საქართველოს მთავრობა ბიუჯეტიდან ანტიდასავლურ მედიასაშუალებებს აფინანსებს
"

ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, "საქართველოს მთავრობა ბიუჯეტიდან ანტიდასავლურ, პრორუსულ მედიას აფინანსებს. ეს, სულ ცოტა ხნის წინ, ევროსაბჭოს რასიზმისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კომისიამ დაადასტურა".

გადაცემა "არჩევანში" ამ თემაზე "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთმა წევრმა, გიგა ბოკერიამაც ისაუბრა. "გადასახადების გადამხდელთა ფულსაც უხდიან, სწორედ იმ ჯგუფებსა და გამოცემებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მტრები არიან. ამაზე ყურს არ იბერტყავს არც ახალი პრემიერი, რომელსაც  საპარლამენტო მოსმენისას მივმართეთ. ეს პროცესი გრძელდება" - განაცხადა

ბოკერიამ.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.

მიმდინარე წლის 1 მარტს საქართველოს შესახებ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) მეხუთე ანგარიში

 გამოქვეყნდა. ანგარიში 2012 წლის ნოემბრიდან 2015 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშში საუბარია სამინისტროებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისაგან სარეკლამო კონტრაქტებისა და სხვა ხელშეკრულებათა სახით იმ მედიასაშუალებების დაფინანსებაზე, რომლებიც აღვივებენ სიძულვილის ენას. წყაროდ "მედიის განვითარების ფონდის (MDF)" კვლევაა მოყვანილი, რომლის თანახმადაც "2013-14 წლებში სამინისტროებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისაგან სარეკლამო კონტრაქტებისა და სხვა ხელშეკრულებების სახით მედიაკავშირმა "ობიექტივმა" სულ მცირე 25 000 აშშ დოლარი, ხოლო გაზეთებმა "ალიამ" და "კვირის ქრონიკამ" ერთად დაახლოებით 20 000 აშშ დოლარამდე დაფინანსება მიიღეს". სიძულვილის ენის გამომხატველ მედიასაშუალებებად დასახელებულია გაზეთები: "კვირის ქრონიკა", "ალია", ასევე ტელეარხი "ობიექტივი".

ECRI -ის რეკომენდაციაა: "ხელისუფლებამ გადახედოს მის კონტრაქტებს მედიასაშუალებებთან და გააუქმოს, ან განაახლოს ისინი, თუ მედია შეიმჩნევა რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ სიძულვილის ენის გამოვლენაში. ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ მომავალი კონტრაქტები შეიცავდნენ დათქმას კონტრაქტის გაუქმების შესახებ, თუკი მედიაში გამოვლინდება რასისტული ან ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენა".

2015 წელს "მედიის განვითარების ფონდმა (MDF)" გამოაქვეყნა ანგარიში

 - "საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების გამავრცელებელ მედიაში". კვლევის თანახმად, 2013-2014 წლებში საბიუჯეტო სახსრებიდან სარეკლამო კონტრაქტების სახით დაფინანსება მიიღეს მედიასაშუალებებმა, რომლებიც სიძულვილის ენით, ქსენოფობიით, ჰომოფობიითა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებით გამოირჩევიან.

ცხრილი 1:

საბიუჯეტო დაფინანსება სიძულვილის ენის გამომხატველ და ანტიდასავლურ მედიასაშუალებებში

მედიასაშუალება თანხა (ლარი)
ობიექტივი 52 167
საქართველოს რესპუბლიკა 63 923
ალია და კვირის ქრონიკა (ერთად) 48 650
ასავალ-დასავალი 1 200

აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ესტონელმა დეპუტატმა დანანდრეს ხერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შემდეგი კითხვა დაუსვა: "საქართველოში, მედია გარემოზე რუსეთის ძლიერი გავლენაა. სამწუხაროდ,  ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ გარკვეული ქსენოფობიური მედიასაშუალებები მთავრობის მხარდაჭერას იღებენ სარეკლამო კონტრაქტების გზით. რის გაკეთებას აპირებთ ამ ტენდენციის შესაჩერებლად"? აღნიშნული კითხვის პასუხად გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: "მე ვერ ვიტყოდი, რომ ქსენოფობიური მედია ფინანსდება. ეს, ალბათ, ოპოზიციის ზოგიერთი წევრის აღქმაა. შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიციური ტელეკომპანიები ფინანსდებიან უფრო ინტენსიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჩვენ ვერ ვბლოკავთ რომელიმე მედიასაშუალებას, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ არჩევანის გაკეთება და ეს არჩევანი პროევროპული მედიის სასარგებლოდ კეთდება".

აპირებს თუ არა ხელისუფლება, შეუწყვიტოს საბიუჯეტო დაფინანსება (სარეკლამო კონტრაქტები და სხვა ხელშეკრულებები) ანტიდასავლურ და სიძულვილის ენის გამომხატველ მედიასაშუალებებს, ამ კითხვით ჩვენ პრემიერ-მინისტრს ოფიციალურად მივმართეთ. პასუხის მიღებისა თუ მიუღებლობის შემთხვევაში, ჩვენ ამ თემას კვლავ მივუბრუნდებით.

  დასკვნა

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ სიძულვილის ენის მატარებელი მედიასაშუალებები სამინისტროებისა და სახელმწიფო სტრუქტურებისაგან სარეკლამო კონტრაქტებისა და სხვა ხელშეკრულებათა სახით დაფინანსებას იღებენ. კომისიის რეკომენდაციაა, ხელისუფლებამ გადახედოს მის კონტრაქტებს მედიასაშუალებებთან. კომისია "მედიის განვითარების ფონდის კვლევას" ეყრდნობა, რომელიც თავის მხრივ ადასტურებს, რომ 2013-2014 წლებში საბიუჯეტო სახსრებიდან სარეკლამო კონტრაქტების სახით ანტიდასავლური რიტორიკის და სიძულვილის ენის მატარებელმა მედიასაშუალებებმა დაფინანსება მიიღეს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კანდელაკის განცხადება არის სიმართლე.