წარმოგიდგენთ ინტერვიუებს „ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ თბილისის მაჟორიტარობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც ჩვენს კითხვებს უპასუხეს.
ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე
რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?
ვაკეში ვცხოვრობ ამჟამად, თუმცა რეალურად მნიშვნელობა არ ქონდა ვაკეში ვიყრიდი კენჭს, ჩუღურეთში, სადაც გავიზარდე თუ ჩხოროწყუში, სადაც ჩემი წინაპრების ფესვებია. თუ კი ხარ სერიოზული პოლიტიკოსი და პარტია მთავარია, რომ დაარწმუნო ამომრჩეველი, თუ რატომ უნდა მოგცეს ხმა, არ აქვს მნიშვნელობა სად იყრი კენჭს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და ჩემთვის ყველაზე ჰომოგენური გარემო აღმოჩნდა ვაკე. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ აქ მეყარა კენჭი. მესამე მაჟორიტარულ არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას, პირველად ვიყარე კენჭი 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, შემდეგ 2012 წელს ჩუღურეთის მაჟორიტარად და წელს ვაკეში ვიყრი კენჭს. არასდროს არ შემიწყვეტია ჩემს ამომრჩეველთან კომუნიკაცია და ასე ვაპირებ შემდეგშიც.
ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?
მე ძალიან სერიოზულად ვუდგები ამ საკითხს და კვლევაც გავაკეთე, სადაც გამოვლინდა ვაკის მოსახლეობის მთავარი პრობლემები და ესენია: ჰაერის დაბინძურება - ეკოლოგიური პრობლემები, ინფრასტრუქტურული პრობლემები. ასევე პრობლემებია ტროტუარების და მანქანების სამოძრაო არეალთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დიდი პრობლემაა სატრანსპორტო საშუალებებით ჩქარი მოძრაობა და ამიტომ მე ხვალვე ვაპირებ შევიტანო განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რათა რადარები დამონტაჟდეს ბარნოვზე, აბაშიძეზე, ჭავჭავაძეზე და ფალიაშვილზე. ვაკის რაიონს ეკუთვნის ასევე წყნეთი და იქ ცხოვრობს დაახლოებით 5 ათასამდე დევნილი და მათ აქვთ მიწების დაკანონების პრობლემა. მათ დაკანონებული აქვთ მხოლოდ საცხოვრებელი ფართები.
რა არის თქვენი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.
ჩემი წინასაარჩევნო დაპირება ამომრჩევლისთვის არის შემდეგი:
- ჩვენი ევროპული მომავალი - რისთვისაც მე აქამდეც ვიბრძოდი და შემდეგშიც ამ კუთხით ვიმუშავებ;
- ევროპული განათლების შემოტანა - რადგან განათლება სერიოზული გამოწვევა ქვეყნისთვის;
- კ2 კოეფიციენტის შეზღუდვა, რათა მეტად აღარ გაიზარდოს ეს მაჩვენებელი;
- დევნილებისთვის (ადგილნაცვალ პირებისთვის) მიწების დაკანონება.