს ადამიანი რომელიღაც ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა, განცხადებას კი კომისიის სხდომაზე აკეთებს. გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეს ნათქვამი. ამის შემდეგ, უფრო ადვილად მოვახდენთ ქვეყნის დეფინიციას.
ნათქვამიდან ირკვევა, რომ
- მთქმელი ქვეყნის პრეზიდენტზეა გაბრაზებული, რომელიღაც კონკრეტული განცხადების გამო;
- მთქმელს არ მოსწონს პრეზიდენტი, არ არის „მისიანი“, რადგან „მისიანებისთვის“ მოსაწონ განცხადებებს არ აკეთებს;
- თუ პრეზიდენტი ასე გააგრძელებს, ანუ ისევ გააკეთებს „მისიანებისთვის“ არმოსაწონ განცხადებებს, მაშინ პრეზიდენტი უნდა დაისაჯოს;
- სასჯელის ფორმა არის კონკრეტული ნორმის ადრე ამოქმედება;
- ეს ნორმა, რომელიც ახლა ან მერე ამოქმედდება, არის სადამსჯელო ზომა, ანუ ცუდი რამ.