სამცხე-ჯავახეთში გადაიარაღდა და გაფართოვდა 52 საწარმო, ამოქმედდა 7 ახალი საწარმო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,

„მარტო სამცხე-ჯავახეთში გადაიარაღდა და გაფართოვდა 52 საწარმო, ამოქმედდა 7 ახალი საწარმო. ჩვენ ძირითადად დავაფინანსეთ რძის გადამამუშავებელი, მესაქონლეობის, სასათბურე და შესანახი მეურნეობები. დღეს უკვე ზოგიერთი ეს საწარმო იმდენად მაღალი ხარისხის პროდუქციას უშვებს, რომ მათი ნაწარმი არა მარტო ჩვენში, არამედ უცხოეთშიც გადის და ღირსეულ კონკურენციას უწევს იქაურ პროდუქციას“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოდან 2012-2016 წლებში გახნილი, გადაიარაღებული და გაფართოებული საწარმოების სია გამოვითხოვეთ.

რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 2012-2016 წლებში სამცხე-ჯავახეთში 7 საწარმო გაიხსნა. აქედან, 2 - ახალქალაქში, თითო - ასპინძასა და ბორჯომში, სამი კი ახალციხეში. ამ საწარმოებიდან ოთხი  რძის გადამამუშაველია, ერთი მეცხოველეობის ფერმაა, ერთი მეფრინველეობის საწარმო ერთი კი პროდუქციის შესანახი საწყობია.

ამავე წლებში სამცხე-ჯავახეთში 52 საწარმო გადაიარაღდა და გაფართოვდა. ამათგან, 9 - 2013 წელს, 23 - 2014 წელს და 17 - 2015 წელს. აღნიშნული 52 საწარმოდან 2 ადიგენშია, 4 ასპინძაში, 10 ახალქალაქში, 7 ახალციხეში, 4 ბორჯომში, 26 კი ნინოწმინდაში. საწარმოების უმეტესობა - 34, მესაქონლეობის ფერმებია. ასევე, გადაიარაღდა და გაფართოვდა 9 რძის გადამამუშევებელი საწარმო, 3 თევზსაშენი მეურნეობა, 3 პროდუქციის შესანახი საწყობი, ერთი სასათბურე მეურნეობა, სასაკლაო და მემცენარეობის დარგის საწარმო.

ფაქტ-მეტრმა ზოგიერთი საწარმო ადგილზე მოინახულა და მათ მფლობელებს ესაუბრა.

შპს "მესხეთის მეფრინველეობა" ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში 2015 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა. საწარმოში ამ ეტაპზე 18 ადამიანია დასაქმებული. კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამით ორ წელიწადში ორჯერ ისარგებლა.

„ყოველდღე 25 ათას კვერცხს ვაწარმოებთ, რომელიც რეგიონში ვრცელდება. იაფი კრედიტის ფარგლებში პირველად 2015 წლის აგვისტოში, მეორედ კი 2016 წლის ივლისში ვისარგებლეთ. აგვისტოში წარმოება გავაფართოვეთ“, - ამბობს შპს "მესხეთის მეფრინველეობის" დირექტორი დავით ათუნაშვილი.

საწარმოში 230 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მეფრინველეობის ფერმამ 230 ათასი ლარით ისარგებლა.

საწარმო „ჯორჯიან ბიზნეს ზონ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში 2008 წელს დაარსდა. მისი ხელმძღვანელის, ნინო ზამბახიძის თქმით, "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში მიღებული კრედიტით საწარმო 2014 წელს გაფართოვდა.

„ორი საწარმო გავაკეთეთ - ხილის და ბოსტნეულის შესანახი მაცივრები და ფერმა. 45 ადამიანი გვყავს დასაქმებული. საქმიანობის დაწყებიდან დღემდე 2 მილიონი არის დახარჯული. 600 ათასი ლარის შეღავათიანი კრედიტით ვისარგებლეთ“, - აცხადებს „ჯორჯიან ბიზნეს ზონის“ ხელმძღვანელი.

დასკვნა

როგორც გაირკვა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სამცხე-ჯავახეთში 2012 წლიდან დღემდე 7 საწარმო ნამდვილად გაიხსნა, ხოლო 52 გადაიარაღდა და გაფართოვდა.

შესაბამისად, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის  სიმართლე.